ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ ომობენ მხარეები მთიან ყარაბაღში?


მთიან ყარაბაღში მსხვერპლის რაოდენობის ზრდასთან ერთად, საერთაშორისო მოთამაშეებს გაუჭირდებათ სომხეთის და აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ამას უკვე აშკარად შიშობენ დიპლომატები და ანალიტიკოსები.

ამ დრომდე, დაახლოებით 1000 ადამიანი, მათ შორის 60 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა მთიანი ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტს. ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, თუმცა მას ეთნიკური სომხები აკონტროლებენ.

ორ ქვეყანას შორის შაბათს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენი საათში დაირღვა. ორივე მხარე ბრალს ერთმანეთს დებს.

ყველაზე მძიმე ბრძოლა მთლიანი ყარაბაღის სამხრეთში, ჰადრუტის გარშემო მიმდინარეობს, ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრთან, სტეფანაკერტთან ახლოს. თუმცა, დაპირისპირება სხვა ნაწილებშიც გრძელდება.

აზერბაიჯანი ამბობს, რომ შაბათს ერევანმა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში, განჯაში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმით მიიტანა შეტევა, რომელსაც ცხრა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამ თავდასხმას „ომის დანაშაული“ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეში“ დარღვევა უწოდა. მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მომხდარს „შესაბამისად უპასუხებდა“.

განჯა, აზერბაიჯანი
განჯა, აზერბაიჯანი

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო პირები კი ბაქოს ბრალს სდებენ სტეფანაკერტის და სხვა ქალაქების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლის გახსნაში.

“მსხვერპლი საზოგადოების რადიკალიზებას იწვევს და ვითარების განმუხტვას პოლიტიკურად ართულებს“, - ამბობს ლორენს ბრუზი, „ჩათჰამ ჰაუსიდან“.

„დაბომბვის კვალდაკვალ, მშვიდობიანი მოქალაქეები, ორივე, მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა და კონტაქტის ხაზთან აზერბაიჯანელი მოსახლეები, ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდიან“, - ამბობს ის.

ყარაბაღის გარშემო ეს სამხედრო დაპირისპირება, 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. ომმა მაშინ 30,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელიც რუსეთის შუამდგომლობით და შეერთებული შტატების და საფრანგეთის მხარდაჭერით იქნა მოლაპარაკებული.

აზერბაიჯანის და სომხეთის მხარეებს შორის, წლების მანძილზე ადგილი ჰქონდა ეპიზოდურ შეტაკებებს და დაშოშმინების პერიოდებს. თუმცა აზერბაიჯანულ მხარეზე, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, უფრო მეტი მზაობაა გარდატეხას მიაღწიოს საბრძოლო ველსა თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე.

აზერბაიჯანის უკმაყოფილებას დიპლომატიური პროცესის წარუმატებლობა იწვევს, რასაც ბაქო ხედავს, როგორც მისი მოთხოვნების უგულვებელყოფას. ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები წლებია უშედეგოა, რაც ბაქოს უკმაყოფილებას კიდევ უფრო აღვივებს.

მოთმინება იწურება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ის უკვე ათწლეულებია ითმენს და რომ პროგრესის არარსებობა მათზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ერევანზე. 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სომხეთმა არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე მოიპოვა კონტროლი, არამედ მის გარშემო არსებულ აზერბაიჯანის შვიდ რეგიონზე. სულ, სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, აზერბაიჯანის 20 პროცენტს შეადგენს.

ბაქო თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომელიც ავალდებულებს სომხეთის ჯარებს დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია, ერევნის მიერ წლების განმავლობაში უგულებელყოფილია.

ეკლესია შუშაში, დამბომბვის შემდეგ
ეკლესია შუშაში, დამბომბვის შემდეგ

„აზერბაიჯანი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ძალის გამოყენება უკიდურესი ზომა იყო, თუ სამშვიდობო პროცესი ამოიწურებოდა“, - ამბობს რობერტ კატლერი, კანადური გლობალურ საკითხთა ინსტიტუტიდან.

ერთი-ერთი მიზეზი, რაც ბაქოსთვის ბოლო წვეთი გახდა, სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის განცხადება იყო. აგვისტოში, ფაშინიანმა თქვა, რომ „მთიანი ყარაბაღი სომხეთია“.

„ეს არცერთ სომეხ პოლიტიკოს არ უთქვამს 1990-იანების დასაწყისის ომის შემდეგ. პირველი იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ნაღმია - რადგან ეს ტერიტორია საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული და მეორე იმიტომ, რომ სომხეთს სურდა შეენარჩუნებინა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შირმა, საკუთრივ სომხეთისგან“, - ამბობს კატლერი.

ვიდეოში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრმა გაავრცელა 6 ოქტომბერს, ჩანს, როგორ ხვდება ნიკოლ ფაშინიანი სამხედრო მეთაურებს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკიდან.

სტეფანაკერტი
სტეფანაკერტი

ივლისში ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას მოლაპარაკებებზე 800,000 ეთნიკური აზერბაიჯანელის ბედის შესახებ, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს, იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი სომხეთის და აზერბაიჯანის გვერდით. ამას კი ბაქო არ ეთანხმება.

თურქული გამბიტი

განახლებულმა ბრძოლებმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანი სამხედრო თვალსაზისით მნიშვნელოვნად მომზადებულია. აზერბაიჯანის სამხედრო მზაობა დიდწილად თურქეთის დამსახურებაა. ბაქო 2016 წლიდან მოყოლებული მის შეიარაღებას ანახლებს. მან, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით 10 მილიარდის ღირებულების შეიარაღება შეისყიდა საზღვარგარეთიდან.

“უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება, ვიდრე 2016 წლის საბრძოლო შეტაკებების დროს ვიხილეთ, შესაძლებელი გახდა თურქეთის და ისრაელის დრონების გამოყენებით და სომხეთის სახმელეთო ძალების ინდეტიფიკაციის შედეგად“, - ამბობს ლორენს ბრუზი.

აზერბაიჯანელი სამხედროები
აზერბაიჯანელი სამხედროები

„სიტუაცია ადგილზე ცვალებადია, თუმცა ჩანს რომ აზერბაიჯანის ძალებმა გამაგრებული საკონტაქტო ხაზი გაარღვიეს, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში“,- ამბობს ის.

ეს სამხედრო წარმატება უფრო მეტად გაართულებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მზაობას, დაუბრუნდეს სტატუს კვოს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა იმ აზერბაიჯანელთა მოლოდინები რომელმაც ყარაბაღი დატოვეს, დიდია. ალიევმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ტერიტორიას „ან მშვიდობით ან ომით“ დაიბრუნებს.

რიტორიკა ორივე მხარეზე მწვავეა, რაც მოსახლეობის კომპრომისისთვის მზაობას აქრობს და ორი ქვეყნის ლიდერების დათმობებზე წასვლის შესაძლებლობის ფანჯარას ამცირებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება კი ამ დრომდე არ ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG