ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი მოკავშირეები სააკაშვილის წინააღმდეგ


ქართული პარტიის სახეები
ქართული პარტიის სახეები

თვითმყოფადობა, უსაფრთხოება, პროგრესი და კეთილდღეობა - ასეთია ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული პარტიის“ სლოგანი, რომელიც, წარსულში პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესმა თანაგუნდელებმა, დღეს კი მისმა ყველაზე მწვავე ოპონენტებმა დააფუძნეს.

ახალ პარტიაში თანამდებობები ყრილობის შემდეგ გადანაწილდება. მანამდე კი ცნობილია ოთხი ლიდერი: სოზარ სუბარი, ყოფილი ჟურნალისტი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილი წევრი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლების მხარდაჭერით სახალხო დამცველი გახდა. მოგვიანებით, კი ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო ოპოზიციაში წავიდა.

მან უკვე მოასწრო ოპოზიციურ გაერთიანება - ალასანიასა და რესპუბლიკელების „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრობა, რომელიც ასევე კონფლიქტის გამო დატოვა. „ქართული პარტიის“ პრეზენტაციაზე სოზარ სუბარმა კერძოდ თქვა

„მთავარი, რაც დღეს სააკაშვილის რეჟიმს აცოცხლებს, ეს არის უიმედობა და ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არის გამეფებული. ეს უიმედობა და ნიჰილიზმი, როგორც კი დამთავრდება, იმ დღესვე საპნის ბუშტივით გასკდება, ის ვითომ ძლიერება და ვითომ სიმტკიცე, რომელიც ამ რეჟიმს აქვს.

სწორედ ამიტომ, ამ ნიჰილიზმის დასაძლევად, მოხდა, რომ ჩვენ გავერთიანდით, დღეს, განსხვავებული წარსულის, განსხვავებული ტემპერამენტის, ხშირად განსხვავებული მენტალიტეტისა თუ ზოგიერთ საკითხში, განსახვავებული შეხედულების ადამიანებიც. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, თუ არ იქნება ერთობა, თუ არ იქნება ერთად დგომა, სხვანაირად გამარჯვება არის შეუძლებელი.“

კიდევ ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძეა. ყოფილი, ბიზნესმენი, ღვინის კომპანია „ჯი-ვი-ეს“-ის მეპატრონე, 1999 წელს სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, რომელიც პარლამენტში „მოქალაქეთა კავშირის“ სიით შევიდა.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ დამფუძნებელი, რომელმაც მოგვიანებით პარტია ვარდების რევოლუციისადმი თანაგრძნობის გამო დატოვა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაჩეჩილაძე სააკაშვილის ყველაზე მძაფრი ოპონენტი იყო. მან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის რანგში, სააკაშვილს მოუგო კიდეც არჩევნები თბილისში, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც დამარცხდა. დღეს ლევან გაჩეჩილაძე ამბობს

„ჩვენ ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა სხვასთან ერთად, ვისაც უნდა ამ რეჟიმის შეცვლა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის ის, ატრიბუტი რომელიც ყოველთვის აკლდა ამ ბრძოლას. ამიტომ შევქმნით ისეთ სისტემას, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც აიღებს, არა მარტო რეჟიმის შეცვლაზე არამედ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე.“

„ქართულ პარტიაშია“ ეროსი კიწმარიშვილიც. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი მეპატრონე, მან ლომის წილი შეიტანა ვარდების რევოლუციაში;

სავაჭრო სამრეწველო პალატის ყოფილი თავჯდომარე, რომელიც 2004 წელს მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირების გამო ტელევიზიაში საკუთარი წილი გაყიდა და ქვეყანა დაეტოვა.

თუმცა ის, 2007 წელს, ისევ დაეხმარა სააკაშვილს ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებული ოპოზიციის დამარცხებაში. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, დღეს ოპოზიციურ ტელეკომპანია „მაესტროს“ მართავს და ამბობს, რომ „მაესტრო“ პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერთვება.

„ზუსტად იმიტომ შევქმენით, ეს პოლიტიკური პარტია, იმიტომ შევიკრიბეთ სრულიად განსხვავებული ბეგრაუნდის, წარსულის ადამიანები, რომლებიც სხვა და სხვა დროს, ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის დაპირისპირებაში ვიყავით., რომ ჩვენ დავინახეთ ერთი რაღაცა - თუ გვინდა ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან, თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა გახდეს წარმატებული, არის მხოლოდ ერთი საშუალება, კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ძალის შექმნა.“

„ქართული პარტიის“ დაფუძნებას თბილისში ვერ დაესწრო კიდევ ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და დაუსწრებლად 11 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილი ადვოკატი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტი, იუსტიციის მინისტრ სააკაშვილის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი რწმუნებული შიდა ქართლში; ყოფილი გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში.

ოპოზიციაში წასვლით ოქრუაშვილმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა სააკაშვილის ძალაუფლებას. ის, 2007 წლის 27 სექტემბერს დააპატიმრეს, როცა ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა და შემდეგ სრულიად გაუგებარ ვითარებაში (დანასაულის აღიარება, მრავალმილიონოანი საპროცესო), გააძევეს ქვეყნიდან.

ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ სწორი ოპოზიციური გადაჯგუფება არსებული ხელისუფლების დასასრულს დააჩქარებს.

„აშკარაა ერთი რამ, რომ შემოდგომიდან იქნება სულ სხვა რეჟიმში გადაყვანილი პოლიტიკური პროცესები, როგორც ოპოზიციის გადაჯგუფების თვალსაზრისით, ასეევ გარკვეული სტრატეგიის თვალსაზრისით.

წელს ეს რეჟიმი დამთავრდება გარკვეული სახის ძალისხმევით პოლიტიკოსების მხრიდან და უმტკივნეულოდ. მაგრამ, არ დამთავრდება, ჩემი ასე ნათქვამით. ყველამ თავისი ქამარი თუ არ მოიჭირა და ყველამ თავისი ერთი აგური ამ საქმეს არ დაადო ისე არაფერი არ გამოვა."

ხელისუფლების შეცვლა „ქართული პარტიის“ უმთავრესი ამოცანაა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი რუსეთთან ურთიერთობის "ნორმალიზებაა". სტრატეგიასა და ტაქტიკაზე საუბარი პარტიის პირველ ყრილობაზე იქნება, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება.

XS
SM
MD
LG