ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რონ პოლი საპრეზიდენტო მარათონისთვის ემზადება


რონ პოლი საპრეზიდენტო მარათონისთვის ემზადება
რონ პოლი საპრეზიდენტო მარათონისთვის ემზადება

2008 წელს, როცა რონ პოლმა საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ რესპუბლიკელ კანდიდატად იყარა კენჭი, მას საკმაოდ დიდი რაოდენობით მხარდამჭერები გამოუჩნდა. ექსპერტების აზრით, იგივე ხალხი კვლავ მისცემს მას ხმას 2012 წლის არჩევნებში, მონაწილეობის მიღების შემთხვევაში.

პოლი ცდილობს თანაპარტიელებისგან რაც შეიძლება მეტად განსხვავებული გამოჩნდეს. ამ განსხვავების ხაზგასმას ის განსაკუთრებით ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე საუბრისას ცდილობს.

ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლმა განაცხადა, რომ ის ოსამა ბინ ლადენის სამალავზე განხორციელებული რეიდის მომხრე იყო, თუმცა არ ეთანხმება შეერთებული შტატების მიერ წარმოებულ ომს ტერორიზმის წინააღმდეგ:

„ჩვენ ერაყში შევიჭერით და ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. დაიღუპა 5000 ამერიკელი და მათთან ერთად ჩვენ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი მოვკალით. საერთო ჯამში ეს ძალიან ცუდი პროცესი იყო.“

75 წლის პოლმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პირველად 1988 წელს მიიღო. მაშინ ის ლიბერტარიანული პარტიის წარმომადგენელი იყო. 12 წლით ადრე კი 1976 წელს, ის ტეხასის კონგრესში პირველად აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოში.

პოლი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელმაც საკუთარი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა. ამერიკის კონგრესის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი ოფიციალურად გასულ კვირას შეუერთდა საპრეზიდენტო რბოლას. სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ცნობილი რესპუბლიკელი გამოთქვამს პრეზიდენტობის სურვილს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მათ შორის, სავარაუდოდ, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი იქნება, რომელმაც 2008 წლის არჩევნებზეც იყარა კენჭი. ბევრ რესპუბლიკელს ის რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ოპტიმალურ კანდიდატად მიაჩნია.

თუმცა, მას ბევრი რესპუბლიკელი ცალსახად აკრიტიკებს იმის გამო, რომ რომნიმ პრეზიდენტი ობამას მიერ ინიცირებულ ჯანდაცვის რეფორმას არაპირდაპირ დაუჭირა მხარი. გუბერნატორის პრეროგატივით, მან საკუთარი შტატის ჯანდაცვის სისტემა გარდაქმნა. კრიტიკოსების აზრით, მასაჩუსეტი ობამასეული ჯანდაცვის თვალსაჩინო მაგალითია.

ჯანდაცვის სწორედ ეს რეფორმა გახდა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ყველაზე დიდი დაპირისპირების მიზეზი. საბოლოო ჯამში, მოსახლეობის უმრავლესობამაც რესპუბლიკელების მოსაზრებას დაუჭირა მხარი და რესპუბლიკელებმა 2010 წლის ნოერმბრის არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

რომნი აცხადებს, რომ ის ობამასერული რეფორმის წინააღმდეგია, რადგანაც ის ფედერალურ მთავრობას უდიდეს ძლაუფლებას აძლევს ჩაერიოს თითოეული ადამინის სამედიცინო საქმეებში. რომნის თქმით:

„ჩვენი გეგმა საშტატო დონის გადაწყვეტილებაა და შტატის პრობლემებზეა მისადაგებული. ფედერალური მთავრობის მიერ დამტკიცებული რეფორმა კი ერთი მოდელის ყველა შტატზე მორგებას ისახავს მიზნად.“

რესპუბლიკელი ამომრჩევლის გამოკითხვის თანახმად, რომნი ამ ეტაპზე მათი ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა პრეზიდენტი ბორჯ ბუშის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი კარლ როვი აცხადებს, რომ რესპუბლიკელი ამომრჩეველი უკმაყოფილოა სავარაუდო კანდიდატებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა კანდიდატმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გააკეთოს ოფიციალური ნომინაციების დაწყებამდე:

„გამოკითხვებს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ რესპუბლიკელებს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავთ. ეს კი იმის საშუალებას ჯერ არ იძლევა, რომ გავთვალოთ თუ ვინ შეიძლება იყოს მათი საბოლოო საპრეზიდენტო კანდიდატი.“

მიმომხილველების განცხადებით, რაც მეტი რესპუბლიკელი უერთდება სინასაარჩევნო კამპანიას, მით უფრო უმჯობესდება პრეზიდენტი ობამას გამარჯვების შანსი. გარდა ამისა, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცის შემდეგ პრეზიდენტის რეიტინგმა საგრძნობლად აიწია. თუმცა, პრეზიდენტის პოლიტიკური ბედი, ანალიტიკოსების აზრით, ამერიკის ეკონომიკაზე უფროა დამოკიდებული ვიდრე საგარეო პოლიტიკაზე.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ვაშინგტონის ცენტრის პოლიტოლოგიის პროფესორი მეტ დალეკი ამბობს:

„ეკონომიკა, საწვავის ფასი, უიმედობა ეკონომიკური ვითარების გამოსწორების მხრივ, ჩემი აზრით, 2012 წლის ნოემბრისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული ომის საკითხებს გადაძალავს.“

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად ამერიკელები ეკონომიკის მდგომარეობით შეშფოთებული არიან და სკეპტიკურად უყურებენ იმას, შეძლებს თუ არა ობამა ეკონომიკის კვლავ აღმავლობის გზაზე დაყენებას.

XS
SM
MD
LG