გუშინ პრეზიდენტი ობამა ადმინისტრაციაში გადაადგილებების შესახებ საგანგებო განცხადებით გამოვიდა. განცხადების თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ლეონ პანეტა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო არმიის გენერალი დევიდ პეტრეუსი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გაუძღვება. ამას გარდა, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის მოადგილე, საზღვაო ქვეითების გენერალ ლეიტენანტი ჯონ ალენი გენერალ პეტრეუსს შეცვლის და ავღანეთში დისლოცირებული კოალიციური ძალების მთავარსარდალი გახდება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი კაროლინ პრესუტი აანალიზებს იმას თუ რას ნიშნავს ხსენებული საკადრო ცვლილებები შეერთებული შტატების თავდაცვისა და სადაზვერვო პოლიტიკის კონტექსტში.
შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სფეროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა. გენერალი პეტრეუსი, რომელმაც თავის დროზე ავღანეთის ომში ახალი ანტი-ტერორისტული სტრატეგია გამოიყენა, პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს გაუძღვება. ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალმა ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადა:
„სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლებს დიდი პატივისცემით ვეპყრობი.“
თუ სენატმა ხსენებული ნომინაცია დაამტკიცა, გენერალი პეტრეუსი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მართვას გადაიბარებს ლეონ პანეტასგან, რომელმაც სააგენტო გააძლიერა. პანეტა აგრეთვე ცნობილი იყო იმით, რომ მას კონგრესთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და კაპიტოლიუმში ბევრს იცნობდა. პანეტას დამტკიცების შემთხვევაში კი იგი პენტაგონის მართვას რობერტ გეიტსისგან გადაიბარებს, რომელიც ივნისის მიწურულს პენსიაზე გადის.
„როგორც ემიგრანტების შვილი, მე გავიზარდე იმ რწმენით, რომ ჩვენი თავისუფლება განუყოფელია უსაფრთხოებისგან,“ განაცხადა ლეონ პანეტამ.
ბატონმა ობამამ ვეტერანი დიპლომატი რაიან კროკერი ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავღანეთში ამერიკელი ლიდერების შემადგენლობა მთლიანად იცვლება მაშინ, როცა იქ მიმდინარე საომარი მოქმედებების მიმართ შეერთებული შტატებისა და მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერა მცირდება. ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ანალიტიკოსის ენტონი კორდესმანის თქმით:
„უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების მიუხედავად, ჩვენი პასუხისმგებლობა უცვლელი რჩება. ნამდვილი პრობლემა, რომელიც ახლადდანიშნული პირების წინაშე დადგება, არის ის შევძლებთ თუ არა ჩვენ კარზაისთან და ავღანეთის მთავრობასთან ურთიერთობის ახლებურად დამყარებას, რადგან ჩვენ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გაგვაჩნია.“
გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული დოკუმენტების თანახმად, ავღანეთში შეერთებული შტატების ამჟამინდელი ელჩი კარლ აიკენბერი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობას გამუდმებით აკრიტიკებდა. კორდესმანს მიაჩნია, რომ კროკერის დანიშვნა ამ თანამდებობაზე სავსებით გამართლებულია.
„მას სახელმწიფო დეპარტამენტში კარგად იცნობენ და თავდაცვის სამინისტრო მას ენდობა, ხოლო ავღანეთის მთავრობა მას გავლენიან ფიგურად აღიქვამს,“ აღნიშნა კორდესმანმა.
პანეტა ვაშინგტონში გავლენიან ფიგურას წარმოადგენს. მას საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების მნიშვნელობა კარგად ესმის. პანეტა აგრეთვე კარგად არის გათვიცნობიერებული პოლიტიკური ძალების გადანაწილებასა და კაპიტოლიუმის შიგნით მიმდინარე პროცესებში. იგივე შეიძლება ითქვას გენერალ პეტრეუსზეც. მართალია ოდნავ უცნაურია ის ფაქტი, რომ სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი სამხედროებს გაუძღვება, ხოლო გენერალი კი სადაზვერვო სამსახურს უხელმძღვანელებს, ექსპერტების აზრით, ამჟამად შექმნილ ვითარებაში ამგვარი საკადრო გადაადგილება ნორმალურია.
„ამ ათწლეულის მანძილზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო შეერთებული შტატების სამხედროებთან თავის ისტორიაში ყველაზე მჭიდროდ თანამშრომლობდა. ამ თანამშრომლობას საწინდარი ჩაეყარა ავღანეთის ომის დასაწყისში და შემდგომ ეს პროცესი ერაყში გაგრძელდა და ახლა ავღანეთში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტები და სამხედრო ოფიცრები გვერდი-გვერდ მუშაობენ,“ დასძენს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ჯონ მაკლაფლინი.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შემცირება ივლისში უნდა დაიწყოს. გენერალი პეტრეუსი სამხედრო ძალების გაყვანის პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს. პეტრეუსი ავღანეთს მხოლოდ სექტემბერში დატოვებს.