ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შაჰინი და რიში: პოლიტიკური დევნა და დაკავებები უნდა დასრულდეს


საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე და განვითარებულ მოვლენებზე ერთიან განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი. მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.

“ღრმად გვაშფოთებს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს იმსახურებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბევრჯერ წამოვწიეთ წინ პოლიტიკური დევნის პრობლემა. მაშინ როცა გვახარებს ის, რომ ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავება გაუქმდა, მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არასდროს არ უნდა მოხდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციაზე იზრუნოს. იმედი გვაქვს, ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება“, - ნათქვამია სენატორების ერთიან განცხადებაში.

დღეს მომხდარს ასევე გამოეხმაურა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ჯერი კონოლი. კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც არის. მან მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გამოსვლაა საჭირო.

ღრმად მწამს, რომ ჯანსაღი დემოკრატია არის საქართველოს პოტენციალის სრულად გამოვლენის ერთადერთი გზა. სამწუხაროდ, უკანასკნელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში არსებული სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას ხელს უშლის”, - თქვა მან.

კონოლიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის პოლიტიკური ჩიხის დაძლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სულ რაღაც 10 დღის წინ, კონგრესში დავარეგისტრირე საქართველოს მხარდაჭერის აქტი. კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით - რუსული აგრესიის პირობებში. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის და პასუხისმგებლიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის. გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის დაძლევა საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგისა და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ნდობის წარმოშობისათვის საჭირო პირობების შექმნით“, - ნათქვამია დემოკრატი კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგანხსენებთ, რომ 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ, მოხდა პოლიციის მობილიზება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან. გადაწვეტილების აღსრულების ფარგლებში, იგეგმებოდა მელიას დაკავება. თუმცა პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიცია აცხადებდა, რომ სამართალდამცავებს ამის საშუალებას არ მისცემდა.

18 თებერვალს, გამთენიას კი, კრიზისის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადდა, რომ მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე "ქართული ოცნების" გუნდთან უთანხმოების გამო, მან თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG