ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოს გაუხმაურებელ ვიზიტს ჩრდილოეთ კორეაში, ანალიტიკოსების ნაწილი “ძალიან დადებით ნიშნად” მიიჩნევს. 18 აპრილს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პომპეო ცოტა ხნით ადრე, ფხენიანში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა.

თეთრი სახლის კოორდინატორი განიარაღების საკითხებში, გარი სეიმორი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში მსახურობდა, ფიქრობს, რომ აღნიშნული შეხვედრა უმაღლესი დონის შეხვედრისთვის აქტიურ სამზადისზე მიუთითებს. “ვფიქრობ, პომპეოს საიდუმლო ვიზიტი ფხენიანში, ძალიან დადებითი ნიშანია და აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი გონივრულ და საჭირო ნაბიჯებს დგამს კიმ ჩენ უნთან მოსალოდნელი შეხვედრის მოსამზადებლად”.

სეიმორი წამყვან როლს თამაშობდა 1994 წელს ჩრდილოეთ კორეასთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებაში. ის სახელმწიფო დეპარტამენტში განიარაღების საკითხებზეც მუშაობდა. პროფესორ სეიმორს ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული შეთანხმების მიღწევაში გაწეული ღვაწლისთვის, 1995 წელს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მედალი გადასცეს.

რობერტ მანინგის, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თქმით, შეხვედრისადმი მზადყოფნა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მზად არის ამერიკასთან ბირთვულ განიარაღებაზე ისაუბროს. იმავე აზრისაა ევანს რივერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია “ძალიან დიდ მოსამზადებელ სამუშაოს ეწევა, რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ურთიერთობაში ადეკვატური სტრატეგიის შემუშავება მოხდეს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG