ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკიდურესად მემარჯვენე ტერორიზმი აღმავალ გზაზეა


ავსტრალიაში დაფუძნებული ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული, ყოველწლიური “გლობალური ტერორიზმის ინდექსი” მიანიშნებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, “უკიდურესად მემარჯვენე იდეებით მოტივირებული ტერორიზმით” გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი 709 პროცენტით გაიზარდა, იმავდროულად კი, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველა სხვა ფორმის ტერორიზმის, მათ შორის რადიკალი ისლამისტების ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი 15 პროცენტით შემცირდა.

109 გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წლის ყველაზე შემაშფოთებელი მიმდინარეობა ისაა, რომ უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური ტერორიზმი მკვეთრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად მემარჯვენეთა თავდასხმების აბსოლუტური რაოდენობა, ტერორიზმის სხვა ფორმებთან შედარებით ნაკლები რჩება.
ანგარიში აჩვენებს, რომ მემარჯვენე ტერორიზმი მემარცხენე ტერორიზმთან შედარებით უფრო მომაკვდინებელია, მაგრამ არა ისეთი მომაკვდინებელი, როგორც დასავლეთში ისლამისტური ტერორიზმი. მემარჯვენე ტერორიზმმა 2019 წელს 89 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 51, ახალი ზელანდიის ქრაისტჩერჩში მდებარე მეჩეთზე თავდასხმებისას დაიღუპა.
2002 წლის შემდეგ, უკიდურესად მემარჯვენე 332 თავდასხმის თითქმის 50 პროცენტი შეერთებულ შტატებში მოხდა. მეორე ადგილზეა გერმანია 48 შემთხვევით და მესამეზე ბრიტანეთი, სადაც 35 შემთხვევა აღირიცხა.



ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ექსპერტმა კეროლინ გალაჰერმა, რომელიც უკიდურესად მემარჯვენე და ორგანიზებული ძალადობის საკითხებზე მუშაობს, “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ უკიდურესად მემარჯვენე ტერორისტულ აქტებს, ტრადიციულად ინდივიდები სჩადიან და მათი მსხვერპლი ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, მცირერიცხოვანია. ისეთი ჯგუფები კი, როგორიცაა ე.წ. “ისლამური სახელმწიფო”, უფრო არმიასავით იქცევიან.
ანგარიში ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ 2019 წელს, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მსხვერპლის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, როდესაც 1500 ადამიანი მოკლეს, 40 პროცენტით შემცირდა. სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან შედარებით მათი მსხვერპლის რაოდენობის შემცირება, ამ ჯგუფის მიერ თავისი ე.წ. “ხალიფატის” დაკარგვას უკავშირდება, რომელიც ერაყის და სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილებს იკავებდა.
ანგარიშში, ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე საშიშ ქვეყნად ავღანეთია მოხსენიებული.
გალაჰერმა თქვა, რომ ანგარიშში მოყვანილი დასკვნები შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციისთვის იმის შეხსენება უნდა იყოს, რომ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხე სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ყურადღება უნდა მიექცეს სამხედრო ძალებში და პოლიციაში თეთრი რასის უპირატესობის იდეების შეღწევას და შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც ამ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფების მიმართ მოქმედებას განააზღვრავს.

მასალა მოამზადა "ამერიკის ხმის" ექსტრემიზმის კვლევის რედაქციამ ვაშინგტონში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG