ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას


უკრაინის პრეზიდენტმა 23 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთხელ მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეკრებილებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სთხოვა, მათ შორის - რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, რათა შეწყდეს რუსეთის სარაკეტო იერიშები უკრაინის ენერგოსისტემებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე.

23 ნოემბერს უკრაინის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე მიტანილ რუსეთის იერიშებს სულ ცოტა, 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამას გარდა, მოსკოვის სარაკეტო შეტევამ ამ ქალაქების და სოფლების მოსახლეობა სიბნელეში და სიცივეში დატოვა. "დღეს, მარტო ერთ დღეში, ჩვენი მიმართულებით 70 რაკეტა გაისროლეს. ეს არის რუსეთის ტერორის ფორმულა" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრა. მისი თქმით, მოსკოვმა იერიში მიიტანა საავადმყოფოებზე, სკოლებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ შენობებზე. ზელენსკის თქმით, უკრაინა მსოფლიოსგან "ძალიან მტკიცე რეაქციის" მოლოდინშია.

"ჩვენთვის შეუძლებელია, საერთაშორისო ტერორისტის მძევლად ყოფნა", განაცხადა ზელენსკიმ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა, წაართვას რუსეთს ნებისმიერ ისეთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც მის საკუთარ ქმედებებს შეეხება.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების ელჩიც. ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი "ზამთარს აშკარად საბრძოლო იარაღად იყენებს, რათა უკრაინელ ხალხს დიდი ტანჯვა მიაყენოს". მისი განცხადებით, ვლადიმირ პუტინს გეგმაში აქვს "ქვეყნის გაყინვით დამორჩილება".

რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ პასუხად თქვა, რომ ზელენსკის ვიდეოზარით გამოჩენა და მისი მოსმენა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს. მან დაგმო უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასავლეთის მხარდამჭერებისადმი გაჟღერებული თხოვნა და მას "უპასუხისმგებლო საფრთხეები და ულტიმატუმები" უწოდა.

ექსპეტრები თვლიან, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დიდი ალბათობით ვერაფერს იღონებს იმისთვის, რომ რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვას. რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG