ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიონის ხეობის მცველები და ჰომოფობია


ულტიმატუმის ვადა გავიდა. შუადღიდან თბილისის ქუჩებში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მსვლელობა იმართება. ასობით ადამიანი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გადაადგილდება და მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

"გამოდი"! სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ აქციას, რადგან საკითხი, რის გამოც ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ მათი პრობლემა არ არის.

აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი დედაქალაქის სხვა ცენტრალური გზები გადაკეტეს.

დღის განმავლობაში აქციაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ.

ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილმა დღეს აქციაზე მყოფი ადამიანის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს. ერთ-ერთ აქციის მონაწილეს, სალომე ბარკერს, მხარზე ლგბტქ დროშა ჰქონდა დამაგრებული, რის გამოც ის აქციიდან გააძევეს. მანამდე კი მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი დღეს ღამეს რესპუბლიკის მოედანზე გაათენებს, აქცია კი დილიდან განახლდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, რომელიც გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორია, 25 მაისს გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში.

"ხვალ, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე დღეს ვართ წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის” - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მეტიც, გოლეთიანი მოუწოდებს მოქალაქეებს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არ მივიდნენ მთავრობის მიერ ორგანიზებულ აღლუმზე და აქციას შეუერთდნენ.

დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ქალაქის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ამ ჰესზე საუბარი არ ყოფილა, თორემ ის უკვე აშენებული იქნებოდა.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად და რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იმისთვის, რომ მე, თქვენ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები სწორად იყოს გამოყენებული,"- ამბობს კალაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ის ამბობს, რომ თუ აქციის მონაწილეებს მასთან შეხვედრის სურვილი ექნებათ მზად არის ისინი მიიღოს.

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, კი აცხადებს, რომ გზების გადაკეტვა არაკონსტრუქციული ნაბიჯია.

კანონმდებლობის ფარგლებში ყოველთვის დაცული იყო პროტესტის და გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, უპირველესი გამოსავალი გახლავთ დიალოგი, თუ პროტესტის მონაწილეებს არ აქვთ ამის სურვილი, როგორც მინიმუმ ისინი კანონმდებლობის ნორმების დაცვით უნდა წარმართავდნენ პროტესტს. თუ პროტესტი მიმართულია იქითკენ, რომ მიიღონ პასუხები კითხვებზე, ან მიიღონ მეტი ინფორმაცია იმ პრეტენზიებზე, რომელიც წაყენებული იყო პროექტის მიმართ, ამის საშუალებად მე ვხედავ არგუმენტირებულ დისკუსიას, საუბარს, დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ბიუროს სხდომაზე ღიად მათ შესთავაზა დისკუსია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG