ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კრიზისი და დეესკალაციის მოლოდინი


თბილისი, საქართველო / 22 იანვარი / ფოტო: მოძრაობა გაბედე

ნაციონალური მოძრაობის ოფისში მორიგეობა გრძელდება. ეს გულისხმობს ადამიანების გარკვეული რაოდენობის მუდმივად ყოფნას შენობაში. ამ მიზნით, საგანგებოდ შედგენილი გრაფიკიც არსებობს. როტაციის პრინციპით, პარტიის წევრები და გულშემატკივრები პარტიის ოფისში ერთმანეთს ენაცვლებიან. ისინი ამბობენ, რომ ამ ქმედებით ნიკა მელიას იცავენ.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში არა მხოლოდ ამ პარტიის წევრები არიან მობილიზებულები, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მიუხედავად შსს-ს განცხადებისა, რომლის თანახმად, „პრემიერ მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, მოლოდინი/შიში პროცესების რადიკალური შემობრუნების თაობაზე მაინც არსებობს. ერთის მხრივ, პარტიების წარმომადგენლები აფიქსირებენ, რომ მათი ფიზიკური ყოფნით ნაციონალური მოძრაობის ოფისში ისინი ნიკა მელიას თავისუფლებას იცავენ, მეორეს მხრივ, კი არსებობს საჭიროება, რომ ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმაზე შეჯერდეს.

18 თებერვალს გამთენიამდე ფხიზლობდნენ კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისში. იმ საფრთხის გამო, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად, წინა დღეს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისულიყვნენ, ოფისის დატოვებას არავინ ჩქარობდა. თუმცა, 18 თებერვლის დილით, პრემიერ გახარიას გადადგომის თაობაზე გაკეთებულმა განცხადებამ ოპოზიციის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები განსხვავებულად გადააწყო.

გახარიას გადადგომას მრავალფეროვანი გამოხმაურებების კასკადი მოჰყვა სოციალურ ქსელებში. „თუ არ მოიძებნა შერიგებისა და წინსვლის გზა, ქართველი ერთი ვერ გამოვა თვითგანადგურების რეჟიმიდან“, - წერს რონდელის ფონდის მკვლევარი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძე.

შს სამინისტროს 18 თბერვლის განცხადება
შს სამინისტროს 18 თბერვლის განცხადება

„უკანასკნელი 2 წლის გამოკითხვებში, გახარიას რეიტინგი გაცილებით აჭარბებდა "ოცნების" (და ოპოზიციის) ყველა ჩინოსნის რეიტინგებს - თვით ბიძინა ივანიშვილისასაც კი. ამიტომაც, როგორ გაუძლებდა ბ-ნი ბიძინა ამას დიდხანს? არჩევნების შემდეგ, გახარია თანდათან თითქოს "მარტოხელა მგლად" გადაიქცა, გარე-გარე დადიოდა. თუმცა, ჭკვიანი აღმოჩნდა, პარტიას დაასწრო, სერიოზულ ნოკდაუნში ჩააგდო და ისე განერიდა. მომდევნო პოლიტიკური ინტრიგა: ნიკა მელიას მზარდი პოპულარობის ფონზე, მისი და სააკაშვილის ტანდემი რამდენად გამძლე აღმოჩნდება?“- ამგვარი გახლავთ თსუ-ს პროფესორის, იაგო კაჭკაშიშვილის შეფასება სოციალურ ქსელში.

„ვადამდელი არჩევნები წელსვე სრულად პროპორციული ბუნებრივი ან დაბალი ბარიერით, დემოკრატიულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით კვლავ გახდა რეალისტური. ენმ-ს ხელმძღვანელთა ხაზგასმა, რომ დემოკრატიული არჩევნები( ახალი ადმინისტრაციით) წელსვე უნდა შედგეს, არის უაღრესად კონსტრუქციული და რეალისტური მიდგომა. 30 მაჟორიტარული ოლქის დატოვება ხელისუფლებას კვლავ დიდი გაყალბების ცდუნებას დაუტოვებს“.- ამბობს დავით ბერძენიშვნილი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.

„ნაციონალური მოძრაობა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა ეს ხომ ნათელია. მაგრამ აი ნაციონალური მოძრაობის გარშემო ყველა სხვა პოლიტიკური მოძრაობის შეკრება-კონსოლიდაციას ხომ შნო, უნარი, ჭკუა და მონდომება უნდა. მალადეც ოცნება.“- წერს ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2021 წლის 18 თებერვლის ღამე ნაციონალური მოძრაობის ოფისში
2021 წლის 18 თებერვლის ღამე ნაციონალური მოძრაობის ოფისში

„ქართული ოცნება პერმანენტული კრიზისის პირობებში ამყოფებს ქვეყანას, უწყვეტი კრიზისის ათვლის წერტილად კი 2019 წლის 20 ივნისი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომლის კვანძის გახსნის ეტაპიც დღეს დაიწყო... ოცნებამ კრიზისი შექმნა, როცა გავრილოვი წამოსვა იმ დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა 30 წლის წინ და დამატებითი კრიზისი შექმნა, როცა თვალები დათხარა მოქალაქეებს... ოცნებამ (თუ რა ჯანდაბაც ქვია) კრიზისი შექმნა გუშინაც, როცა 88 არარაობის ხელით უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება აქცია ნეოსტალინურ ნორმად (რაც მათი დანაშაულებრივი წესია, რადგან ივერ მელაშვილის, გიორგი რურუას და მღვდელი მამალაძის "დანაშაულებიც" ამ ჟანრიდანაა), დამნაშავის პროპაგანდისტული დემაგოგია ხომ სწორედ ასე მუშაობს - სხვას დააბრალო ის დანაშაული, რომელიც თავად გაქვს ჩადენილი... 20 ივნისს თვალები დემონსტრანტებს არ დაუთხრიათ ერთმანეთისთვის (ეს იმას ჰგავს, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რომ ამბობდა გენერალი როდიონოვი, ხალხი ჭყლეტაში დაიხოცა, ერთმანეთი გადათელეს და ჯარისკაცები იქით დაშავდნენ დემონსტრანტებისგანო), დანაშაულებრივი ბრძანების გამცემი პიროვნული და კოლექტიური ივანიშვილია, ხოლო კომუნისტი გავრილოვი - რამდენიც არ უნდა იტყუონ ყავლგასულმა კაგებეშნიკებმა პროპაგანდისტულ ტელევიზიებში - ოცნების დეპუტატებმა ჩამოიყვანეს მოსკოვიდან...

მაგრამ, ფაქტია, სიყალბის რეალობად ქცევის მცდელობის მიუხედავად, ქვეყნისთვის პერმანენტული კრიზისის შექმნელი დამნაშავეები ვერაფრით დაემალებიან ისტორიის განაჩენს: კრიზისი დასრულდება, როცა ოცნება დასრულდება, რაც გარდაუვალია და რაც დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა 20 ივნისის კრიზისში ჩარჩენას ნიშნავს სამუდამოდ - ცხადია, ახალი და ბევრად მძიმე კრიზისების გათვალისწინებით“,- ეს გახლავთ მწერლის, ლაშა ბუღაძის შეფასება.

საკმაოდ დაძაბული დღის განმავლობაში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აზრი ორად იყოფა. ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებში, არსებობენ ლიდერები, ვინც საუბრობს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, როგორც საფრთხეზე და მნიშვნელოვნად მიაჩნია დიალოგის წარმართვის პროცესი. თუმცა ეს არაა ცალსახა განწყობა ქართულ პოლიტიკაში. გამოკვეთილია ხისტი განწყობები და პოზიციებიც. მაგალითად, ირაკლი კობახიძისთვის, ქართული ოცნების ლიდერისთვის მიუღებელია აწ უკვე ყოფილი პრემიერის, გახარიას დამოკიდებულება, რომლის თანახმად პოლიტიკური დეესკალაცია პირველი რიგის პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს. „სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა გიორგი გახარიას პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ“,- ამბობს ის.

ნაციონალური მოძრაობის აქცია. 29 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო
ნაციონალური მოძრაობის აქცია. 29 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო

პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას კობახიძე განიხილავს კანონის უზენაესობის კონტექსტში და ამის მაგალითად მოჰყავს ნიკა მელიას საქმე. პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა, მისი აზრით, კანონის უზენაესობის დამყარებასთან ერთად მოგვარდება. «ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება,“- აცხადებს ის და შემდგომ, ყურადღება გადააქვს ახალი მთავრობის სწრაფად ფორმირების საკითხზე.

ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ ოპოზიციის საერთო მიზანი პოლიტიკური დევნის დასრულებაა. ოპოზიცია საუბრობს როგორც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე, ისე პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე და პოლიტიკურად ანგაჟირებული სისხლის სამართლის საქმეების გაუქმებაზე.

პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობის თაობაზე განცხადებებს აკეთებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის ევროკავშირი და აშშ-ს საელჩო. ქართველ პოლიტიკოსებს ისინი კვლავ სთავაზობენ საკუთარ რესურსებს დიალოგის პროცესის უზრუნველყოფისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG