ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი მოძალადე მღვდლებს ბრალის აღიარებისკენ მოუწოდებს


რომის პაპი ფრანცისკე პირველი პარასკევს მრევლის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგა და იმ სასულიერო პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროვებდნენ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ბრალის აღიარებისა და სასჯელის მიღებისკენ მოუწოდა.

კათოლიკური ეკლესია ბოლო წლების განმავლობაში ფართომასშტაბიან სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება ბავშვთა სექსუალურ შევიწროვებასა და მათზე ძალადობას, რაც, როგორც ჩანს, უფრო მაღალი რანგის სასულიერო პირების მხრიდან იმალებოდა.

"შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ წარსულში ბევრ საქმეს ექცეოდნენ არასერიოზულად და დაუყოვნებლივი ზომები არ იყო მიღებული. ეს კი სხვადასხვა მიზეზით ხდებოდა, იქნება ეს უპასუხისმგებლობა, ურწმუნობა, გამოცდილებისა და წვრთნის ნაკლებობა, სულიერი და ადამიანური ხედვის ნაკლებობა და სხვა", - განმარტა კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა.

მისი თქმით, იმ მოძალადე სასულიერო პირებს, რომლებიც აგრძელებენ ასეთ ქმედებებს, არც ღმერთის ეშინიათ და არც მისი განსჯის, არამედ მხოლოდ იმის, რომ მათი საქმეები არ გამოააშკარავდეს.

თებერვალში ვატიკანში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ეპისკოპოსები, სხვა სასულიერო პირები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და სექსუალური ძალადობის შესახებ შექმნილი კრიზისის თაობაზე იმსჯელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG