ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

21 მაისის შიში და მოლოდინი


21 მაისის შიში და მოლოდინი
21 მაისის შიში და მოლოდინი

ქართული ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხვალ დიდი აქციისთვს ემზადება. წარმომადგენლობითი სახალხო კრებისა და ქართული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გარდამტეხი ბრძოლის დრო დადგა. წინასწარი ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივობა მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია დაგეგმილი. დანარჩენ რეგიონებში აქციები არ იქნება. ოპოზიცია საზოგადოების მობილიზებას 21 მაისისთვის დედაქალაქში მთელი საქართველოდან აპირებს. რა მოლოდინია ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონებში? ამის შესახებ ინფორმაციის მიღება დევნილებისგან და კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებლებისგან ვცადეთ. რამდენადაც გამოიკვეთა, აქ სამი მიმართულებით მსჯელობენ ამ საკითხზე.

დევნილების ისეთი ნაწილი, რომლებსაც ჯერ კიდევ კომპენსაცია არ მიუღია, შიშობენ, რომ ქვეყანაში აქციებს თუ ხელისუფლების ცვლილება მოჰყვება, მათი ბედი კვლავაც გაურკვეველი დარჩება.

„ჩვენ დღე–დღეზე ველით კომპენსაციებს და ახლა რამე რომ შეიცვალოს, ჩვენ ვინღა მოგვხედავს“?– ამბობენ ისინი. თუმცა შიშის შესახებ როდესაც ვსაუბრობთ „სხვა შიშზეც“ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ერთერთი ომით დაზარალებული ქალბატონი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ბევრი იყოს მის ირგვლივ ისეთ ადამიანი, რომელსაც სურს წასვლა თბილისში და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ იმის გამო, რომ შესაძლოა მისი იდენტიფიცირება მოხდეს, პროტესტის გამოხატვის ეშინია.

„ყველას ჰყავს ისეთი ადამიანი, ვისაც სამსახური აქვს. აქციებზე თუ დაინახეს და გაათავისუფლეს სამსახურიდან, მერე რაღა ეშველებათ?– ამბობენ ომით დაზარალებულები.

აქციაზე მიუსვლელობის მესამე მოტივი, რომლის შესახებაც დევნილები მსჯელობენ, ნიჰილიზმს უკავშირდება. მაგალითად, ცხინვალისპირა სოფელ ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ აქციებზე წასვლის არ ეშინია, მაგრამ არ წავა, რადგან ოპოზიცია საზღვრის პირას მცხოვრებთა პრობლემებით ნაკლებად ინტერესდება. „განსაკუთრებულს არაფერს ველი, იმაზე მეტი უბედურება, რაც დაგვემართა, კიდევ რა უნდა იყოს?“– ამბობს ქალბატონი ლია.

საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ხვალინდელი დღის ეშინიათ. „ეს ქვეყანა ძლივს დაწყნარდა ომის შემდეგ, ახლა კიდევ რამე რომ დაიწყოს, მერე რაღა ვქნათ, სად წავიდეთ?“– ამბობენ ისინი.

ზოგიერთი დევნილი 21 მაისთან დაკავშირებით საუბარს ერიდება და არც სახელისა და გვარის დასახელება სურს. ამბობს, მხოლოდ იმას, რომ გაურკვევლობა მათში შიშის განცდას აძლირებს.

დღეს სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ საგანგებო განცხადება გააკეთა: „ხვალ, 21 მაისს "სახალხო კრება" სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გასანთავისუფლებლად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. სრულიად საქართველოს მასშტაბით მობილიზებულია "სახალხო კრების" სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი და ათიათასობით მხარდამჭერი.

2011 წლის 21 მაისს, თბილისში, 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და პარალელურად ბათუმში ერას მოედანზე საკუთარი ღირსებისა და კონსტიტუციური უფლებებისთვის ათეულობით ათასი ჩვენი თანამემამულე იკრიბება. იკრიბება ყველა ის ადამიანი, ვინც მზად არის ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლოს“– ნათქვამია მიმართვაში.

როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ხვალინდელი დღე აჩვენებს.

XS
SM
MD
LG