ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში თავდამსხმელი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო


სამშაბათს, ავსტრიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი მოკლა და 14 დაჭრა, ტერორისტული ჯგუფის, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “წინა ღამეს, სულ მცირე, ერთი ისლამისტი ტერორისტის თავდასხმის სამიზნე გავხდით”. მოგვიანებით ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა.

ნეჰამერმა თქვა, რომ თავდამსხმელი საიერიშო შაშხანით იყო შეიარაღებული და თვითმკვლელის ყალბი ქამარი ჰქონდა შემოკრული. მან პრესას დამატებით უთხრა, რომ თავდამსხმელი გასულ წელს, სირიაში გამგზავრების და “ისლამურ სახელმწიფოსთან" შეერთების მცდელობისთვის გაასამართლეს და სასჯელი შეუფარდეს.

პოლიციამ თავდამსხმელი გაანეიტრალა და მოკვლევას აგრძელებს, რათა თავდასხმის შესაძლო თანამონაწილეებიც დაადგინოს.

ხელისუფლებამ მოსახლეობას ურჩია ხალხმრავალ ადგილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოერიდონ. სტუდენტებს ნება დართეს სამშაბათს სასწავლებლებში არ მივიდნენ.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურზმა თქვა, რომ ტერორისტები მის ქვეყანას ვერ დააშინებენ.

ავსტრიაში მომხდარი თავდასხმა დაგმეს ევროპის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG