ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ევაკუაციის დროს დაკარგული ჩვილი 5 თვის შემდეგ იპოვეს


7 თვის სოჰაილ აჰმადი, რომელიც მშობლებმა 19 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის დროს დაკარგეს, ნაპოვნია და ის ამჟამად ბაბუასთან ერთად იმყოფება.

„როიტერთან“ საუბრის დროს, ბავშვის მამამ თქვა, რომ აეროპორტის კედელთან მან 2 თვის ჩვილი ამერიკელ სამხედროს მიაწოდა, რომელიც აეროპორტის შიგნით იყო, თავად კი კიდევ ოთხ შვილთან და მეუღლესთან ერთად აეროპორტში შესვლას ცდილობდა. ოჯახს შესასვლელამდე, დაახლოებით, 5 მეტრი ჰქონდა გასავლელი, როდესაც თალიბანმა ხალხის ნაკადი აეროპორტის კედლიდან უკან დაწია. ადმადების ოჯახმა აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლა მაშინ ვეღარ შეძლო და ბავშვთან კონტაქტიც დაეკარგა. მოგვიანებით ბავშვის ოჯახმა ამერიკაში ევაკუაცია შეძლო. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ბავშვის ევაკუაციაც ამერიკაში მოხდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვილი დაიკარგა.

სააგენტო „როიტერის“ სიუჟეტის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვი აეროპორტში 29 წლის ქაბულელმა ტაქსის მძღოლმა იპოვა. მან მშობლების ძებნა აეროპორტში უშედეგოდ სცადა და რადგან ბავშვის ოჯახი ვერ იპოვა, ის სახლში წაიყვანა. ამ დრომდე ჩვილი ქაბულში, ტაქსის მძღოლის ოჯახში იზრდებოდა. "როიტერის" მიერ ბავშვზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მშობლებმა ჩვილის ადგისამყოფელი გაიგეს და ბავშვის ბაბუისთვის გადაცემა მოითხოვეს. ბაბუამ ბავშვი მონახა და თავის სახლში წაიყვანა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქაბულიდან 7 თვის ბავშვი ამერიკაში მშობლებთან ჩამოიყვანონ.

ჩვილის მამა მირზა ალი აჰმადი ქაბულში ამერიკის საელჩოს დაცვის სამსახურში მუშაობდა. ევაკუაციის შემდეგ ისინი ახლა ტეხასის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან.

ქაბულის დაცემის შემდეგ ევაკუაციის დროს არსებული ქაოსის გამო ამ დრომდე ასობით ოჯახის გაერთიანებაზე მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა პროცესს ავღანეთში არსებული ვითარება ართულებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG