ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გდანსკის მერი საქველმოქმედო ღონისძიების დროს სცენაზე დანით მოკლეს


კვირას, პოლონეთის ქალაქ გდანსკში, საქველმოქმედო ღონისძიების დასრულებისას, დანით შეიარაღებული მამაკაცი სცენაზე აიჭრა და ქალაქის მერი პაველ ადამოვიჩი მუცლის არეში დაჭრა. მძიმედ დაჭრილი მერი მოგვიანებით გარდაიცვალა.

პოლონური მედია ორგანიზაცია „ტი ვი ენის“ ცნობით, თავდამსხმელმა სცენიდან წამოიყვირა, რომ წინა მთავრობის მმართველობის დროს, ის ციხეში უსამართლოდ ჩასვეს. „სამოქალაქო პლატფორმას“ მაშინ უმრავლესობა ჰქონდა და ადამოვიჩი მისი წევრი იყო,

თავდასხმაში ეჭვმიტანილი ადგილზე დააპატიმრეს.

„ტი ვი ენის“ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილმა წამოიძახა, რომ მისი სახელი სტეფანი იყო და ასევე წარმოთქვა: „ციხეში ჩამსვეს, მაგრამ უდანაშაულო ვიყავი... „სამოქალაქო პლატფორმამ მე მაწამა.“

პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი იყო 27 წლის, ადრე ნასამართლევი პირი, რომელსაც ბანკები ჰქონდა გაძარცვული. ასევე აღინიშნა, რომ თავდამსხმელი სცენასთან მედიის საშვით მოხვდა.

53 წლის ადამოვიჩი ქალაქ გდანსკის მერი 1998 წლიდან იყო. 80-იან წლებში, ის ამ ქალაქში დემოკრატიული ოპოზიციის ნაწილი იყო, რომელსაც ლეხ ვალენსა უძღვებოდა. „სამოქალაქო პლატფორმის“ დატოვების შემდეგ ის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, შემოდგომაზე მეექვსე ვადით აირჩიეს.

როგორც ქალაქის მერი, ადამოვიჩი პროგრესული ხმა იყო, მხარს უჭერდა ლგბტ თემის უფლებებს და უმცირესობებისადმი შემწყნარებლობას. გასულ წელს მან გეი აღლუმშიც მიიღო მონაწილეობა, რაც პოლონეთში ქალაქის მერისთვის იშვიათი შემთხვევაა.

გასულ წელს მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ებრაულ თემს, როდესაც ქალაქში მდებარე ერთ-ერთ სინაგოგის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. მერმა ვანდალიზმი მკაცრად დაგმო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG