ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახიფათო თებერვალი


ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020
ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020

ნაციონალური მოძრაობის ოფისი ციხესიმაგრედ იქცა. პოლიტიკოსები, აქტივისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქ მობილიზდებიან და აცხადებენ, რომ მელიას საკუთარი ძალით დაიცავენ.

განცხადებების სიმწვავე და აგრესიულობის ხარისხი პროგრესირებადია. ნაკლებად იგრძნობა, რომ პოლიტკორექტულობა ვინმესთვის მნიშვნელოვანია. სასამართლო განაჩენი, რაც კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ გამოიტანა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის, პატიმრობას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება ქართული სამართლებრივი სივრცისთვის უპრეცენდენტოა. ამ დრომდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში ოპოზიციური პარტიის მოქმედი ლიდერის მიმართ ამგვარი განაჩენი არ დამდგარა. ასეთი უპრეცენდენტო და უკმაცრესი ვერდიქტის მიზეზი კი სულ რაღაც სამეთვალყურეო სამაჯურია. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი განმარტება გააკეთა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ.

„ჩვენი მოთხოვნა გამომდინარეობდა კანონიდან, რაც სასამართლომ გაიზიარა და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ბრალდებულის არასათანადო ქცევა, არ გამოცხადება საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოსადმი უპატივისმცემლობა, მთელი ამ პროცესისადმი მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება საქმის აღსრულების ნაწილს, ეს შესაბამის ორგანოებს დაევალა,“ - განაცხადა 6 საათიანი სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

„მე არავის დაკავება არ გამიხარდება“,- აღნიშნა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ორგანიზებულ ბრიფინგზე გიორგი ვოლსკიმ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა. „ყველამ კარგად იცით, რომ თავიდან გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ სასამართლოს, სადაც განიხილებოდა, იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. ამ საკითხს სანამ გადაწყვეტდნენ, შესთავაზეს ხელზე სამაჯურის გაკეთება და გადახდა გირაოსი. მეტი არაფერი შეთავაზება არ იყო და მე ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს“,- ამბობს გია ვოლსკი.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ოპონენტის დაკავების ვერდიქტის თაობაზე გამოტანილ განაჩენს უპრობლემოდ მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. „მე არ ვარ პროკურორი, ვერ შევაფასებ, მაგრამ რეალურად, ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდა სასამართლომდე მელიას, მიუხედავად ამ პოლიტიკური აქტივობისა და გააფთრებული ბრძოლისა, მაინც ეს სამაჯურის თემა იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო ერთადერთი პირობა, რაც უნდა შეესრულებინა. როდესაც ასეთ ვითარებაში, საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად იხსნის სამაჯურს, ამით განცხადებას აკეთებს, რომ მოდით და შემიფარდეთ სხვა აღმკვეთი ღონისძიებაო. მიუხედავად ამისა, მოითხოვეს გირაოს გადახდა, უფრო გაზრდილი რაოდენობით. არც ამ თემაზე არ წამოვიდა და გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნული ქმედება შეიძლება ყოფილიყო“,- ამგვარია გია ვოლკსის შეხედულება.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა საგანგებოდ ცდილობდა ნიკა მელიას საპატიმროში მოხვედრას: „პარტია, რომელმავ ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს საგამოძიებო კომისიას ჩაუდგეს სათავეში და წარმართოს მისი მუშაობა, სხვა არაფერს აკეთებს, თუ არა რევოლუციური სცენარის განვითარებას.“

განვითარდება, თუ არა სცენარი რევოლუციური გზით? ეს ჯერ მხოლოდ შეკითხვაა. “ამერიკის ხმასთან” საუბრისას პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ როგორც სახელისუფლებო გუნდი, ისე, ოპოზიცია კომპრომისისთვის მზად არაა. გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ მხარეებისთვის შეთანხმება და შეთანხმებისთვის მზაობის გამოხტვა სისუსტედ აღიქმება, ამიტომ ძალის დემონსტრირებას ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა. ადამიანების რაოდენობა იქ არც კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ შემცირებულა. ცივი და თოვლიანი ამინდის მიუხედავად, იქ სულ უფრო მეტი მხარდამჭერი მიდის. ოპოზიციას საკუთარი გეგმებისა და მოსალოდნელი დღის წესრიგის თაობაზე ჯერ არაფერი განუცხადებია. ცნობილია მხოლოდ ზოგადი სულისკვეთება, რომლის თანახმად, უკანონო გადაწყვეტილების მიღებას ოპოზიცია არ აპირებს. გიგი უგულავა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მათი რეაქცია მთლიანად დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ქმედებაზე, რადგან ოპოზიცია ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს სარკისებურად გაიმეორებს.

სახალხო დამცველის მოადგილე ნიკა მელიას საქმის თაობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:27 0:00

„ყველაზე მთავარი, ხვალინდელი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გავრილოვის სასამართლომ, არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს. ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს... თავისუფლების იდეა არ სამართლდება არასდროს..“- განაცხადა ნიკა მელიამ, სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ოფისში.

„მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს! ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებული ვართ. უამრავ ჩვენს წინაპარს უბრძოლია, რომ მოეპოვებინა თავისუფლება და აგერ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის. მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებული არის. არ არსებობს. არსებობს ორი მხარე, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის,რასაც ახლა ვხედავ, ვგრძნობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! - ამბობს ნიკა მელია.

პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ერთგვარ წითელ ხაზს წარმოადგენს დასავლური საზოგადოებისთვის. ის ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სწორედ ამ საფრთხის თაობაზე გააკეთა საგანგებო განცხადება სახალხო დამცველმა სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ კი ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა: „უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე! მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!“

პროტესტი პარლამენტთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამო
პროტესტი პარლამენტთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამო

„როდესაც საკითხი დგება პოლიტიკოსის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენების შესახებ, ევროსასამართლოს სტანდარტის თანახმად, ამ დროს ერთვება ეგრეთ წოდებული მე-18 მუხლი, რომელიც გულისხმობს: ხომ არ არის გარკვეული პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი მართლმსაჯულება? ამ დროს ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში. ერთ-ერთი რამაც, შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს, გახლავთ ის, თუ რატომაა, რომ გამოძიება ერთი მიმართულებით აქტიურობს (შსს-ს მიერ წარმოებული საქმე, სადაც ნიკა მელია ფიგურირებს) და მეორე მხარეს არა (პროკურატურის გამოძიება, რომელიც შეისწავლის სამართალდამცავთა ბრალეულობას 2019 წლის 20 ივნისის ღამეს და სადაც მხოლოდ სამ სამართალდამცავს აქვს შეფარდებული არასაპატიმრო ღონისძიება)“,- აღნიშნავს ამერიკის ხმასთან საუბრისას გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.

პოლიტიკური ოპონენტის მიმართ სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა აშშ საელჩო საქართველოში: „მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად,“- ნათქვამია განცხადებაში.

იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რაც ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდგომ იკვეთება ოპოზიციურ პარტიებს შორის, ჩანს ესკალაციის მზარდი მოლოდინი. დავით ბაქრაძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ხიდები გადაწვა და რობოკოპების, გაზისა და ტყვიების გამოყენება მოულოდნელი არ იქნება. ჩნდება ცნობებიც იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარედ სამართალდამცავთა გაზრდილი რაოდენობის მობილიზაცია მიმდინარეობს. გასაბჭოებიდან ასი წლის თავზე კვლავ სახიფათო თებერვალია საქართველოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG