ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაუელის მემკვიდრეობა - ევროპული ალიანსების დამცველი


შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც ორშაბათს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამერიკის მთავრობაში ათწლეულების მანძილზე მსახურობდა. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე, ის იყო გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ხაზგასმით იცავდა ამერიკის ტრადიციულ ალიანსებს ევროპულ ქვეყნებთან. ოჯახის განცხადებით, პაუელი კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა. თუმცა, მას მანამდეც ჰქონდა პარკინსონი და ასევე მრავლობითი მიელომა, იმუნიტეტის დამქვეითებელი სისხლის კიბოს სახეობა.

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე გავლენა პაუელს ჯერ კიდევ პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში ჰქონდა. 1987-89 წლებში კოლინ პაუელი იყო ჯერ პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე და შემდეგ კი - პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მოგვიანებით, მან მუშაობა 1989-1993 წლებში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსთანაც გააგრძელა.

"ის იყო წამყვანი მოთამაშე, რომელიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ამერიკის პოლიტიკის შექმნას ეხმარებოდა. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ჩვენ შევძელით ცივი ომის დასრულება და ევროპის დამყოფი ზოგიერთი ხაზის წაშლა" - ამბობს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ალექსანდერ ვერშბოუ, ამერიკის კოფილი ელჩი ნატოში და რუსეთში. ის მოგვიანებით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილედ მუშაობდა, დღეს კი ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაციის "ატლანტიკური საბჭოს" ანალიტიკოსია. ​

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც კოლინ პაუელს 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში მოუწია მუშაობა, იყო შეერთებული შტატების მხრიდან დასავლეთ ევროპის მოკავშირეთა თავდაცვის დაგეგმვა და მომზადება, საბჭოთა კავშირის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში.

ჩარლზ რიესმა, ამერიკის ყოფილმა ელჩმა საბერძნეთში, "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მას ახსოვს, თუ როგორ მუშაობდა პაუელი გერმანიის ტერიტორიაზე საბჭოთა ტანკების შესაძლებელი შეჭრის საკითხებზე. მაშინ გერმანია ორად იყო გაყოფილი, გერმანიის ფედერაციულ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად. ჩარლზ რიესი ახლა კალიფორნიაში დაფუძნებული "რანდის კორპორაციის" ანალიტიკოსია.

"დაგეგმვის პროცესმა პაუელს შესძინა ღრმა პატივისცემა იმ ალიანსის მიმართ, რომელიც ევროპელებთან და ნატოსთან მიმართებაში გვქონდა", აღნიშნავს რიესი. ის 2001-2004 წლებში უშუალოდ პაუელთან მუშაობდა მის მეორე მოადგილედ, როცა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა პაუელი სახელმწიფო მდივნად დანიშნა. ამ პოსტზე პაუელი 2001-2005 წლებში მსახურობდა და ამერიკის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი შავკანიანი სახელმწიფო მდივანი. ​

ამერიკის უმაღლესი დიპლომატის რანგში, კოლინ პაუელი ზოგიერთ ევროპელ პარტნიორებთან უთანხმოებებს შეესწრო, როცა 2003 წელს, პრეზიდენტმა ბუშმა ერაყში შეჭრა გადაწყვიტა. გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯის გადადგმას უმცროს ბუშს არ ურჩევდნენ. ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა ბერლინს და პარიზს "ძველი ევროპის" ნაწილი უწოდა. ამ პერიოდში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპას და ნატოს ახალი სახელმწიფოები შემოუერთდა. ისინი მკაფიოდ უჭერდნენ მხარს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას.

"პაუელი მაშინ რამსფელდს უშუალოდ არ დაპირისპირებია ამ სიტყვების გამო, მაგრამ საქმით აჩვენა, რომ ჩართული იყო, უსმენდა და თანამშრომლობდა საფრანგეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ დე ვილეპინთან, და რომ ის არ მისცემდა [ერაყთან დაკავშირებულ] უთანხმოებებს იმის საშუალებას, რომ ეს ყოველივე შეერთებული შტატების და ევროპის ურთიერთობაზე ასახულიყო" - აღნიშნავს რიესი.

მოგვიანებით, დაზიანებული ურთიერთობის გამოსწორებას უმცროსი ბუშიც შეეცადა, როცა 2004 წელს, ირლანდიაში ევროპელ მოკავშირეებთან ერთად გამართულ სამიტს დაესწრო. "ვფიქრობ, ამაში დიდი წვლილი სწორედ პაუელმა შეიტანა და მისმა ჩართულობამ პირად დიპლომატიაში" - ამბობს ჩარლზ რიესი, ამერიკის ყოფილი ელჩი საბერძნეთში.

ალექსანდერ ვერშბოუ კი, რომელიც სწორედ იმ პერიოდში იყო ამერიკის ელჩი რუსეთში (2001-2005), აღნიშნავს, რომ პაუელისთვის კიდევ ერთ სერიოზულ გამოწვევას მაშინ რუსეთი წარმოადგენდა. ის ცდილობდა შეენარჩუნებინა და გაეხანგრძლივებინა რუსეთის მხრიდან დაფიქსირებული უვერტიურები ნატოს მიმართულებით.

ეს ის პერიოდია, როცა რუსეთში ვლადიმირ პუტინი ახლადარჩეული პრეზიდენტია. მან პოსტი 2000 წლის მაისში გადაიბარა და თავიდან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ახალი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მომხრე ჩანდა.

2002 წლის ივნისში პუტინი ესწრებოდა ნატო-რუსეთის სამიტს, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ალიანსის დანარჩენმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნას. ეს იყო ერთგვარი ფორუმი, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის რუსეთთან თანამშრომლობას ითვალისწინებდა. თუმცა, ვერშბოუს თქმით, რუსეთიდან დადებითი სიგნალები მალევე შეწყდა და კრემლი ისევ გადაიქცა ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი ბანაკის მთავარ ლიდერად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG