ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის რეიტინგი - დასავლეთის თავსატეხი და რუსეთის სიამაყე


 ლევ გუდკინი, "ლევადის ცენტრის" დირექტორი
ლევ გუდკინი, "ლევადის ცენტრის" დირექტორი

ეკონომიკური კრიზისის და ცხოვრების სტანდარტის გაუარესების მიუხედავად ვლადიმირ პუტინისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა ისევ მაღალია. პუტინის 86-პროცენტიანი რეიტინგი დასავლელი ანალიტიკოსებისთვის, ხშირად, თავსატეხია.

რუსეთში, ლევადის ცენტრის მიერ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის ლიდერისადმი მხარდაჭერა ქვეყნის მიერ სამეზობლოში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების პარალელურად იზრდება.

ლევადის ცენტრის დირექტორი, ლევ გუდკინი ამბობს, რომ ამის მაგალითი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსიაა. ორივე კონფლიქტის შემდეგ პუტინის რეიტინგი 80 პროცენტს გასცდა. მიზეზად გუდკინი “ეროვნულ სიამაყეს” ასახელებს”

მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, რომ რუსეთმა დაიწყო აღმავლობა და რომ ის ისევ „ველიკაია დერჟავა“ ხდება; ეს კი ზრდის რუსების ეროვნულ სიამაყეს."
ლევ გუდკინი

„ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო განწყობის შექმნა, რომ რუსეთი არის მსხვერპლი, რომ მას ჰყავს მტრები. ამან გამოიწვია შიდა მხარდაჭერის და ერთიანობის კონსოლიდირება. მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, რომ რუსეთმა დაიწყო აღმავლობა და რომ ის ისევ დიადი სახელმწიფო - „ველიკაია დერჟავა“ ხდება; რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება და რომ ამით იზრდება რუსეთისადმი პატივისცემა. ეს კი ზრდის რუსების ეროვნულ სიამაყეს. 2008 წლის ომის და ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოკითხულები ამბობდნენ, რომ რუსეთმა კბილები გამოაჩინა, რომ მას ვერაფერს გაუბედავენ. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სოციალური პროტესტის შესაძლებლობებს ამცირებს.“

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე, მოსახლეობის მიერ მთავრობის და პირადად პუტინის აღქმებზე გუდკინმა ვაშინგტონში, უიდროუ უილსონის ცენტში ისაუბრა.

საშინაო პრობლემების მიუხედავად, როგორიცაა კორუფცია, კრიმინალი და ეკონომიკის დაღმასვლა, პუტინის რეიტინგები მაინც მაღალი რჩება, რასაც რუსეთის მკვლევარი და უილსონის ცენტრის დირექტორის მოადგილე უილიამ პომერანცი ლიდერისადმი ერთგულებით ხსნის. მისი თქმით, პუტინი მოსახლეობის საშინაო პრობლემებიდან ყურადღების საგარეო პოლიტიკაზე გადასატანად „კრიზისის ექსპორტს“ მიმართავს.

„ყველაზე შემაშფოთებელი ამ ამბავში ის არის, რომ, როგორც ჩანს, პუტინს მსგავსი კრიზისების შექმნა სჭირდება რათა გაიმყაროს მოსახლეობის მხარდაჭერა. მთავარი კითხვაა - რას იზამს პუტინი თუ ის იგრძნობს რომ რუსეთში მისი პოპულარობა კლებულობს, კითხვად რჩება რას იზამს პუტინი მისი მხარდამჭერების და პოპულარობის გასაზრდელად. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ამისთვის პუტინს საგარეო კრიზისი ჭირდება, საგარეო კონფლიქტებით ახდენს ის მხარდამჭერთა მობილიზებას. ეს კი ძალიან სახიფათო მიდგომაა,“ ამბობს პომერანცი.

ლევადის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ პუტინის მაღალი რეიტინგის მიუხედავად, გამოკითხულები მთავრობით უკმაყოფილებას არ მალავენ. მოსახლეობის უკმაყოფილება, ძირითადად, დაბალ შტოებზე მოდის. „ხალხი უკმაყოფილოა მთავრობის, პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის მუშაობით. ხალხის უკმაყოფილებას და ნეგატიურ განწყობას ისინი იზიდავენ,“ ამბობს პომერანცი.

