ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების სამზადისი


რესპუბლიკელების სამზადისი

ამერიკელი რესპუბლიკელები 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას უკვე იწყებენ. ამ თემას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი აშუქებდა. ამერიკელი ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ რესპულიკელების სავარაუდო ფავორიტის ვინაობა.

„ჯერჯერობით არ არის დადგენილი თუ ვინ იქნება რესპუბლიკელების ლიდერი და მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ რესპუბლიკელები აქამდე დაკავებულები იყვნენ იმ გზის პოვნით თუ საით უნდა წასულიყო პარტია,“ - ამბობს ფორდემის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი კოსტას პანაგოპულოსი.

რამდენიმე გამოკვეთილი რესპუბლიკელი უკვე ეწვია იმ შტატებს, სადაც პრაიმერის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ასეთ შტატებს კი აიოვა, ნიუ-ჰემპშირი, სამხრეთ კაროლინა და ნევადა მიეკუთვნება. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი ამბობს, რომ საარჩევნო მარათონის ადრეულ სტადიაზე ჯერჯერობით გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს.

ფავორიტობის მძებნელთათვის რამდენიმე კანდიდატი უკვე გამოიკვეთა. მათ შორისაა მასაჩუსეცის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი. ის ვაშინგტონში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და პრეზიდენტი ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა.

„მე არასდროს მოვიხდი ბოდიშს ამერიკის ნაცვლად,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.

2008 წელს რესპუბლიკელთა პრაიმერის დროს რომნი სენატორმა მაკეინმა დაამარცხა და პარტიის ერთიან კანდიდატად დასახელდა. თუმცა, რომნის იმედი არ დაუკარგავს და თეთრი სახლის მესვეურობა მომავალი არჩევნებისთვის გადადო. რომნის წინააღმდეგ რამდენიმე ძლიერი კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის არიან წარმოამდეგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, მინესოტას ყოფილი გუბერნატორი ტიმ პოულენტი, სამხრეთ დაკოტას სენატორი ჯონ ტუნი და პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალასკას ყოფილი გუბერნატორი და 2008 წლის არჩევნებზე რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პალინი. ის კონსერვატორ რესპუბლიკელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით დემოკრატებსა და დამოუკიდებელ ამომრჩევლებზე. საარჩევნო მარათონში ასევე შეიძლება ჩაერთონ მისისიპის და ინდიანას შტატების მოქმედი გუბერნატორები ჰეილი ბარბორი და მიჩ დენიელსი, ასევე კონგრესის წევრი მინესოტადან ქალბატონი მიშელ ბაჩმანი. პოლიტიკური მიმომხილველი როდეს კუკი ამბობს, რომ რესპუბლიკელთა მხრიდან საპრეზიდენტო მარათონის კანდიდატების გასარკვევად გარკვეული დროა საჭირო და ჯერჯერობით არსებული პერიოდი ქაოტურობით გამოირჩევა. რესპუბლიკელთა რიგებში შესაძლაო კიდევ ერთი კანდიდატი ვიხილოთ. ის ნიუ-იორკელი მილიარდელი დონალდ ტრამპია.

„მე თუ კენჭს ვიყრი და გავიმარჯვებ, ეს ქვეყანა ისევ საპატივცემულო გახდება,“ - განაცხადა ტრამპმა. მისი გამოსვლა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ნამდვილი სიურპრიზი იყო.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა წარამატებას ყველაზე მეტად გასულ წელს პრეზიდენტი ობამას რეიტინგის ვარდნამ შეუწყო ხელი. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესში ნოემბრის არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება შეძლეს. თუმცა, მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, პრეზიდენტის რეიტინგი უმჯობესდება და ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომავალ არჩევნებში პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელებისთვის ძლიერი მეტოქე იქნება.

„ჩემთვის ძალაინ საინტერესოა, რომ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვებით, ობამა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით აშკარად უკეთ გამოიყურება,“ - ამბობს ანალიტიკოსი პანაგოპულოსი.

ამ ვარაუდების მიუხედავად, ბევრი ამერიკელისთვის მომავალ არჩევნებზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია.

XS
SM
MD
LG