ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო დებატებს მარკო რუბიო ლიდერობდა


კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში გამართულ მთავარ დებატებში გამარჯვებულად ანალიტიკოსები ფლორიდის შტატის სენატორს - მარკო რუბიოს მიიჩნევენ.

ფლორიდის შტატის ახალგაზრდა სენატორი მარკო რუბიო რესპუბლიკელთა რიგით მესამე საპრეზიდენტო დებატების გამარჯვებული იყო, ასე ფიქრობს ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი. ოთხშაბათს საღამოს კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში გამართულ მთავარ დებატებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებისთვის 10 კანდიდატი იბრძოდა: უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი, პენსიაზე გასული ნეიროქირურგი ბენ კარსონი, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, ყოფილი ბიზნესმენი კარლი ფიორინა, ტეხასის სენატორი ტედ კრუზი, არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი, ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი, ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კასიჩი და კენტუკის სენატორი რენდ პოლი.

დებატების მთავარი თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად ეკონომიკური საკითხები და საგადასახადო პოლიტიკა გახდა. დაწყებისთანავე ჯებ ბუშმა იერიში გვერდით მდგომ მარკო რუბიოზე მიიტანა და ის სენატში გამართული სხდომების და კენჭისყრის პროცედურების ხშირი გაცდენის გამო გააკრიტიკა: „მარკო, როცა ამ საქმეს დათანხმდი, იცოდი, რომ ეს ექვსწლიანი სამსახური იყო“ - თქვა მან და გააგრძელა: „და სამსახურში უნდა გამოცხადდე. ვგულისხმობ სენატში მისვლას. თუ რა არის ეს, ფრანგული ტიპის სამუშაო კვირაა, სადაც სამსახურში მხოლოდ სამი დღე დადიან?“

მარკო რუბიომ მეტოქეს საპასუხოდ გამოყოფილ 30 წამში მაშინათვე უპასუხა. „ვიღაცამ დაგარწმუნა, რომ ჩემზე იერიში დაგეხმარებოდა“ - უთხრა მან ბუშს და სენატორ ჯონ მაკეინის მაგალითი მოუყვანა, რომელსაც ბუში თავს სხდომების ანალოგიური გაცდენებისთვის არასოდეს ესხმოდა. რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ამგვარი მეთოდებით საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებისთვის ბრძოლას არ აპირებს და სცენაზე მდგომ მეტოქეებზე იერიშს არ მიიტანს.

გამოკითხვების ლიდერი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „სი-ბი-ესით“ პირდაპირ ეთერში გადაცემულ დებატებზე ყურადღების ცენტრში იმდენად აღარ მოქცეულა, როგორც წინა ორ დებატებზე და კადრში მოხვედრისთანავე, დროს ძირითადად თავის მართლებას ანდომებდა. ანალიტიკოსებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ის წამყვან პოზიციებს თანდათან თმობს. დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე ბენ კარსონმა ტრამპს პოპულარობით რამდენიმე გამოკითხვაში გაუსწრო. ბიზნესმენი აშკარად ძალიან გაანაწყენა ჟურნალისტის მხრიდან თავიდანვე დასმულმა კითხვამ, რომელშიც მისი პოლიტიკა კომიქსების წიგნში წაკითხულ საპრეზიდენტო კამპანიასთან იყო შედარებული. „ეს არ იყო კეთილგანწყობით დასმული კითხვა, იმ სახით, რა სახითაც თქვენ შემეკითხეთ“ - უთხრა მან წამყვანს და შემდეგ საკუთარი საგადასახადო პოლიტიკის დაცვა დაიწყო, რისი დანერგვის შედეგად, ამერიკის ეკონომიკა, მისი თქმით, „სტარტს კოსმოსური ხომალდის სისწრაფით“ აიღებს.

საგადასახადო პოლიტიკის დაცვა დებატებზე ბენ კარსონსაც მოუწია, რომელიც ამბობს, რომ მისი გეგმა ბიბლიური კონცეფციით არის ნაკარნახევი. ის ფიქსირებული, ყველასთვისთვის თანაბარი გადასახადების მომხრეა, რომელიც 15 პროცენტთან არის ახლოს. კარსონის პროგრამა დონალდ ტრამპის იდეებთან ერთად საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ჯონ კასიჩმა, გამოცდილმა მენეჯერმა, რომელიც ოჰაიოს შტატის გუბერნატორია. მან ორივე პრეტენდენტის პროგრამას „ფანტაზიის ნაყოფი“ უწოდა და განაცხადა, რომ არცერთ მათგანს არ ყოფნის კვალიფიკაცია იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდეს. კასიჩმა ამომრჩევლებს „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდა. „ჩვენ ვერ ავირჩევთ ისეთ ადამიანს, რომელმაც საქმის კეთება არ იცის. ისეთი ადამიანი უნდა შევარჩიოთ, ვისაც გამოცდილებაც აქვს, იცის საქმის არსი და რა არის დისციპლინა“ - თქვა მან.

მთავარ დებატებამდე გაიმართა კიდევ ერთი, შედარებით ხანმოკლე დებატები. მასში მონაწილეობდნენ: პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი, ლუიზიანის გუბერნატორი ბობი ჯინდალი, ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ჯორჯ პატაკი და სამხრეთ კაროლინის სენატორი ლინდსი გრემი. რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის მორიგი ტელედებატები ძალიან მალე, 10 ნოემბერს გაიმართება. მისი მასპინძელი ტელეკომპანია „ფოქსი“ და „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იქნებიან. ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში დაგეგმილ მთავარ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატები, რომლებიც 4 ნოემბრამდე პოპულარობის 2.5-პროცენტიან ზღვარს გადაცილდებიან.

XS
SM
MD
LG