ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსული ვაქცინის შესახებ წელს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს


Sputnik V
Sputnik V

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა, რუსული წარმოების კოვიდ-19-ის ვაქცინის "სპუტნიკ-ვი" დამტკიცებაზე, 2022 წლის პირველ კვარტლამდე იმსჯელოს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ევროპის მედიცინის სააგენტოსთვის (EMA) ვაქცინის შესახებ გარკვეული მონაცემები, რომლებიც განხილვისთვისაა საჭირო, ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის. „წლის ბოლომდე EMA-ს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“ - აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ ინფორმირებული წყარო, რომელიც ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს ეყრდნობა.

წყაროს ინფორმაციის მიხედვით, „თუ მარეგულირებელი საჭირო მონაცემებს ნოემბრის ბოლოსთვის მიიღებს, მაშინ მარეგულირებელმა გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო წლის პირველ კვარტალში მიიღოს.“

EMA-მ რუსული წარმოების ვაქცინის, „სპუტნიკ-ვის“ ოფიციალური განხილვა მარტში დაიწყო და გადაწყვეტილება მაისში, ან ივნისში უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ჟურნალ „ლანცენტში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით ირკვეოდა, რომ „სპუტნიკ ვის“ ეფექტურობა 92%-იყო. მოგვიანებით, მოსკოვმა განაცხადა, რომ მათი ვაქცინის ეფექტიანობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 83% იყო. დაახლოებით 3 თვეში, იმავე "ლანცეტში" მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიზეზი ის გახდა, რომ მეცნიერებმა კვლევაში წარმოდგენილ მონაცემებში შეცდომები და სტატისტიკური შეუსაბამოებები იპოვეს. ამას გარდა, გამჭვირვალობის ნაკლებობაც ბევრ კითხვის ნიშანს უპასუხოდ ტოვებდა.

რუსული ვაქცინა ფართოდ გამოიყენება თავად რუსეთში და სხვა 70-ზე მეტ ქვეყანაში.

რუსეთში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოსკოვმა არაერთხელ გადადო „EMA“-ს ინსპეცია. ეს არის პროცედურა, რაც აუცილებელია ვაქცინის სერტიფიცირებისთვის.

„ამ არასრული მონაცემებით, „EMA”-ს ნამდვილად არ აქვს მასალა, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. ბურთი მათ მოედანზეა, თავად უნდა გადაწყვიტონ, რისი გაკეთება სურთ“ - აცხადებს „როიტერის“ წყარო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG