ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სახალხო კრება" და "ქართული პარტია" ისევ გაიყარნენ


ნინო ბურჯანაძის და ლევან გაჩეჩილაძის ერთობამ 2 დღე გაძლო, 22 მაისის ფოტო

სახალხო კრებისა და ქართული პარტიის გაერთიანება სულ ორ დღიანი გამოდგა. საჯარო შერიგებას ისევ გაყრა მოჰყვა. ქართულმა პარტიამ საკუთარ ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში დაბრუნება აუკრძალა.

შესაბამისად, გაუქმდა ხვალ 25 მაისს, ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი და დაანონსებული "მრისხანების დღე და რევოლუცია", რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის დასასრული უნდა მოჰყოლოდა.

ქართული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სახალხო კრებასთან და ნინო ბურჯანაძესთან შეუთანხმებლობა დაასახელა:

„მას შემდე, რაც ორი დღის განმავლობაში გვქონდა არაერთი მცდელობა მომდარიყო პოზიციების შეჯერება ნინო ბურჯანაძესთან. ეს მცდელობები სამწუხაროდ უშედეგოდ დამთავრდა.

გუშინ 22 მაისს, ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას - თავისუფლების მოედანზე გამართავს აქციას. ამასთან, როგორც სახალხო კრების წარმომადგენლებმა, ისე ნინო ბურჯანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ აქვთ გარკვეული ეჭვები ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით.

ყოველივე ამის გამო მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ და ამიტომ მივიღეთ, ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება.

ჩვენ გავაუქმეთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია და შესაბამისად, სახალხო კრებას და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში.

განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენთვის, საქართველოში ვინც ვართ იმ ადამიანებისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.

მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას. მიგვაჩნია, რომ შექმინ ვითარებაში, ეს იყო, მართალია ძალიან მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.“

ქართული პარტია სახალხო კრებას სულ 2 დღით შეუერთდა
ქართული პარტია სახალხო კრებას სულ 2 დღით შეუერთდა

სახალხო კრებამ უკვე განაცხადა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობიდან ქართული პარტიისა და ირაკლი ოქრუაშვილის გასვლის გამო საკუთარ გეგმებს არ ცვლის და 25 მაისს თავისუფლების მოედანზე მიტინგს აწყობს.

ამავე დროს, ხელისუფლებამ უკვე საჯაროდ დაადასტურა, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.

მოკავშირის გარეშე დარჩენილმა, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ქართული პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებას აღარ დაბრუნდეს საქართველოში სიმხდალე და სისუსტე უწოდა:

„ჩემის მხრიდან იყო დასმული ერთადერთი შეკითხვა ქართული პარტიის წარმომადგენლების წინაშე, რომელზეც მე პასუხი ვერ მივიღე ლევან გაჩეჩილაძისა და სოზარ სუბარისგან.

მათ მითხრეს, რომ თავად არ იციან ოქრუაშვილის გეგმების შესახებ არაფერი. ჩემი შეკითხვა იყო ერთადერთი - როგორ აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოსვლას? ის აპირებს ჩამოვიდეს, როგორც პოლიტიკოსი და იბრძოლოს პოლიტიკური მშვიდობიანი მეთოდებით, თუ ის აპირებს ან ცხივნალიდან, ან რომელიმე სხვა რეგიონიდან შემოსვლას და ძალისმიერ მოქმედებას.

ტელეკომპანია მაესტროს ეთერში მისი მხრიდან იყო განცხადება, რომ ის ყველა მეთოდით აპირებს ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ ვალდებული ვიყავი გამერკვია ეს საკითხი.

თუ ოქრუაშვილი ცხინვალიდან ან სხვა რეგიონიდან აპირებდა შემოსვლას და ბრძოლის დაწყებას ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში არ შედგებოდა შეთანხმება.

ვფიქრობ, საქართველოში არ აღმოჩნდება არცერთი ადამიანი, რომელიც იტყვის რომ ჩემის მხრიდან ამ კითხვების დასმა ლეგიტიმური არ იყო. ამ კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნებოდა შესაბამისი.“

სახალხო კრების აქციას 25 მაისს, ქართული პარტიის გარდა, არ უერთთდებიან ოპოზიციურ რვიანში შემავალი პარტიები. თითოეული მათგანი ელოდება, 31 მაისს, როცა ხელისუფლებამ საბოლოოდ უნდა განაცხადოს, თანხმდება თუ არა რვიანის წინადადებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკელთა ლიდერი დავით უსუფაშვაილი დარწმუნებულია, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკური პროცესის მიღმა ვითარების ესკალაციას ვერ შეძლებას, იგი უძულებული იქნება სერიოზულ დათმობებზე წავიდეს.

„ჩვენ რვიანმა ბოლოს 12 მაისს მივმართეთ ხელისუფლებას განცხადებით, შევახსენეთ მას ის ვადები და პირობები, რაც თავიდანვე იყო დათქმული. და ვუთხარით, რომ 31 მაისამდე ველით მათგან პასუხს.

დღესაც ვამბობ, ხელისუფლებას მოუწევს სერიოზულ დათმობებზე წამოსვლა, არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ასე, იმიტომ, რომ ეს სჭირდება სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს.

ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები, რომელიც რვიანმა დღემდე გამოიყება გარკვეულ შედეგს იძლევა, თუმცა ჩვენს ხელში არის სხვა არანაკლებ ეფექტური ბერკეტები, რომელთა გამოყენებას ჩვენ უკვე 1 ივნისიდან დავიწყებთ.“

სახალხო კრება
სახალხო კრება

სახალხო კრების ინფორმაციით, ამ დღეებში პოლიციამ 500-მდე მათი მომხრე დააპატიმრა. ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ შეფიცულთა რაზმის უფროსს, გენერალ გია უჩავას, რომელსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაედო ბრალად.

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გუშინ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება საქართველოს დესტაბილიზაციამდე მიიყვანს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი სახელმწიფო დარჩა, რომლებსაც მორალური უფლება არ აქვთ ისაუბრონ ადამიანის უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე და მათ რიცხვს განეკუთვნება რუსეთის ფედერაცია.

XS
SM
MD
LG