ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები 2012 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან


რესპუბლიკელები 2012 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან

სავარაუდოდ, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა მხრიდან ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი დროღა დარჩა. თეთრი სახლისკენ მიმართული ამბიციების მქონე რესპუბლიკელები საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატთა სია ორი რესპუბლიკელით გაიზარდა. მიმდინარე კვირის მანძილზე მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორნმა მიტ რომნიმ და ყოფილმა სენატორმა პენსილვანიის შტატიდან რიკ სანტორუმმა განაცხადეს, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ეგრეთწოდებულ საკვლევ კომიტეტებს ქმნიან, რაც ტრადიციულად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პირველ სტადიას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიტ რომნიმ უფრო ნაკლები ხმები მოიპოვა, ვიდრე ჯონ მაკკეინმა, მიუხედავად იმისა, რომ მან მაკკეინზე მეტი ფინანსური შემოწირულობა შეაგროვა. რომნიმ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში გააჟღერა. მიმართვა რომნის საარჩევნო კამპანიის ორგანიზაციამ გაავრცელა:

„მე მჯერა ამერიკის. მე მჯერა თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ჩვენი კონსტიტუციის პრინციპებისა, რომელთა საშუალებითაც ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიადი ერი გავხდით. ეს ძალისხმევა რომელიმე ცალკეულ პირს კი არ უკავშირდება, არამედ ამერიკულ თავისუფლებასა და დიდებას “- განაცხადა რომნიმ თავის მიმართვაში.

რომნისთან შედარებით, რიკ სანტორუმს ამერიკელები ნაკლებად იცნობენ. მაგრამ სანტორუმი კონსერვატიული რეპუტაციით სარგებლობს, რაც თავის თავად გულისხმობს იმას, რომ იგი აბორტებისა და ცალსქესა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის.

საკვლევი კომიტეტების შექმნით, პოტენციურმა კანდიდატებმა ფაქტობრივად ფულადი შემოწირულობების შეგროვება დაიწყეს. მალე გაირკვევა ისიც, შეძლებენ თუ არა ისინი ათობით მილიონი დოლარის შეგროვებას, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელია.

ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომნი მაღალი პოპულარობით სარგებლობს. ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ციებ-ცხელების ადრეულ ეტაპზე რომნის აქვს რეალური შანსი - გახდეს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლარი საბატო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„რესპუბლიკური ტრადიციის თანახმად, რომნი ფავორიტად ითვლება, თუნდაც იმის გამო, რომ მას წინა არჩევნების გამოცდილება გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საპრეზიდენტო კანდიდატურის მოპოვების შანსი აქვს. თუმცა 2008 წელს მან ამომრჩევლებზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა. ამას გარდა, უცნობი რჩება ისიც, თუ ვინ შეუერთდება საარჩევნო კამპანიას ახლო მომავალში.“

სხვა პოლიტიკური მიმომხილველები კი აღნიშნავენ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა მხრიდან ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუთ გინგრიჩმა, მინესოტას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ტიმ პოულენთიმ და ლუიზიანას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ბადი როუმერმა თეთრი სახლისკენ მიმართულ მარათონში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მოსალოდნელია, რომ მსგავს განცხადებებს ახლო მომავალში მინესოტას შტატის წარმომადგენელი მიშელ ბაკმანი და მისისიპის შტატის გუბერნატორი ჰეილი ბარბური გააკეთებენ.

XS
SM
MD
LG