"რაც უფრო მკაცრი იყო რუსეთის ქმედებები, უფრო ძლიერდებოდა სიამაყის გრძნობა"
ლევ გუდკინი

პუტინის 86-პროცენტიანი რეიტინგი, გუდკინის თქმით, არ უნდა აღვიქვათ, როგორც მისი ქარიზმატულობით აღტაცება: „პუტინი ქარიზმატული ლიდერი არ არის. მას არ აქვს ქარიზმატული ლიდერისთვის ან დემაგოგისთვის დამახასიათებელი არც ერთი თვისება. ქარიზმატული ლიდერისგან განსხვავებით ის ქვეყანას ახალ კურსს, ახალ პოლიტიკურ მიმართულებას არ აჩვენებს. პუტინი ეფუძნება ძალოვან სტრუქტურებს და მოსახლეობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული რეჟიმის ხასიათი.“

კონფლიქტების მიღმა პერიოდში პუტინისადმი სიმპათიას მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი გამოხატავს. დიდი ნაწილის მთავარი განწყობა ინდიფერენტულობაა. „სწორედ ეს არის კრემლის პოლიტიკის მიზანი - მოსახლეობა იყოს ინდიფერენტული და რაც შეიძლება ნაკლებად ჩართული ქვეყნის პოლიტიკაში,“ ამბობს გუდკინი.

ლევადის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ასევე აჩვენებს, რომ პუტინისადმი სიმპათია და რუსეთით, როგორც „ველიკაია დერჟავათი“ სიამაყე ვრცელდება როგორც იმათზე, ვისაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება ახსოვთ, ასევე ახალგაზრდებზე, რომლებიც 90-იანი წლების სირთულეების მომსწრენი გახდნენ.

"ვინც ელცინის რეფორმების დროს სირთულეში იზრდებოდა, პუტინს ხედავს როგორც სტაბილურობის და პატრიოტიზმის წყარო"
უილიამ პომერანცი

„თუ1999 წელს გამოკითხულთა 65 პროცენტი მიიჩნევდა რომ რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა „სუპერ დერჟავის“ სტატუსი, 2008 წელს საქართველოსთან ომის და 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროს, მოსახლეობაში გაიზარდა „დიდი სახელმწიფოს“ აღზევების განცდა. „დერჟავის“ სტატუსის დაკარგვა რუსებისთვის დიდი ტრამვა იყო, ყირიმის შემდეგ კი რუსეთმა, მათი აზრით, ეს სტატუსი აღადგინა. რაც უფრო მკაცრი იყო რუსეთის ქმედებები, უფრო ძლიერდებოდა სიამაყის გრძნობა,“ ამბობს გუდკინი.

მკვლევარის თქმით, სწორედ ეს სიამაყის განცდა აერთიანებთ პუტინის მხარდამჭერებს მიუხედავად მათი ასაკისა და ისტორიული მეხსიერებისა.როგორც კვლევებიდან ირკვევა, საგარეო პოლიტიკის გარდა, არც ერთ სხვა სფეროში მაღალი მოწონება და მხარდაჭერა არ აქვს.

„ახალი თაობა ძალიან რთულ პერიოდში იზრდებოდა, როცა ყველა ხედავდა ქვეყნის პრობლემებს, უმრავლესობას სურს სჯეროდეს მისი ქვეყნის, უნდათ სჯეროდეთ, რომ მათი ქვეყანა ძლიერია, ამ თვალსაზრისით ახალგაზრდების განწყობა არ არის გასაკვირი. არ არის გასაკვირი, რომ ახალგაზრდები, ვინც ელცინის რეფორმების დროს სირთულეში იზრდებოდა, პუტინს ხედავს როგორც სტაბილურობის და პატრიოტიზმის წყაროს,“ ამბობს უილიამ პომერანცი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობა მიიჩნევს რომ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩამონათვალს შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი საქართველოა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო ამ ჩამონათვალს ლიდერობდა, მაშინ მოსახლეობის 68 პროცენტი საქართველოს რუსეთისადმი ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ მიიჩნევდა.

XS
SM
MD
LG