ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იან კელი: სტატუს კვო უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისთვის შედეგები მძიმე იქნება


შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი

„მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება - ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ“, აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს ელჩი კელი „მიმდინარე პოლარიზაციას“ და „დიალოგის ნაკლებობას“ უკავშირებს. მას მიაჩნია, რომ „ორივე მხარემ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით 45 პროცენტი და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი. არავინ უნდა მოიმოქმედოს არაფერი ისეთი, რაც დააყოვნებს ან დააზიანებს ამ დიალოგს“.

მისი თქმით, „ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოინახოს. სტატუს კვო, ერთპარტიული პარლამდენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს“.

კელი თვლის, რომ მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მისი აზრით, შედეგები შეიძლება ქვეყნისთვის სავალალო იყოს.

„ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ -- დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები დაივიწყოს, თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი და ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება. შედეგები ყველასთვის ძალიან დიდია. როგორც მთავრობამ, ასევე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიონ, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ ერთად და მონახონ გამოსავალი“.

მთავრობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იან კელი ამბობს, რომ ვითარების განმუხტვაში ოპოზიციასაც აქვს როლი. „საქართველო გზაჯვარედნზეა. ქვეყანას შეუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს ისეთი არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო“, ამბობს ის.

იან კელისთან ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ ნახოთ შაბათს, „ტვ პირველის“ ეთერში საღამოს 5:30ზე, „ამერიკის ხმის“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან.“

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG