ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატთა პირველი დებატები


საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დემოკრატთა დებატებზე ორი წამყვანი კანდიდატი დომინირებდა: ჰილარი კლინტონი და ბერნი სანდერსი.

სამშაბათს საღამოს, ქალაქ ლას ვეგასში დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატთა პირველი საჯარო დებატები გაიმართა. რესპუბლიკური პარტიისგან განსხვავებით, რომელსაც ამ ეტაპზე 15 საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, შეერთებულ შტატებში გამართულ დემოკრატთა დებატებში მონაწილეობას სულ 5 კანდიდატი იღებდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებზე ორი წამყვანი კანდიდატი დომინირებდა. ესენი არიან: საზოგადოებრივი გამოკითხვების ლიდერი დემოკრატთა შორის - ჰილარი კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ბერნი სანდერსი, ვერმონტის შტატის სენატორი. მათთან ერთად ლას ვეგასში ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ და სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობდა სამი, შედარებით ნაკლებად ცნობილი კანდიდატი. მათი პოპულარობა ერთ პროცენტს არ სცდება და არც წუხანდელი დებატების მსვლელობაზე მოუხდენიათ დიდი გავლენა. ესენი არიან: ლინკოლნ შაფე, როდ აილენდის შტატის ყოფილი გუბერნატორი; მარტინ ომაილი, მერილენდის შტატის ყოფილი გუბერნატორი და ჯიმ ვები, ვირჯინიის შტატის ყოფილი სენატორი.

დებატების განმავლობაში დარბაზში მაყურებლების ყველაზე დიდი ოვაცია გამოიწვია ბერნი სანდერსის მიერ ჰილარი კლინტონის დაცვამ იმეილების სკანდალთან დაკავშირებით. „ნება მომეცით, ვთქვა ის, რაც დიდ პოლიტიკოსობად არ ჩაითვლება, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკელ ხალხს ყელში ამოვიდა თქვენს წყეულ იმეილებზე გაუთავებელი ლაპარაკი. საკმარისია! დავასრულოთ იმეილებზე საუბარი და ნამდვილ პრობლემებზე გადავიდეთ, რაც ამერიკას აწუხებს“ - თქვა მან.

თუმცა, იყო უთანხმოებებიც, განსაკუთრებით - სირიაში ამჟამად მიმდინარე დაპირისპირების და ერაყში წარსულში შეერთებული შტატების მიერ წარმოებული კამპანიის თემაზე. ჰილარი კლინტონმა რუსეთის მიერ სირიაში დაწყებულ საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით განაცხადა: „ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანია - შეერთებულმა შტატებმა პუტინს ცხადად უნდა დაანახოს, რომ სრულიად მიუღებელია მისი მხრიდან სირიაში მეტი ქაოსის შეტანა და ასადის სახელით ქვეყნის დაბომბვა“.

კლინტონისგან განსხვავებით, სანდერსი ამბობს, რომ პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეერთებული შტატები სირიის კონფლიქტში არ ჩაერთოს და ასპარეზი არაბულ ქვეყნებს დაუთმოს. დემოკრატიული პარტიიდან ნომინაციის მოპოვების მსურველ ამ ორ კანდიდატს ასევე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა ამერიკისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლის კანონი. კლინტონი და სანდერსი მეტ-ნაკლებად თანხმდებოდნენ სოციალური უთანასწორობის პრობლემების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თემაზე, რასიზმის, ემიგრაციის, ჯანდაცვის საკითხებზე.

ზოგადად, დემოკრატთა პირველი საჯარო დებატები შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კორექტულ, აკადემიურ ვითარებაში წარიმართა. ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე ძლიერად და თავდაჯერებულად კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონი გამოიყურებოდა. ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის, დემოკრატი სტრატეგების თქმით, ეს რიგით ალბათ 24-25-ე დებატები იყო. როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა ბერნი სანდერსიც, რომელმაც მოგვიანებით „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კანდიდატები დებატებზე კონფრონტაციულები არ იყვნენ და ქვეყნისთვის საჭირბოროტო, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობა მოახერხეს.

დემოკრატთა მომდევნო დებატები დეკემბერში გაიმართება. რესპუბლიკელთა მორიგი, რიგით მესამე დებატები 28 ოქტომბერს კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში იგეგმება.

იხილეთ დამატებით:

ტელეკომპანია მაესტროსთვის მომზადებული ტელე-სიუჟეტი

XS
SM
MD
LG