ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ქალაქებში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენა დაიწყო


ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, აღდგა. 23 ნოემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

"ელექტრო ინჟინრებმა და სპეციალისტებმა მთელ ღამეს იმუშავეს", რომ ელექტროენერგიისა და წყლის მარაგი აღედგინათ,- თქვა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

კლიჩკოს თქმით, კიევის მოსახლეობის 70%-ს ჯერ ისევ არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია დილისთვის, თუმცა რამდენიმე საათში ქალაქის უმეტესობას შუქის მიწოდება აღუდგა. კიევის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კვლავ მიეწოდება წყალიც.

23 ნოემბრის საჰაერო შეტევის დროს, რუსულმა ძალებმა 67 რაკეტითა და 10 დრონით მიიტანეს იერიში უკრაინის რამდენიმე ქალაქზე. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნე ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო. შეტევამ, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა უკრაინის ისედაც დაზარალებულ ინფრასტრუქტურას.

ზამთრის მოახლოებასთან და ამინდების გამკაცრებასთან ერთად, როდესაც ქვეყანაში ღამით ტემპერატურა 0 გრადუსზე ქვევით ჩადის, ელექტროენერგიისა და გათბობის მოსახლეობისთვის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კიევის გარდა, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენა ხდება უკრაინის სხვა ქალაქებშიც. ელექტროენერგია აღუდგა კიროვოჰრადის, ვინიცასა და სუმის რეგიონებს. ინფორმაციას უკრაინის მთავრობა ავრცელებს.

XS
SM
MD
LG