ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების დილემა გორში


დევნილების დილემა გორში
დევნილების დილემა გორში

საბავშვო ბაღები გორში ჯერაც რჩება დევნილთა ჩასახლების ადგილებად.

საბავშვო ბაღები გორში ჯერაც რჩება დევნილთა ჩასახლების ადგილებად. აქ ისეთი კატეგორიის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ. ასეთები შეიძლება იყონ ისინი, ვინც სახელმწიფოსგან დამწვარი სახლის ნაცვლად 15 ათასი დოლარი, ან 10 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ, ამ თანხით ვერ მოახერხა საცხოვრებლის შეძენა, ან ისინი, ვისთვისაც აქამდე არანაირი ფულადი კომპენსაცია არ გაცემულა. ამ კატეგორიას კონფლიქტის ზონის მაცხოვრებელი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ეკუთვნოდეს, დაწყებული ფორმალურით და დამთავრებული ფორსმაჟორული გარემოებებით. ომის შემდგომ თანხის გაცემა დაზარალებული ადამიანებისთვის სახლის სახურავის რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა, მაგალითად, თუ რომელიმე სოფელში ერთ ჭერქვეშ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, მათ მიიღეს ფულადი შემწეობა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ასევე ერთ ჭერქვეშ მცხოვრებმა ორსულიანმა ოჯახმა. ასეთი გადანაწილებიდან გამომდინარე უსამართლობის განცდა ბევრ იძულებით გადაადგილებულს დაეუფლა. ცალკე განსახილველია, ეგრეთ წოდებული „ძველი დევნილების“თემა, ანუ იმ ადამიანების საკითხი, ვინც სახლი 1992 წლის კონფლიქტის შედეგად დაკარგა. მათ თავი სრულიად გარიყულად ჩათვალეს, რადგან სახელმწიფომ არანაირი კომპენსაცია არ გაიმეტა. მაგალითად, ერთი ქალბატონი, რომელიც „ძველი დევნილების“ კატეგორიას ეკუთვნის და ამჟამად მე12 საბავშვო ბაღს აფარებს თავს, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც იძულებული გახდა ცხინვალიდან წამოსულიყო. თავს ნათესავებთან აფარებდა. 2008 წლის შემდეგ, კი, როცა დაინახა, რომ სახელმწიფომ ახალი დევნილების დაკმაყოფილება დაიწყო, თავი იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო, რომ ნათესავის ოჯახიდან საცხოვრებლად მე–12 საბავშო ბაღში გადმობარგდა და ახლა იქიდან წასვლას არ აპირებს მანამ, სანამ კომპენსაციას არ მიიღებს.

„დაველოდები, როცა პოლიცია მოვა ჩემს გასაგდებად და მათ მაინც ვკითხავ, სად წავიდე“, ამბობს ჯულიეტა ღოლიჯაშვილი, რომელიც ასევე საბავშვო ბაღში ცხოვრობს, გასულ ხუთშაბათს იგი ბაღის გამგემ გააფრთხილა, რომ ბაღის დატოვებისთვის ერთი კვირის ვადა აქვს. ეს დრო ორ დღეში გადის. მას წასასვლელი არსად აქვს, რადგან ერგნეთში, სადაც მათი სახლი დაიწვა, მართალია გამოსაზამთრებლად კოტეჯი აუშენეს, მაგრამ, იქ ცხოვრების შესაძლებლობას ვერ ხედავს. მისი ოჯახიც ფორმალობის მსხვერპლია. ერგნეთში, მართალია ერთ ჭერქვეშ, ერთ სახლში, მაგრამ იზოლირებულად, სამი ოჯახი, 12 ადამიანი ცხოვრობდა მაზლის, მამამთილისა და მისი ოჯახების ჩათვლით. დამწვარ სახლზე კომპენსაცია მამამთილის ოჯახმა აიღო, რადგან სახლი მასზე იყო რეგისტრირებული, შვილებთან კი გაყრილობის დოკუმენტი გაფორმებული არ ჰქონდა. ჯულიეტა ღოლიჯაშვილის ოჯახი, მთელი რიგი ფორმალობებიდან გამომდინარე, დევნილადაც არ ითვლება.

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ის ადმიანები, რომლემაც მიიღეს თანხა, საბავშვო ბაღები უნდა დატოვონ, ხოლო მათ, ვისაც კომპენსაცია არ მიუღია, დარჩენა შეუძლია. ჯულიეტა ღოლიჯაშვილის შემთხვევა არც ერთ ამ კატეგორიაში არ ჯდება.

გორის საკრებულოს გამგებელი ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღების დევნილებისგან განთავისუფლების პროცესი უნდა დაიწყოს. მისი ინფორმაციით, აქ მყოფი ოჯახების უმრავლესობას უკვე აღებული აქვს სახელმწიფოსგან გარკვეული ოდენობის ფულადი კომპენსაცია.

დევნილებთა მიმართებაში პრობლემების მთელი კასკადია. ერთი მოუგვარებელი ან სანახევროდ მოგვარებული საკითხი უკავშირდება მეორეს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. თავდაპირველად, როდესაც დამწვარი სახლების მეპატრონეებისთვის 15 ათასი დოლარი ექვივალენტი თანხა გაიცა, ითქვა, რომ ეს არ იყო კომპენსაცია, რადგან არ შეიძლება ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე უვლიდი და აშენებდი 15 ათას დოლარად შეფასდეს. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს 15 ათასი დოლარი ქონების კომპენსაციად დევნილისთვის? ან თუ ასეა, რა კრიტერიუმით დადგინდა ეს თანხა, – უპასუხო კითხვაა. რამდენიმე დღის წინ გორში გამართული ჟურნალისტების შეხვედრაზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ყველაზე ჩაკეტილ უწყებად დასახელდა.

XS
SM
MD
LG