ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი პოლიტიკური პატიმრების არსებობას აღიარებს


პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების 208 კაციანი სია აზრთა სხვადასხვაობას იწვევს

პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების 208 კაციანი სია, რომელიც საქართველოს პარლამენტს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების საკითხების შემსწავლელმა“ სამუშაო ჯგუფმა წარუდგინა სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტპატიმართა სიაში მოხვდნენ სკანდალური სპეცოპერაციის „ენვერის“ დროს დაპატიმრებული და ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირები; ასევე, ე.წ „მუხროვანის ამბოხებისა“ და „ყინწვისის შეთქმულების“ საქმეებზე გასამართლებულები; 2011 წლის მაისის საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებული „სახალხო კრების“ აქტივისტები;

2010 წელს ტერაქტებში ბრალდებული მერაბ ყოლბაიას, იგივე კოჭოიას საქმეზე დაკავებულები და მთელი რიგი სხვა პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროით არიან გასამართლებულები. მათ შორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი გიორგი დემეტრაძე, ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, გიორგი ზერეკიძე, რომელიც 14 წლის ასაკში გაასამართლეს და გათავისუფლების შემდეგ ისევ ციხეში აღმოჩნდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს თუ რა პრობლემები შეექმნა პოლიტპატიმართა და პოლიტიკურ დევნილთა სიის შედგენისას და რატომ გაემიჯნა ამ პროცესს რამდენიმე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია:

„ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. დაახლოებით 50 ასეთი საქმე ჩვენ გვაქვს შესწავლილი და წარვადგინეთ ჩვენი დასკვნებიც. ასევე არის საქმეები, რომლებიც სხვა უფლებადამცველებმა, მაგალითად „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ და „ადამიანის დაცვის ცენტრმა“ შეისწავლეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დასკვნებს დიდ ანგარიშს ვუწევთ.

ჩვენ არ დაგვისვამს კითხვები იმ საქმეებზე, რომლებიც შესწავლილი იყო. თუმცა, საქმე იმაშია, რომ სამუშაო სიის ამოსავლად აღებული იყო „ჰელსინკის ჯგუფის“ მიერ შედგენილი სია, რომელსაც ნანა კაკაბაძე წარმოადგენს. ამ სიაში, ჩვენს მიერ შესწავლილ საქმეებთან ერთად, მოხვდა საქმეებიც, რომლებიც არ იყო შესწავლილი, არ არსებობდა დასკვნები, საქმის მასალები და არ იყო საქმეების განხილვის შესაძლებლობა.

ჩვენ ვამბობდით, რომ მთავარია ეს პროცესი ხარისხიანად გაკეთდეს, თითოეულ საქმეში დადასტურდეს ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობა - ის რომ, ნამდვილად, ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები.

რატომ? იმიტომ კი არა, რომ ვიღაცის ციხიდან გამოსვლის წინააღმდეგი ვარ - იმიტომ, რომ თუ კი ამ სიაში კრიმინალები მოხვდებიან და ვის საქმეშიც არ არის პოლიტიკური მოტივი ეს მთლიანად მთელი პროცესის დისკრედიტაციას მოახდენს.“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დადგენილების პროექტში 22 ადამიანი პოლიტიკურ დევნილად არის მიჩნეული. მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში; თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი; სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი;

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი; თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი იასონ ჩიხლაძე; პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე; ბიზნესმენი გურამ გოგუა; ყოფილი დეპუტატი მელიქ რაისიანი; საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი გოჩა ვეტრიაკოვი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.

გაერთიანებულ სიაში ასევე მოხვდნენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის მაღალჩინოსნები ძმები ქარქუსოვები; ეთნიკური სომეხი ვაჰაგნ ჩახალიანი, რომელიც ჯავახეთისთვის ფართო ავტონომიას ითხოვდა; პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია და სხვები.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ამბობს, რომ ეს სია საქართველოს სახელმწიფოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის:

„სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრები მობილური ტელეფონებით რეკავდნენ სამუშაო ჯგუფში და სთხოვდნენ, რომ შეეყვანათ ამ სიაში და, შესაბამისად, ნდობა არის ნულოვანი. ჩვენც გვაინტერესებს რამდენად აიღებს უმრავლესობა პასუხიმგებლობას ამ სიაზე?!

რამდენად მიაჩნიათ, რომ ეს წაადგება ქვეყანას, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირება საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობისა, რომელიც წლებია ევროსაბჭოსაც კი არ გაუჟღერებია საქართველოსთან მიმართებაში.“

სხვაგვარად ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი:

„მე მესმის უმცირესობის გაღიზიანება. მათ აწუხებთ ის საკითხი, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ასეულობით პოლიტიკური პატიმარი იყო საქართველოში. ეს მათთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ მოუწევთ ამ გაზიღიანების უკან წაღება.“

საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე საუბარი ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შემდეგ დაიწყო.

2008 წლის ნოემბერში „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) ოფiციალურად განაცხადა, რომ რვა ადამიანის პატიმრობა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

2009 წლის ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ, უფლებადამცველებმა გაავრცელეს სია, სადაც უკვე ასზე მეტი გასამართლებული ადამიანი მოხვდა.

2009 წლის ივლისში, 84 პოლიტპატიმრის სია გადაეცა საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის ვიცე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. ერთი წლის შემდეგ, 61 კაციან სიას გაეცნენ თბილისში მყოფი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამერბერგი, რომელიც ციხეში პატიმრებს მერაბ რატიშვილსა და ვლადიმერ ვახანიას შეხვდა.

საქართველოს წინა ხელისუფლება, ამჟამად საპარლამენტო უმცირესობა, კატეგორიულად უარყოფდა და დღემდე უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფაქტებს.

XS
SM
MD
LG