ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პოსტმოდერნული იმპერია - თანამედროვე ავტორიტარიზმის წარმატება


"ფიქრი იმისა, რომ რუსეთის გამოწვევა მხოლოდ შიდა რეპრესიასა და მისი მეზობლების- საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით შემოიფარგლება, მცდარია. კრემლის მიერ პარალელური ინსტიტუტების შექმნა, მთავრობის მიერ კონტროლირებადი სამოქალაქო საზოგადოება, პროპაგანდის მანქანა, მედია ტექნოლოგიები, რეალისტური, მაგრამ დეკორატიული არჩევნები, აქამდე აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ რუსული პროექტი... თუმცა კრემლი ცდილობს რეალობის ეს ვერსია დემოკრატიულ მსოფლიოშიც გაავრცელოს“ , - ნათქვამია ფრიდომ ჰაუსის კვლევაში, რომელიც თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას განიხილავს რუსეთისა და ჩინეთის მაგალითზე და აღწერს მათ მცდელობას ძირი გამოაცალოს დემოკრატიის პრინციპებს მსოფლიოს გარშემო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს გარშემო თავისუფალი საზოგადოებების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს

​1989 წელი ისტორიის დასასრულად გამოცხადა, როცა დასავლეთის დედაქალაქებმა ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფი იზეიმეს. ფრიდომ ჰაუსის ინდიკატორებით 1975 წლიდან 2000 წლამდე დემოკრატიების რაოდენობა მსოფლიოში გაორმაგდა. თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს გარშემო თავისუფალი საზოგადოებების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. ფრიდომ ჰაუსი თქმით, დემოკრატიული სისტემის ყველა ინდიკატორი, კანონის უზენაესობიდან დაწყებული და საარჩევნო პროცესებით დამთავრებული, მსოფლიოს გარშემო, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე კნინდება.

ფრიდომ ჰაუსი საუბრობს იმაზე, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმების გამოცოცხლებაა. თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები უფრო წარმატებულნი არიან მათი მეოცე საუკუნის წინამორბედები, რომელთა რეპრესიულმა პოლიტიკამაც მათი ჩამოშლა განაპირობა. ისინი ახერხებენ ღია საზოგადოების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და თავიანთი არალიბერალური ტაქტიკების საზღვრებს მიღმა, მათ შორის დემოკრატიებში, გავრცელებას.

რუსული პროპაგანდა ყირიმში
რუსული პროპაგანდა ყირიმში

კრემლის წრე

თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ აკონტროლონ არა მარტო ხელისუფლება და მისი განშტოებები, არამედ წარმატებით ახერხებენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, ეკონომიკის და უსაფრთხოების სამსახურების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

„განსხვავებით საბჭოთა სტილის კომუნიზმისგან, თანამედროვე ავტორიტარიზმს იდეა ან მესიანური განზრახვა არ ამოძრავებს. ეს რეჟიმები არც მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების, გადაადგილების და ფიქრის კონტროლს ცდილობენ. მედია ავტორიტარულ რეჟიმებში განსხვავებული და გასართობია, სამოქალაქო საზოგადოება შესაძლოა არსებობდეს (თუ ის პოლიტიკურ ცვლილებას არ შეეცდება), ხოლო მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ“ - ნათქვამია ანგარიშში. ავტორიტარული რეჟიმები დღეს მიხვდნენ როგორ დაამყარონ მაქსიმალური კონტროლი, მინიმალური პოლიტიკური ხარჯით.

რუსეთს ხშირად პოსტ-მოდერნულ იმპერიასაც უწოდებენ

პუტინის რუსეთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ავტორიტარული სისტემების განვითარებასა და გავრცელებაში. რუსეთს ხშირად პოსტ-მოდერნულ იმპერიასაც უწოდებენ. მოსკოვის მცდელობა გაავრცელოს მისი მოდელი, კალინინგრადიდან არ იწყება და ვლადივასტოკში არ მთავრდება. ის ცდება მის საზღვრებს. მოსკოვი ამისთვის ხისტ და რბილ ძალას ეყრდნობა.

რუსეთმა განახორციელა აგრესიული ნაბიჯები მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ფეხს იდგამდნენ ან დემოკრატიული მოძრაობები წარმატებულნი აღმოჩდნენ კორუმპირებული ავტორიტარი ლიდერების წინააღმდეგ
ფრიდომ ჰაუსი

„რუსეთმა განახორციელა აგრესიული ნაბიჯები მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ფეხს იდგამდნენ ან დემოკრატიული მოძრაობები წარმატებულნი აღმოჩდნენ კორუმპირებული ავტორიტარი ლიდერების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

ავტორიტარული რეჟიმები ახერხებენ ისტორიის გადაწერას, მედიაზე კონტროლის დამყარებას, ოპოზიციის შეზღუდვას და მხოლოდ სასურველი ფსევდო-პარტიების დაშვებას. ისინი ქირაობენ პოლიტიკურ კონსულტანტებს და ლობისტებს, რათა დემოკრატიულ ქვეყნებში მათი ინტერესები წარმოდგენილი იყოს. ამასთან, ისინი დასავლეთში თანამოაზრეებს ეძებენ ულტრა-ნაციონალისტური პარტიების და ანტი-კაპიტალისტური მემარცხენე ძალების სახით.

მოსკოვი
მოსკოვი

პლურალიზმის შირმა

განსხვავებით მათი წინამორბედებისგან, 21-ე საუკუნის ავტორიტარულმა რეჟიმებმა გააცნობიერეს, რომ მათ ჭირდებათ არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციის ილუზიის შესაქმნელად. თუ საბჭოთა დროს არჩევნები რიტუალს წარმოადგენდა, სადაც მხოლოდ კომუნისტური პარტიის კანდიდატები მონაწილეობდნენ და მოსახლეობა იძულებული იყო ხმა მიეცა, დღეს ავტორიტარულმა რეჟიმებმა შეიმუშავეს ტაქტიკები, რომლებიც მათ აძლევს საშუალებას შეინარჩუნონ ხელისუფლება და ამოეფარონ „მრავალფეროვნების შირმას“.

ამ „პოლიტექნიკოსების“ მიზანი (როგორც მათ რუსეთში ეძახიან), „არა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ გამარჯვებაა, არამედ სისტემის ისე ორგანიზება, რომ შეიქმნას შეჯიბრის ილუზია, როდესაც რეალურად შეჯიბრს პირიქით აქრობენ

ამ „პოლიტექნიკოსების“ მიზანი (როგორც მათ რუსეთში უწოდებენ), „არა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ გამარჯვებაა, არამედ სისტემის ისე ორგანიზება, რომ შეიქმნას შეჯიბრის ილუზია, როდესაც რეალურად შეჯიბრს პირიქით აქრობენ“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ ისეთი ტაქტიკას, როგორიცაა ოპოზიციის შევიწროება, მისი მარგინალიზება და ფსევდო-ოპოზიციის გამოგონება.

პროპაგანდა შინ და გარეთ

ჟურნალისტი და ავტორი, პიტერ პომერანცევი წიგნში „ არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია“ წერს, რომ 2000 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას, პუტინის პირველი ნაბიჯი ტელევიზიებზე კონტროლის დამყარება იყო. „სწორედ ტელევიზიების საშუალებით წყვეტდა კრემლი რომელ პოლიტიკოსებს ,,მისცემდა ნებას’’ ვითომდა ოპოზიცია ყოფილიყვნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ისტორია, რისი შიში და როგორი ცნობიერება უნდა ჰქონოდათ ადამიანებს. ახალი კრემლი საბჭოთა კავშირის მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებდა: ის არასდროს მისცემდა ტელევიზიას უფლებას მოსაწყენი გამხდარიყო“, - ამბობს პომერანცევი.

ახალი კრემლი საბჭოთა კავშირის მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებდა: ის არასდროს მისცემდა ტელევიზიას უფლებას მოსაწყენი გამხდარიყო
პიტერ პომერანცევი

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პომერანცევი აცხადებს, რომ ეს რეჟიმები დასავლურ ტაქტიკებს იყენებენ, მათი შოუები დასავლური ყაიდისაა, რათა მოსახლეობის ყურადღება მიიპყრონ.

„მათი მთავარი ფოკუსი დეზინფორმაციაა. მათ აღარ შეუძლიათ მედიის კონტროლი ცენზურით, მათ უწევთ დეზინფორმაციის და ცინიზმის გავრცელება რათა დააბნიონ მსმენელი და გააცამტვერონ ოპოზიცია“, - ამბობს ის.

ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში მოყვანილია მაგალითები მოსკოვის დეზინფორმაციისა, რომელიც რუსულ მედიაში ვრცელდება. სხვადასხვა დროს რუსულმა ტელეარხებმა გაავრცელეს ცნობები, რომ:

- „ამერიკამ ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დაიქირავა, რათა სინაიში 2015 წელს რუსული სამგზავრო ავიახაზები ჩამოეგდო“.

- „ამერიკის მიერ მხარდაჭერილმა უკრაინულმა ძალებმა სლავიანსკში 2014 წელს სამი წლის ბავშვი ჯვარზე გააკრეს“.

- „მალაიზიური ავიახაზების ჩამოგდება აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს ამერიკის გეგმის ნაწილი იყო, რათა ეს შემდეგ რუსეთისთვის დაებრალებინა“

არცერთი აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ამ ცნობებს რუსული მედია ატრიალებს და სხვადასხვა ვარიაციებს სთავაზობს მაყურებელს, რაც მათ აბნევს, ქმნის განცდას, რომ არსებული რამდენიმე ვერსიიდან ერთ-ერთი სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს და კვამლში ახვევს სიმართლის ძიების პროცესს.

ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სათავეში მოსვლიდან იყენებს მედიას საკუთარი მიზნებისთვის, თუმცა მედიასაშუალებების აქტიური მონოპოლიზაცია კრემლმა 2012 წელს დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მედია, დიდ დროს უთმობს პუტინის მოწინააღმდეგეების დემონიზაციას, აქეზებს მოსახლეობას საგარეო საფრთხის წინააღმდეგ და წარმოაჩენს ევროპას, როგორც ამორალურს. მედიის მონოპოლიზაციას, ინფორმაციის პოლიტიკის ცენტრალიზება მოჰყვა. სატელევიზიო წამყვანები რუსეთში ჟურნალისტური მიუკერძობლობის პრინციპის აბუჩად აგდებას შეუდგნენ, „რაშა თუდეი“ ექვს ენაზე მაუწყებლობას შეუდგა, ხოლო „სპუტნიკს“ მსოფლიოს 80 ქვეყანაში, 30 ენაზე აქვს რადიო გადაცემები და 24 საათის განმავლობაში ავრცელებს სიახლეებს.

რუსული მედია ავრცელებს მესიჯს, რომ უკრაინაში, საქართველოში ბალტიისპირეთში და ა.შ. რუსოფობიის საფრთხე დგას. ქვეყნის შიგნით საფრთხეს „მეხუთე კოლონა“ წარმოადგენს ბლოგერების, სამოქალაქო საზოგადოების და გეი-პირთა უფლებების დამცველების სახით
ფრიდომ ჰაუსი

„რუსული მედია ავრცელებს მესიჯს, რომ უკრაინაში, საქართველოში ბალტიისპირეთში და ა.შ. რუსოფობიის საფრთხე დგას. ქვეყნის შიგნით საფრთხეს „მეხუთე კოლონა“ წარმოადგენს ბლოგერების, სამოქალაქო საზოგადოების და გეი-პირთა უფლებების დამცველების სახით“, - ნათქვამია ანგარიშში.

პროპაგანდის როლის გაანალიზება 2014 წელს ყირიმის ანექსიას მოჰყვა, როდესაც დასავლეთი მიხვდა, რომ მედია დემოკრატიულ რეჟიმებში, განსაკუთრებით ევროპაში, მსგავსი შეტევისთვის მოუმზადებელი იყო. საინფორმაციო ომი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი თავდასხმითი იარაღი გახდა. რუსეთის სამხედრო სტრატეგია, ე.წ. გერასიმოვის დოქტრინა, საუბრობს ბრძოლის არაწრფივ მეთოდებზე, რომლის ნაწილიცაა „საინფორმაციო სივრცის და პოლიტიკური სისტემების მანიპულაცია“.

რუსული ოკუპაცია
რუსული ოკუპაცია

ახლო საზღვარგარეთი

რუსეთი, მედიის გარდა სხვა გზებსაც მიმართავს, რათა მეზობელ სახელმწიფოებზე ან თუ რუსულ ტერმინს ვიხმართ „ახლო საზღვარგარეთზე“ გავლენა მოიპოვოს. ეს ტაქტიკა შეიძლება რბილ და ხისტ ძალად დავყოთ.

რბილი ძალის მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც კრემლისთვის სასურველ მესიჯს ავრცელებენ, ასევე რუსულენოვანი ტელევიზია, ვაჭრობის და ენერგო პოლიტიკა. პუტინი ხშირად საუბრობს „ტრადიციულ ღირებულებებზე“ და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამასთან ის დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც „გარყვნილსა და არამორალურს“.

რბილი მეთოდებისგან განსხვავებით, კრემლი ასევე მიმართავს ხისტ გზებსაც, როგორიცაა კიბერ-შეტევები, სამხედრო ინტერვენცია, მუქარა და გაყინული კონფლიქტები.

„პუტინის რუსეთს ხშირად მისი პუბლიცისტები აღწერენ, როგორც „სუვერენული დემოკრატიის“ მაგალითს, თუმცა პრაქტიკაში, პუტინის რუსეთი არც დემოკრატიას და არც სუვერენიტეტს არ სცემს პატივს“, - ამბობს ფრიდომ ჰაუსის ანგარიში. „პუტინის რუსეთმა გაახანგრძლივა ან შექმნა გაყინული კონფლიქტები სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. კრემლი ინარჩუნებს შესაძლებლობას მოახდინოს დაპირისპირების გამწვავება, თუ ეს ამა თუ იმ ქვეყანაზე გავლენის მოპოვებაში დაეხმარება“.

პუტინის რუსეთმა გაახანგრძლივა ან შექმნა გაყინული კონფლიქტები სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. კრემლი ინარჩუნებს შესაძლებლობას მოახდინოს დაპირისპირების გამწვავება, თუ ეს ამა თუ იმ ქვეყანაზე გავლენის მოპოვებაში დაეხმარება

კრემლი იყენებს „რუსული სამყაროს“ იდეას, როგორც კულტურული და ცივილიზაციური სივრცის, რომელიც რუსეთის საზღვრებს ცდება. „ხშირად ეს მოქნილი და ბუნდოვანი ცნება მას აძლევს შესაძლებლობას რუსეთს შეიჭრას იქ, სადაცმისი წარმოსახვითი ძმები; ეთნიკური რუსები, რუსულად მოლაპარაკეები ან მართლმადიდებელი ქრისტიანები საფრთხის ქვეშ არიან“. - ამბობს ფრიდომ ჰაუსი. ამასთან ორგანიზაციის თქმით, „რუსეთი მხოლოდ იმ ქვეყნებში იყენებს რუსული სამყაროს იდეას, სადაც დემოკრატიისკენ მიდიან და ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება სურთ.“ ყაზახეთში და შუა აზიის სხვა ქვეყნებში რუსი მოსახლეობის დაცვის ინტერესი მოსკოვს ჯერ არ გასჩენია.

ინტერვენციის და ოკუპაციის შედეგად მოსკოვი ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს ამ ქვეყნების ტერიტორიებზე. თუმცა რუსეთთან კავშირი ოკუპირებულ რეგიონებში, მხოლოდ მარიონეტულ მმართველების თუ წაადგათ პირადად.

ეს ანკლავები, ისევე როგორც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, გაღატაკებული და ძლიერად შეიარაღებულია. სავსეა ბანდიტებით და კორუფციით
ფრიდომ ჰაუსი

„რუსეთს აქვს სამხედრო ბაზა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე დნესტრისპირეთში. ეს ანკლავები, ისევე როგორც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, გაღატაკებული და ძლიერად შეიარაღებულია. სავსეა ბანდიტებით და კორუფციით“, - წერს ფრიდომ ჰაუსი.

კვლევის ავტორი, არჩ პუდინგტონი, ამერიკის ხმასთან საუბარში თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ და უკრაინამ დემოკრატიული გზა და თავიდან აიცილოს რუსული ნარატივის გავრცელება ამბობს, რომ ამისთვის საკვანძო დემოკრატიული ოპოზიციის სიძლიერეა.

"ქვეყნიდან ქვეყნამდე, ავტორიტარების ხელისუფლებაში მოსვლა პოლიტიკური ოპოზიციის რღვევას მოჰყვა, რომელმაც კარი გაუხსნა ავტორიტარულ ლიდერებს რუსეთში, ვენესუელაში, უნგრეთში და თურქეთში. ქვეყანა მაშინაა საშიშროების წინაშე, როდესაც ერთიანი, ბრძოლისუნარიანი დემოკრატიული ოპოზიცია არ არსებობს", - ამბობს ის.

იმპერიის საპასუხო დარტყმა

როგორც ავტორი ტიმოთი სნაიდერი წერს მე-20 საუკუნის ევროპული ისტორია მაგალითი იყო იმის, რომ „საზოგადოებები შეიძლება დაიშალოს, დემოკრატიები ჩამოიშალოს, ეთნოსები დაირღვეს და ჩვეულებრივმა ადამიანებმა ხელში იარაღი აიღონ“. მიუხედავად ამისა, ბევრმა დასავლეთში მალევე დაივიწყა ტრაგედიის გამოცდილება და ცივი ომის დასასრული დემოკრატიის სამუდამო ტრიუმფად აღიქვა. ავტორიტარული რეჟიმების მეთოდები, სტრატეგიები და ქმედებები დასავლეთის ყურადღების მიღმა რჩებოდა.

„დასავლეთში თავს ირწმუნებდნენ, რომ თუნდაც თუ არსებულს მიღმა თავისუფლების გავრცელება ვერ მოხერხდებოდა, მათი დემოკრატიული სისტემა გამოწვევის წინაშე არ იდგა“, - ამბობს ფრიდომ ჰაუსი.

თუმცა 2016 წლის აშშ არჩევნებმა, ამერიკის და საფრანგეთის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევამ, და ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებამ, დასავლეთის თვითდარწმუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კვლევის ავტორები მოუწოდებენ დემოკრატიულ სახელმწიფოებს და დასავლეთს გააგრძელონ დემოკრატიის მხარდაჭერა, ასევე დაეხმარონ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, რომლის დემოკრატიული მისწრაფებებიც გამოწვევის წინაშეა. ისინი ამბობენ, რომ ამერიკის მიერ მსოფლიო ასპარეზე წამყვანი სახელმწიფოს როლის თამაშის გარეშე, ბრძოლა თავისუფლების დაცვისთვის განწირულია წარუმატებლობისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG