ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პარლამენტი ოპოზიციის გარეშე


პირველი სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე
პირველი სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე

პირველად, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში არცერთი არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატი არ შევიდა, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას რვა პოლიტიკური პარტიის 60-მა დეპუტატმა გამოუცხადა ბოიკოტი. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მიითვისა.

საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაესწრო, ისიც 90-ის ნაცვლად 88 დეპუტატის შემადგენლობით. ორი ახლადარჩეული პარლამენტარი პანდემიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ერთხმად აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები. არჩილ თალაკვაძემ, რომელიც 86 ხმით ისევ პარლამენტის სპიკერი გახდა, აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჭირვეულობის გამო, არ შეიძლება ამომრჩეველთა არჩევანი ეჭვქვეშ დადგეს.

ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე


„ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. 2020 წლის არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, პირველი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, პარლამენტიდან 20 მეტრის მოშორებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეიკრიბა და საპარალამენტო მანდატების შეწყვეტისა და სიების განულების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ოპოზიციის პროტესტი პარლამენტთან
ოპოზიციის პროტესტი პარლამენტთან

მემორანდუმს შეუერთდნენ ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობა, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო და ლეიბორისტულმა პარტია. ხელი არ მოაწერს გირჩმა, მოქალაქეებმა და პატრიოტთა ალიანსმა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, პარლამენტში შესვლაზე ისინიც უარს ამბობენ. ხელისმოწერისგან ასევე თავი შეიკავა, „ნაციონალებთან“ ბლოკში მყოფმა რესპუბლიკურმა პარტიამაც.

მემორანდუმზე ხელისმომწერმა ხუთივე პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული სიების ანულირების თაობაზე. 17 დეკემბერს ოპოზიცია აპირებს პარლამენტს მანდატების ანულირების მოთხოვნით მიმართოს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთიანი არ არის, მოქალაქეებს, რესპუბლიკელებს და პატრიოტთა ალიანსს თავიანთი მოსაზრებები აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს":

როცა უუფლებამოსილება ოფიციალურად შეგვიწყდება, იურიდიულად გაფორმდება ოცნების ერთპარტიული პარლამენტი
ლევან ბეჟაშვილი, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ნაცმოძრაობიდან


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ჩვენ ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად, არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობას. ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში. როცა უუფლებამოსილება ოფიციალურად შეგვიწყდება, იურიდიულად გაფორმდება ოცნების ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის პოზიციათა შეჯერებას თითქმის ერთი თვის მანძილზე ცდილობდნენ, საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის ელჩები, თუმცა, ოთხრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოციზიამ ისევ ბოიკოტი არჩია. აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, რომელიც პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო, კერძოდ განაცხადა

მნიშვნელოვანია მათ (ოპოზიციამ) შეძლონ ბრძოლა სასურველი ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნით, ქუჩის ნაცვლად
კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში


„ჩვენ ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დასწრებოდა პირველი სხდომის გახსნას. როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის დროს ვთქვით, მნიშვნელოვანია მათ შეძლონ ბრძოლა სასურველი ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან, ქუჩის ნაცვლად“ - აღნიშნა დეგნანმა.

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა 2008 წელსაც იყო, როცა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მაშინ ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნების მასიურ გაყალბებაში დაადანაშაულა. ბოიკოტის მომხრე პოლიტიკოსებმა მანდატები საჯაროდ დაჭრეს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ 17-დან 5 წევრი, ასევე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ისინი პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტში არ შევიდა, თუმცა არც მანდატები გაუუქმებია „ლეიბორისტულ პარტიას“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG