ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოში არა "მოკავშირეები" არამედ "მსახურები" არიან, როგორც პუტინი ამბობს?


ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის დოკუმენტური სერიალის "პუტინის ინტერვიუები" ერთ-ერთ სეგმენტში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნატოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის იარაღად იყენებს. მან ასევე თქვა, რომ ნატოში გადაწყვეტილების მიღების დროს, მოკავშირეების ხმას თანაბარი წონა არ აქვს.

ვლადიმირ პუტინი დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაში, რომ ნატოს წევრებს შორის განხეთქილება გააჩინოს. დაქსაქსული ნატო უფრო ადვილად მოექცევა რუსეთის „წახალისებისა“ და „სასჯელის“ გავლენის ქვეშ, ვიდრე ერთიანი ნატო.
კურტ ვოლკერი

დღევანდელ დღეს, ნატო სხვა არაფერია თუ არა, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ნატოს არ ჰყავს მოკავშირეები, მასში მხოლოდ მსახურები შედიან. როდესაც ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ძალიან ძნელია წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა,“ თქვა პუტინმა.

ნატოს ოფიციალური პირები და ექსპერტები, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში აცხადებენ, რომ ნატო კონსესუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, სადაც ყველა წევრს, განურჩევლად ზომისა, გადაწყვეტილების მიღების დროს თანაბარი წონა აქვს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ნატო ისტორიის მანძილზე ყველაზე წარმატებული ალიანსია. აი რატომ:

1949 წელს ნატოს შექმნას რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი ედო საფუძვლად. მათ შორის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ კონსესუსზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ სუვერენული ქვეყნის თავისუფალ ნებაზე იქნებოდა დაფუძნებული.

„ნატო საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. მისი წევრები თავად წყვეტენ სურთ თუ არა ალიანსში გაწევრიანება და მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება,“ აღნიშნა გერმანიის ელჩმა აშშ-ში პიტერ ვიტიგმა Polygraph.info-სთან ელექტრონულ მიმოწერაში.

„უსაფრთხოების საერთო გარანტიებით ერთმანეთთან დაკავშირებული ალიანსის წევრები აცნობიერებენ, რომ ნატოს სიძლიერე მნიშვნელოვნად აღემატება ინდივიდუალური წევრების შესაძლებლობების უბრალო ჯამს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, დავინახეთ, რომ პოლიტიკური და სამხედრო ძალის ასეთი გაერთიანება ჩვენი მთავარი აქტივია,“ დასძინა გერმანიის ელჩმა.

ალიანსის აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერება რუსეთის მოქმედებებზე ნატოს პირდაპირი რეაგირება იყო - არა კონფლიქტის პროვოცირების, არამედ კონფლიქტის პრევენციის და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით.
ნატოს წარმომადგენელი

შეერთებული შტატები ალიანსის ყველაზე დიდი ქვეყანაა. ამჟამად, ნატოს სამხედრო დანახარჯების 72 პროცენტი ამერიკაზე მოდის. ნატოს წევრები თანხმდებიან, რომ „მთლიანად ალიანსი ზედმეტად ეყრდნობა შეერთებულ შტატებს.“

თუმცა, ამერიკის მიერ თავდაცვის დანახარჯების სიდიდე ალიანში შემავალი მცირე ზომის წევრების უფლებებს არ უზღუდავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა - ის ფინანსურადაც მეტ მონაწილეობას იღებს ალიანსში და დიდი პატივისცემას და უფლებამოსილებას იმსახურებს. მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ალიანსში ყველა წევრ სახელმწიფოს თანაბარი უფლებები აქვს,“ განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა.

ნატოში გადაწყვეტილების მისაღებად წევრების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. „ყველა ქვეყანა უნდა დათანხმდეს. თუნდაც ერთი საწინააღმდეგო მოსაზრების შემთხვევაში ალიანსი გადაწყვეტილებას არ იღებს,“ თქვა ვოლკერმა. თუმცა, ასევე დასძინა, რომ მოკავშირეები პრაქტიკულებიც არიან და „თუ ერთი ქვეყანა მნიშვნელოვნად მეტ ჯარისკაცს ან თანხებს გზავნის რომელიმე ოპერაციაში, ბუნებრივია, სხვა წევრები ამ ქვეყნის გადაწყვეტილებას ცოტათი მეტ პატივს სცემენ.“

გერმანიის ელჩი პიტერ ვიტიგი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ერთ ქვეყანას წამყვანი როლი რომელიმე ოპერაციაში, ალიანსის ნებისმიერ წევრს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს. თუმცა, მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ არის მიღებული, რაც ახლა უკვე 29 მოკავშირე, თანხმობას გამოთქვამს, ვეტოს გამოყენება „მხოლოდ უკიდურესად ლიმიტირებულ შემთხვევებში ხდება.“

„როცა ნატოს ყველა წევრი ერთად მოქმედებას გადაწყვეტს, მსოფლიოში არავის შეუძლია ალიანსისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა
კურტ ვოლკერი

კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის. 2010 წლის სამხედრო დოქტრინაში რუსეთის ხელისუფლებამ ნატოს გაფართოება ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარ საფრთხედ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც სამხედრო ძალის გამოყენებით ევროპაში საზღვრები ერთპიროვნულად შეცვალა. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, სეპარატისტულ რეგიონებში საკუთარი ჯარები ხელახლა განალაგა და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და დღემდე აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას.

„დღეს, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას ერთმანეთი როგორც არასდროს ისე სჭირდება და ჩვენი ტრანსატლანტიკური ერთობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს,’’ იმეილით განუცხადა Polygraph.info-ს ნატოს ოფიციალურმა პირმა.

სწორედ ამის გამო, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთთან „ორმაგი მიდგომის“ პოლიტიკაზე. ამაში „კონსტრუქციული დიალოგის ძლიერ თავდაცვასა და შეკავებასთან შერწყმა“ იგულისხმება.

„მოკავშირეები არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერ და არალეგიტიმურ ანექსიას,“ აღნიშნა ნატოს წარმომადგენელმა. „ალიანსის აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერება რუსეთის მოქმედებებზე ნატოს პირდაპირი რეაგირება იყო - არა კონფლიქტის პროვოცირების, არამედ კონფლიქტის პრევენციის და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით,“ დასძინა მან.

ნატოს ფუძემდებელი დოკუმენტის „ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების“ მეხუთე მუხლის თანახმად, ერთ მოკავშირეზე შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა.

სწორედ ეს აქცევს ნატოს ისტორიის განმავლობაში „ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალიანსად,“ თქვა გერმანიის ელჩმა აშშ-ში. „ის ფაქტი, რომ ალიანსის 29 წევრი ერთობლივად განიხილავს კოლექტიური თავდაცვის და უსაფრთხოების გამოწვევებს, თითოეული მოკავშირისთვის უდიდესი დახმარებაა. ჩვენ ყველა პატივს ვცემთ და ვაფასებთ სტრატეგიულ ღირებულებებს და ალიანსის სამომავლო ორიენტაციას - მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების წინაშე,“ აღნიშნა პიტერ ვიტიგმა.

ვოლკერს აზრითაც ნატოს მთავარი სიძლიერე ერთობაა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება.

„სწორედ ამის გამო, ვლადიმირ პუტინი დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაში, რომ ნატოს წევრებს შორის განხეთქილება გააჩინოს. დაქსაქსული ნატო უფრო ადვილად მოექცევა რუსეთის „წახალისებისა“ და „სასჯელის“ გავლენის ქვეშ, ვიდრე ერთიანი ნატო,“ განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

მისივე თქმით, „როცა ნატოს ყველა წევრი ერთად მოქმედებას გადაწყვეტს, მსოფლიოში არავის შეუძლია ალიანსისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG