ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების მორიგი დებატები კოლორადოში გაიმართება


ოთხშაბათს ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სი“ პირდაპირ ეთერში გადასცემს საპრეზიდენტო ნომინაციის მსურველ, 10 რესპუბლიკელ კანდიდატს შორის გამართულ რიგით მესამე დებატებს.

საპრეზიდენტო კანდიდატების წამყვანი ათეული რესპუბლიკელთა მესამე დებატებზე ოთხშაბათს საღამოს, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში შეიკრიბებიან. დებატებს პირდაპირი ეთერით ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სი“ გადასცემს. სავარაუდოდ, ყურადღების ცენტრში საზოგადოებრივ გამოკითხვებში ყველაზე პოპულარული ოთხი კანდიდატი - უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი, პენსიაზე გასული ნეიროქირურგი ბენ კარსონი, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო და ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში - მოექცევიან.

აიოვის შტატის ბოლო ოთხ გამოკითხვაში ბენ კარსონმა დონალდ ტრამპს გაასწრო კიდეც. ბიზნესმენთან შედარებით მცირე უპირატესობა პოლიტიკაში გამოუცდელ ნეიროქირურგს დებატებამდე მოწყობილ ერთ-ერთ ბოლო ეროვნულ გამოკითხვაშიც აქვს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ და „სი-ბი-ეს ნიუსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ამერიკელთა 26-მა პროცენტმა უპირატესობა კარსონს მიანიჭა. ტრამპი კი 22 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. ივლისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მაგნატმა ეროვნულ გამოკითხვაში პირველი ადგილი დათმო.

ანალიტიკოსების აზრით, ჯებ ბუშისთვის ეს კრიტიკული მნიშვნელობის დებატები იქნება. ის წამყვან კანდიდატებს საკმაოდ ჩამორჩება, როგორც გამოკითხვების მიხედვით, ასევე ფონდების მოზიდვის თვალსაზრისითაც. გასული უქმეები მან ქალაქ ჰიუსტონში გაატარა, სადაც შეძლებული დონორებისთვის მოწყობილ წვეულებაზე კამპანიისთვის დამატებითი ფონდების მოზიდვას ცდილობდა.

მესამე დებატებზე იქნება ყოფილი ბიზნესმენი კარლი ფიორინაც, ერთადერთი ქალი პრეზიდენტობის ნომინაციის მსურველ რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის. მასთან ერთად პოდიუმზე ავლენ: ტეხასის სენატორი ტედ კრუზი, არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი, ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი, ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კასიჩი და კენტუკის სენატორი რენდ პოლი.

მთავარ დებატებამდე კიდევ ერთი, შედარებით ხანმოკლე დებატები შედგება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი, ლუიზიანის გუბერნატორი ბობი ჯინდალი, ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ჯორჯ პატაკი და სენატორი სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრემი. დებატებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ვირჯინიის ყოფილი გუბერნატორი ჯიმ გილმორი, რომლის პოპულარობა გამოკითხვებში ერთ პროცენტზე დაბალია.

დონალდ ტრამპმა თავის მთავარ მეტოქე, ბენ კარსონზე თავდასხმა გააძლიერა. ტელეკომპანია „სი-ენ-ენზე“ მან თქვა, რომ კარსონი „სუპერ დაბალი ენერგიის“ მქონეა. ნეიროქირურგს ჰქონდა შანსი ბრალდებაზე მაშინათვე კონტრიერიშით ეპასუხა, მაგრამ ტელეკომპანია „ფოქსის“ ეთერით განაცხადა, რომ „ტრამპთან ტალახში ჭიდაობას“ არ დაიწყებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ხაზის დაჭერა ტრამპთან მიმართებაში კარსონს ოთხშაბათის დებატებზე გაუჭირდება, რადგან ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვებისთვის „უკან არაფერზე დაიხევს“.

ტრამპს დანარჩენ კანდიდატებზე თავდასხმისგანაც არასოდეს შეუკავებია თავი. მისი სამიზნე ხან ბუში, ხან რუბიო და ხან კიდევ პოლი იყვნენ. თუმცა, კარსონზე იერიში მისთვის მეტი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რადგან ყოფილი ნეიროქირურგი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. „ბლუმბერგის“ გამოკითხვით, აიოვის შტატის რესპუბლიკელთა შორის კარსონის პოპულარობა 84 პროცენტამდეა.

თუმცა, ტრამპს „ასოშეიტედ პრესის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში პარტიის ყველაზე ძლიერ კანდიდატად ათიდან 7 რესპუბლიკელი მიიჩნევს. მაშინ, როცა კარსონის მაჩვენებელი ათიდან მხოლოდ 6 ადამიანია. ტრამპმა „პოლიტიკოს“ გამოკითხვაც დიდი უპირატესობით მოიგო, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკელ ამერიკელთა 81 პროცენტი თვლის, რომ ბოლო ორ თვეში მისი შანსები ნომინაციის მოგების მხრივ ძალიან გაიზარდა.

ტრამპის წარმატება რესპუბლიკური პარტიის ბირთვში ბევრს აშფოთებს. პარტიის სტრატეგი კარლ როვი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო, „უოლ სტრიტ ჯორნალში“ წერს, რომ რესპუბლიკელებს არჩევანის გაკეთება კონსერვატორულ მიზნებს და „პოპულისტურ ბრაზს“ შორის მოუწევთ. ის ამბობს, რომ კონსერვატიულ პრინციპებს პარტია გამარჯვებამდე მიჰყავს, მაშინ როცა მხოლოდ „პოპულისტური ბრაზი“ დამარცხებით დასრულდება.

XS
SM
MD
LG