ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლას და ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს


დიდი ოცეულის ლიდერების ვირტუალური შეხვედრა 12 ოქტომბერს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს ვირტუალურად შეხვდა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ლიდერებს. თეთრი სახლის განცხადებით, დიდი ოცეულის საუბრის მთავარი თემა ავღანეთი და მასთან დაკავშირებული პრიორიტეტები იყო.

მას შემდეგ, რაც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა აგვისტოში ქაბული სრულად დატოვეს, ავღანეთში განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობის საკითხი. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, სამშაბათის ტელეკონფერენცია დიდი ოცეულის ლიდერებისთვის იყო "კონსტრუქციული შესაძლებლობა განეხილათ კონტრტერორიზმის გზები, [ავღანელი ხალხისთვის] საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად".

აგვისტოს შემდეგ, ეს მსოფლიოს ლიდერებისთვის ამ ტიპის პირველი შეხვედრა იყო. თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ერთგულია "საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური გზით, ავღანეთის და ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად".

თეთრ სახლს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოხდება ამ დაპირებების შესრულება. ამერიკა ავღანეთისთვის გაწეული დახმარების საკითხში კვლავ ყველაზე მსხვილ დონორად რჩება. ქაბულისთვის გაგზავნილი დახმარება წელს 330 მილიონ დოლარს აღემატება.

თუმცა, გაეროში ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, ავღანეთის ისტორიაში ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას და საქმე "ყოფნა-არყოფნას" ეხება. "ჩვენ თუ სასწრაფოდ არ ვიმოქმედებთ და ავღანელებს სასწრაფოდ არ დავეხმარებით ამ შტორმთან გამკლავებაში, მძიმე საფასურს არამარტო ისინი, არამედ მსოფლიოც გადაიხდის" - განაცხადა მან სამშაბათის ვირტუალურ შეხვედრაზე.

ამ კვირის განმავლობაში, ვაშინგტონის წარმომადგენლები დოჰაში თალიბანის წევრებს შეხვდნენ. ეს მათი პირველი მოლაპარაკება იყო ქაბულის დაცემის მომენტიდან დღემდე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერ ნედ პრაისს, არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული ამ შეხვედრაზე. ოფიციალური ცნობებით, მათ განიხილეს ტერორიზმის საკითხები და ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიმართულება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქალთა უფლებებიც იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG