ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზიდან გლდანის საპყრობილეში


050215 Georgian Minister of Defence Mr. Irakli Okruashvili , NATO HQ, 15 February 2005

როგორ გამოიყენებს ახალი ხელისუფლება პატიმარ ირაკლი ოქრუაშვილს?!

საფრანგეთიდან საქართველოში ვარდების რევოლუციის, ალბათ, ყველაზე სკანდალური ფიგურა - ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოქრუაშვილს ინტერპოლის ხაზით ეძებდა. 2008 წლის მარტში ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ერთი თვის შემდეგ, დევნილ ქართველ პოლიტიკოსს საფრანგეთმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.

ოქრუაშვილი პარიზიდან დღეს გამთენისას გამოფრინდა და სტამბოლის გავლით თბილისში ჩამოფრინდა. თბილისის აეროპორტში ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც მოსალოდნელი იყო, დააპატიმრეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. დაპატიმრებამდე ორი საათით ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა სტამბოლის აეროპორტში კერძოდ განაცხადა:

„ორი მიზანი მქონდა ბოლო წლების მანძილზე ცხოვრებაში. ერთი მიშა (სააკაშვილი) მოგვეშორებინა და მეორე სახლში დავბრუნებულიყავი. მიშას მოშორება ნაწილობრივ მიყვანილია ფინიშამდე მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა გააკეთეს, პატარა წვლილი მაინც ხომ შევიტანე?!

მეორე მიზანს - სახლში დაბრუნებას - კი 2 საათი მაშორებს. სად ვიქნები არ ვიცი, მთავარია, საქართველოში ვიქნები. შემიძლია კატეგორიულად მოვითხოვო იქ ვიყო, სადაც ნაძირალა ახალაია ჰყავთ - ეს ისე იუმორით, დანარჩენი ვნახოთ. მე აწი საქართველოდან ვეღარავინ გამიყვანს.“

ირაკლი ოქრუაშვილი წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო. 2000 წელს იგი იუსტიციის მინისტრის, სააკაშვილის მოადგილე გახდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი გენერალური პროკურორის (2004 იანვარი-ივნისი), შინაგან საქმეთა (2004 ივნისი-დეკემბერი), თავდაცვისა(2004 დეკემბერი -2006 სექტემებერი) და ეკონომიკის (2006 სექტემბერი-ნოემბერი) მინისტრის თანამდებობები ეკავა.

ცხინვალში დაბადებული ოქრუაშვილი „ომის პარტიის“ ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა მის ცნობილ აგრესიულ განცხადებას რომ - დატოვებდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას თუ საქართველო ცხინვალს 2007 წლის 1 იანვრამდე ვერ დაიბრუნებდა. პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნებულმა ოქრუაშვილმა 2007 წლის 25 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილს უმწვავესი ბრალდებები წაუყენა:

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი პრეზიდენტ სააკაშვილის საკუთრებაა, ისევე როგორც მობილური კომპანია „ბილაინის“ 40 პროცენტი.

პრეზიდენტის უახლოესი ნათესავი, ნიკა ალასანია იარაღის ბიზნესს აკონტროლებს, პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია კი ქრთამის - 200 ათასი დოლარის - აღების გამო დააპატიმრა და შემდეგ პირადად სააკაშვილის თხოვნით გაუშვა.“

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილმა არაერთხელ მოსთხოვა გავლენიანი და მნიშვნელოვანი კონკურენტების ლიკვიდაცია. ამ ბრალდებების გაჟღერებიდან ორი დღის შემდეგ ოქრუაშვილი დააპატიმრეს.

ბრალი გამოძალვაში, ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს. ერთ-ერთი ეპიზოდი ეხებოდა, მობილურ კომპანია „ჯეოსელში“ ერთ-ერთი მეპატრონისთვის 2,6%-ის აქციების წართმევას.

უკვე 2007 წლის 8 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფმა ოქრუაშვილმა პრეზიდენტისადმი წაყენებული ყველა ბრალდება უარყო, ბრალი აღიარა და უპრეცედენტო 10 მილიონი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. 2007 წლის 1 ნოემბერს კი ოქრუაშვილი ძალით ჩასვეს თვითმფრინავში და საქართველოდან გააძევეს.

2007 წლის 28 ნოემბერს ოქრუაშვილი გერმანიაში დააპატიმრეს, 2008 წლის 10 იანვარს გერმანიამ ოქრუაშვილი საფრანგეთს გადასცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2010 წლის ნოემბერში ოქრუაშვილი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში და „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ დამაარსებელი გახდა.

ეს მცდელობა 2011 წლის ზაფხულში იმით დასრულდა, რომ პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით მორიგი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, სასამართლომ კი უკვე მეორედ, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

ირაკლი ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა:

„ოქრუაშვილი ნაციონალური ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი. რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად, ყველა იმ სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დადგეს, არის უდანაშაულო. ამას სჭირდება გამოძიება და ფაქტების დადგენა.

მის წინააღმდეგ აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჩვენ - როგორც მემკვიდრეობა დაგვხვდა წინა ხელისუფლებისგან. მე მგონია, რომ ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი სწორედ ეს არის, რომ მან აქ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე.“

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა მაშინვე როგორც კი ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ იგი პოლიტიკურ დევნილად აღიარა. გუშინ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა - 184 პირი პოლიტპატიმრად, 22, მათ შორის, ოქრუაშვილი კი პოლიტიკურ დევნილად აღიარა.

ამ კომიტეტის თავჯდომარე, ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი წევრი და მისი ყოფილი ადვოკატი ეკა ბესელიაა. საპარლამენტო უმცირესობაში უკვე გამოთქვეს ეჭვი, რომ ოქრუაშვილს ახალი ხელისუფლება მალევე გაათავისუფლებს და მას პრეზიდენტ სააკაშვილისა და „ნაციონალურმა მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოიყენებენ. დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ამბობს:

„თავის დროზე მას ბრალი ჰქონდა წაყენებული ფინანსური დანაშაულის გამოც. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მას ახალი ხელისუფლების იმედი აქვს, რომელიც სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელებისას აშკარად პოლიტიკურ მოტივებს ავლენს. ამ შემთხვევაშიც გამოავლენს, ოღონდ ოქრუაშვილისთვის დადებითად.“

ოქრუაშვილთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა მისი ბიძა. იოსებ გიგუაშვილიც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით მეორე წელია იძებნებოდა და ბუნებრივია ისიც დააკავეს. ოქრუაშვილისა და გიგუაშვილის ინტერესებს ოთხი ადვოკატი დაიცავს, მათ შორის ცნობილი იურისტი ზვიად კორძაძე.

XS
SM
MD
LG