ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატებზე ყურადღების ცენრში დონალდ ტრამპია


დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის კანდიდატი
დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის კანდიდატი

ტელეკომპანია „ფოქსის“ და სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მიერ მოწყობილი დებატების ყურადღების ცენტრში საკმაოდ ექსცენტრიული კანდიდატი, ბიზნესმენი დონალდ ტრამპი იყო.

ხუთშაბათს გვიან ღამით ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთა პირველი საჯარო დებატები გაიმართა. კანდიდატთა სიმრავლის გამო მასში მონაწილეობა 17-დან მხოლოდ ათმა ნომინაციის მსურველმა მიიღო, რომლებიც ტელეკომპანია „ფოქსის“ მიერ ჩატარებულ ბოლო ხუთ საზოგადოებრივ გამოკითხვაში ლიდერობდნენ.

დებატები ათ წამყვან კანდიდატს შორის ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში მდებარე სპორტულ დარბაზში ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი ორგანიზატორები იყვნენ სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და ტელეკომპანია „ფოქსი“, რომელიც დებატებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

დაწყებისთანავე ყურადღების ცენტრში საკმაოდ ექსცენტრიული კანდიდატი, ბიზნესმენი დონალდ ტრამპი მოხვდა. მან პირველივე წუთებში მიიქცია ყურადღება იმით, რომ სცენაზე მყოფი ყველა დანარჩენი კანდიდატისგან განსხვავებით, განაცხადა, რომ მზად არის წაგების შემთხვევაში რესპუბლიკელთა ნომინაციის მფლობელის წინააღმდეგ დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში იბრძოლოს.

რესპუბლიკელთა 10 მოწინავე კანდიდატი
რესპუბლიკელთა 10 მოწინავე კანდიდატი

დებატებზე განხილულ ძირითად საკითხებს რაც შეეხება, „ვაშინგტონ პოსტმა“ ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც, რომ კლივლენდში მთავარი თემები ამერიკა და დონალდ ტრამპი გახლდათ. საქმე იმაშია, რომ როგორც ტელეწამყვანების, ისე დანარჩენი კანდიდატების მხრიდან მთავარი დარტყმა რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის დაწინაურებული დონალდ ტრამპისკენ იყო მიმართული. როგორც „ფოქსის“ მიერ შერჩეულ კითხვებში, ისე კანდიდატების პასუხებში ასევე ძალიან ხშირად ფიგურირებდა დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი. აშკარა ხდება, რომ პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკური პარტია მას დემოკრატ კანდიდატთა შორის მთავარ კონკურენტად მოიაზრებს.

საშინაო პოლიტიკის საკითხებიდან ძირითადად ყურადღება გამახვილდა ეკონომიკაზე და იმიგრაციის საკითხებზე, საგარეო პოლიტიკაში კი წამყვან თემებად ირანი და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ რჩება. როგორც მოსალოდნელი იყო, რესპუბლიკელმა კანდიდატებმა მკაცრად გააკრიტიკეს ახლახან მიღწეული ბირთვული შეთანხმება ირანთან და პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. გამოითქვა აზრი, რომ რადიკალური ექსტრემისტების დაჯგუფების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სახმელეთო ძალები უნდა გაიგზავნოს.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის საფრთხეს აღმოსავლეთ ევროპაში. ვისკონსინის შტატის გუბერნატორმა სკოტ ვოლკერმა განაცხადა, რომ იქ ნატოს წარმომადგენლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და პოლონეთში სარაკეტო თავდაცვის სისტემებიც აუცილებლად უნდა განლაგდეს.

ჯებ ბუში, პრეზიდენტობის კანდიდატი
ჯებ ბუში, პრეზიდენტობის კანდიდატი

შემდეგი დებატები რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის 16 სექტემბერს გაიმართება და მას ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ გაუძღვება. სულ 2016 წლის საპრეზიდენტო ნომინანტის გამოსავლენად რესპუბლიკური პარტია 11 მარტამდე 11საჯარო დებატებს გეგმავს.

რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, პირველი დებატები 13 ოქტომბერს ნევადის შტატში გაიმართება და მასაც ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ გაუძღვება. მანამდე კი დემოკრატ კანდიდატებს შორის ცვლილებებს ჯერ კიდევ ელიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სექტემბრის დასაწყისში შესაძლოა მეექვსე კანდიდატად ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიხილოთ.

XS
SM
MD
LG