ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა


ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში 14 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვება მხოლოდ მთავრობასთან დაკავშირებულმა ძალებმა მოიპოვეს, საპროტესტო აქციები გაიმართა.

საპროტესტო გამოსვლების და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გააუქმა და ჟეენბეკოვმა განაცხადა, რომ ის გადადგებოდა. თუმცა, დატოვებდა თუ არა ის პრეზიდენტის პოსტს ეს აქამდე სათუო იყო.

სოორონბაი ჟეენბეკოვი
სოორონბაი ჟეენბეკოვი

ყირგიზეთში, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, დემოკრატიის კუთხით შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა ქვეყანა სიღარიბეში, კორუფციაში და კლანურ დაპირისპირებებშია ჩაძირული.

განცხადებაში ჟეენბეკოვმა თქვა, რომ ის გადადგა, რადგან „მშვიდობა და ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა".

„მე არ ვცდილობ ძალაუფლებაში დარჩენას. არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში მიცნობდნენ როგორც პრეზიდენტს, რომელმაც სისხლი დაღვარა და მისივე მოქალაქეებს ესროდა“, - თქვა მან. „ამიტომ გადავწყვიტე გადავდგე“.

ჟეენბეეკოვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პრემიერ მინისტრის პოსტზე, სადირ ჯაფაროვის არჩევისა, „აგრესიული განწყობები არ გამქრალა“.

მან თქვა, რომ ქვეყანაში სამართალდამცავები და დემონსტრანტები შეტაკებების ზღვარზე არიან და მხარეებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს. ჟეენბეკოვმა ჯაფაროვსა და სხვა პარტიებს მოუწოდა, შეწყვიტონ დემონსტრაციები.

ჯაფაროვი ციხეში ადამიანის გატაცებისთის იხდიდა სასჯელს, სანამ მას აქციის მონაწილეები გაათავისულებნენ. ის აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება იყო.

ჯაფაროვი 2017 წელს დააკავეს და ბრალად რეგიონის გუბერნატორის გატაცება წაუყენეს. მანამდე მას ყირგიზეთის მთავრობაში მაღალი თანამდებობები ეკავა და ყოფილი პრეზიდენტის კურმანბეკ ბაკიევის მრჩეველი იყო, რომელიც 2010 წელს ჩამოაგდეს.

სადირ ჯაფაროვი
სადირ ჯაფაროვი

ჯაფაროვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მოტანას ემსახურებოდა. თუმცა, ოპოზიციური ფლანგი ვერც მის პრემიერობაზე თანხმდება. მას ხმა მხოლოდ 50 დეპუტატმა მისცა 120-მანდატიანი საკანონმდებლო ორგანოდან.

მოგვიანებით, ხელახალ სესიაზე მოხერხდა მისი დამტკიცება ხმების საჭირო რაოდენობით. თუმცა, ადგილზე მხოლოდ 51 დეპუტატი იმყოფებოდა. დანარჩენმა ხმა არაპირდაპირი გზით მისცა და შედეგად ჯაფაროვმა 61 ხმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მისი ლეგიტიმურობა ჯერ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ჯაფაროვს ნაციონალისტური პოზიციები უკავია. მას მხარდაჭერა ქვეყნის არაურბანულ ნაწილებში აქვს. ხოლო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების საბაზისო ამომრჩევლები ძირითადად ურბანულ ცენტრებში ცხოვრობენ. ის მოსახლეობას ყირგიზულად ესაუბრება, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებიც მათ რუსულად მიმართავენ.

ეს 15 წელში უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ყირგიზეთში ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებით შეიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG