ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა

გუშინ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სცადა ბოლო მოეღო მის დაბადების მოწმობასთან დაკავშირებულ პოლიტიკური დებატებისთვის, რომელიც მწვავე დისკუსიებს იწვევს მას შემდეგ რაც ბატონი ობამა 2008 წელს პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტმა ჰავაის შტატის ხელისუფლების მიერ გაცემული დაბადების მოწმობა წარადგინა იმ იმედით, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ გააჩუმებდა კრიტიკოსებსა და მათ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ იგი შეერთებულ შტატებში დაიბადა, იუწყება ვაშინგტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალონი.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრი სახლის პრეს ოთახში საკმაოდ უჩვეულო საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც მისი დაბადების მოწმობის დედანის გამოქვეყნებას მიეძღვნა. გამოქვეყნებული დაბადების მოწმობის თანახმად, ბარაკ ობამა ჰავაის კუნძულებზე 1961 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.

შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტად არჩევის უფლება „მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაბადებულ მოქალაქეს“ გააჩნია. უვკე ორ წელზე მეტია რაც ობამას მოწინააღმდეგეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი აცხადებს იმას, რომ ბარაკ ობამას შეერთებული შტატების პრეზიდენტობის უფლება არა აქვს იმის გამო, რომ იგი თითქოსდა კენიაში, მამამისის მშობლიურ ქვეყანაში დაიბადა.

ბატონი ობამა იმედს გამოთქვამს, რომ დაბადების მოწმობის დედანის გამოქვეყნება ამგვარ ინსინუაციებს ბოლოს მოუღებს და ქვეყანას უფრო სერიოზულ საკითხებზე ყურადღების გამახვილების უფლებას მისცემს.

„ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ თუ ყველაფერს მოვიგონებთ და ფაქტებს ყურადღებას არ მივაქცევთ. თუ ჩვენი ყურადღება გასართობ სანახაობებზე მივალიეთ, ჩვენ წინაშე მდგარ პრობლემებს ვერ გადავჭრით,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მართალია თავის გამოსვლაში პრეზიდენტს კონკრეტულად არავინ დაუსახელებია, განცხადება შეიცავდა მინიშნებას, რომელიც ბევრმა ანალიტიკოსმა ნიუ იორკელი უძრავი ქონების მაგნატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმად აღიქვეს. როგორც ცნობილია, ტრამპი მომავალ წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატურის ნომინაციაზე ფიქრობს.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ტრამპი ობამას დაბადების მოწმობის საკითხს ხშირად იყენებდა, რის შედეგადაც, გამოკითხვების თანახმად, მან პოტენციურ რესპუბლიკურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მაღალი პოპულარობის რეიტინგი მოიპოვა.

ტრამპი ნიუ ჰემპშირის შტატში იმყოფებოდა, როცა თეთრმა სახლმა პრეზიდენტის დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ტრამპმა ამ ამბავის თავის სასარგებლოდ გამოყენება სცადა.

„დღეს მე ძალიან ვამაყობ ჩემით რადგან მე მივაღწიე იმას, რაც სხვამ არავინ შესძლო. ძალიან მსურს დოკუმენტს პირადად გავეცნო, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ის მართალია რათა ჩვენ სხვა, ბერად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდეთ,“ აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიუ ჰემპშირის გარდა, ტრამპი ნევადას და აიოვას მონახულებას აპირებს რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ადრე სწორედ ამ შტატებში იმართება.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ზოგიერთი რესპუბლიკელი ტრამპის კრიტიკით გამოვიდა იმის გამო, რომ ბიზნესმენი ობამას დაბადების მოწმობას დიდ ყურადღებას უთმობდა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება ის თუ რა ზეგავლენას მოახდენს თეთრი სახლის მიერ ობამას დაბადების მოწმობის გამოქვეყნება ტრამპის გადაწყვეტილებაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. თვით ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას იგი ივნისამდე მიიღებს.

XS
SM
MD
LG