ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მინისტერიალზე ავღანეთის და რუსეთის საკითხებს განიხილავენ


ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს თავდაცვის ახალ გეგმას განიხილავენ, რომლის მთავარი მიზანი ნებისმიერ ფრონტზე რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან დაცვა იქნება. მიუხედავად ჩინეთის მზარდი როლისა, როგორც ჩანს, ალიანსის ძირითადი ფოკუსი რუსეთზე იქნება მიმართული.

კონფიდენციალური სტრატეგია მიზნად ისახავს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში ნებისმიერი ერთდროული თავდასხმისთვის მომზადებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბირთვულ იარაღს, კომპიუტერული ქსელების გატეხვას და კოსმოსიდან თავდასხმებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქით, თავდაცვის ახალი გეგმა "ითვალისწინებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და იმას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ".

მოსკოვი უარყოფს რაიმე ტიპის აგრესიულ განზრახვას და აცხადებს, რომ სწორედ ნატო უქმნის საფრთხეს ევროპის სტაბილურობას ასეთი ქმედებებით.

მინისტერიალზე იმყოფება ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც. "აქ ვარ იმისთვის, რათა დავეხმარო [კოლეგებს] ნატოს სამხედრო ადაპტაციაში და დავრწმუნდე, რომ ალიანსი მზადაა მომავლის გამოწვევებისთვის",- დაწერა "ტვიტერის" გვერდზე ოსტინმა.

მინისტერიალზე ავღანეთის საკითხზეც ისაუბრებენ. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატოს მინისტერიალი რუსეთის გარდა, ავღანეთის საკითხსაც განიხილავს. მისი თქმით, ნატო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ავღანეთი ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი აღარ გახდეს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რაც ნატოს აქვს და რაც ახლა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ავღანელები დავარწმუნოთ კვლავ ითანამშრომლონ ჩვენთან",- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG