ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავლის პერსპექტივები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ


მომავლის პერსპექტივები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
მომავლის პერსპექტივები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით დვალიძე ამბობს, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირს შესაძლებლობა აქვს არჩევანი გააკეთოს: მიიღოს დევნილთათვის განკუთვნილი დახმარება, ან ისარგებლოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილის შემწეობით. დევნილი ოჯახის ერთმა წევრმაც რომ მოახერხოს სამუშაოს შოვნა, ის ავტომატურად გამოეთიშება სიღარიბის პროგრამას, თუმცა, სამაგიეროდ, კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა ისინი კვლავ გადაერთონ დენილთა დახმარებაზე. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ უსტატუსო დევნილებს, მათი საქმე განსაკუთრებულადაა. გარდა იმისა, რომ ისინი ოფიციალური დევნილებისთვის განსაზღვრულ დახმარებას ვერ იღებენ, არსებული კანონდებლობიდან გამომდინარე, არც სამუშაოს ძებნით უნდა იყვნენ მოტივირებულები, რადგან ასეთ შემთხვევაში მოუწევთ უარი თქვან სიღარიბის პროგრამაში ჩართულობაზე. ქეთი ბებიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფროსის მოადგილე, განმარტავს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი, რომელიც, საშუალოდ, ოთხი სულისგან შედგება, თვეში, დაახლოებით, 100 ლარს იღებს პროგრამის ფარგლებში, რაც წლიურად 1200 ლარს შეადგენს. თუ ოჯახის რომელიმე წევრი სამი თვით, თვეში 200 ლარად დასაქმდება, ეს მყისიერად გამოჩნდება საგადასახადო უწყებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემოთხსენებული ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა პროგრამას დატოვებს. ქეთი ბებიაშვილი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში ჩადებული ეს ნორმა სრულიად კლავს მოტივაციას ადამიანებისთვის ეძებონ სამუშაო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ უწევთ უარი თქვან მიზერულ, მაგრამ სტაბილურ შემოსავალზე. „როგორ შეიძლება ვისაუბროთ მომავლის დაგეგმვაზე, როდესაც ადამიანებს მუშაობის მოტივაცისაც კი არ უქმნის სახელმწიფო,“– ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ზარდიაანთკარიდან დევნილი ციცინო ელიკაშვილიც ეგრეთ წოდებული უსტატუსო დევნილია. 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო მისი ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა. ახლა ისინი გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობენ სოციალური შემწეობის ამარა. ციცინო ელიკაშვილის ოჯახში რომელიმე წევრმა დროებითი სამუშაოც რომ იშოვოს, მათ ამ დახმარებაზე უარის თქმა მოუწევთ. „მთავრობას ვთხოვთ, შეიმუშაოს ისეთი კანონები, რომ დაგვეხმარონ, ან დაგვაბრუნონ სადაც ვცხოვრობდით“,– ამბობს ციცინო ელიკაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, დავით დვალიძე ამბობს, რომ დასაქმების შემთხვევაში ოჯახს სოციალური შემწეობა კი არ უუქმდება, არამედ უჩერდება. „თუ აღმოჩნდა, რომ ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობს, სოციალური შემწეობის გაცემა შეჩერდება, ოჯახს ხელახლა შეისწავლის სოციალური სააგენტო, დაუდგენს სარეიტინგო ქულას და ამის მიხედვით გადაწყდება მათთვის შემწეობის გაცემის საკითხი“,– ამბობს დავით დვალიძე.

რეალურად, ზემოთხსენებული პროცედურა დროში ორ წელსაც კი იწელება. არასათანადო სარეიტინგო ქულის მოსვლის შემთხვევაში კი პროგრამაში ჩართვაზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ სამი წლის შემდეგაა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG