ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლია პალაგაშვილის ამერიკული ოცნება


ლია, დიდი მადლობა „ამერიკის ხმაში“ სტუმრობისთვის. გასულ წელს ჟურნალმა "ფორბსმა" 30 წლამდე ასაკის 30 ყველაზე საინტერესო ახალგაზრდას შორის დაგასახელათ. როგორ მოხვდით ამ ჩამონათვალში?

მადლობა მოწვევისთვის. ფორბსის ამ ტიტულზე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა წარმადგინა, სადაც დოქტორანტურას გავდიოდი. სასწავლებელმა ჩემი მონაცემები და ნომინაცია ფორბსს გაუგზავნა, მეორე ეტაპზე ჟურნალიდან დამიკავშირდნენ და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს. პასუხი მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ამ 30 ადამიანის სახელი ჟურნალში გამოქვეყნდა. დიდი მოულოდნელობა იყო ამ სიაში მოხვედრა.

რას ნიშნავს, როცა ასეთი გავლენიანი ჟურნალი როგორიც არის "ფორბსი" გასახელებს 30 ამომავალ ვარსკვლავს შორის?

"ფორბს"-ს აქვს რამდენიმე კატეგორია, ამ 30 ადამიანს შორის არიან გამომგონებლები, არტისტები, მოდის და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები. მე მოვხვდი სამართლის და პოლიტიკის კატეგორიაში. ეს ნიშნავს, რომ ფორბსი და ადამიანები ვინც ამ ჩამონათვალს ქმნიან მიგიჩნევენ შენი სფეროს ამომავალ ვარსკვლავად.

ამ 30-ეულში არიან ამჟამინდელი და მომავალი ლიდერები. მე აქ ჩემი კვლევების, ანგარიშების და პუბლიკაციების გამო მოვხვდი, რომლებშიც ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და რეგულაციებზე ვწერ, იქნება ეს უოლ სტრიტ ჯორნალში თუ სხვა აკადემიურ გამოცემებში.

შენზე პირველად შარშან გავიგეთ, როცა ეს სია გამოქვეყნდა, თუმცა ამერიკული აკადემიური წრეებისგან განსხვავებით, შენზე საქართველოში ბევრი რამ არ იციან...მოგვიყევი როგორ მოხვდით სფეროში ?

შვიდი წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი შეერთებულ შტატებში გადმოსახლდა. მამით ქართველი, დედით კი სომეხი ვარ. ჩემი ოჯახი აქ გადმოსახლებამდე რამდენიმე წელი ბაქოში ცხოვრობდა. რომ არა ის უამრავი შესაძლებლობა, რაც ამ ქვეყანამ მომცა, ვერასდროს მივაღწევდი ამდენს, ვერც ვიოცნებებდი ამ ყველაფერზე.

ეკონომიკა ერთი დიდი პაზლია და ამ პაზლის შესწავლისას სწავლობ ქვეყნებს, საზოგადოებებს და ხალხს

პირველად ეკონომიკის კლასი სკოლაში გავიარე. მანამდე გადაწყვეტილი არ მქონდა რა მესწავლა. ამ კლასის მსვლელობისას მივხვდი რა მაინტერესებდა, დავინახე, რომ ეკონომიკა ქვეყნების შეცნობაში მეხმარებოდა. ეკონომიკის სწავლით ვეცნობოდი ახალ ქვეყნებს, ვიგებდი რატომ არიან ქვეყნები მდიდრები ან ღარიბები, როგორ ასხვავებს ეკონომიკა ამ ქვეყნებს ერთმანეთისგან, როგორ იცვლება საზოგადოებები ეკონომიკასთან ერთად.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ეკონომიკა მხოლოდ რიცხვები და ამ რიცხვების თვლაა, სინამდვილეში ეკონომიკა ერთი დიდი პაზლია და ამ პაზლის შესწავლისას სწავლობ ქვეყნებს, საზოგადოებებს და ხალხს.

ამჟამად ნიუ იორკის უნივერსიტეტში ვმუშაობ და ეკონომიკასა და ეკონომიკის პოლიტიკას ვიკვლევ.

ეს სფეროები - ეკონომიკა და ეკონომიკის პოლიტიკა, ტრადიციულად,ქალების სიმრავლით არ გამოირჩევა, შენ ახლა 28 წლის ხარ და ამ სფეროს ამომავალ ვარსკვლავად მიგიჩნევენ. რატომ მიგაჩნია მნიშვნელოვნად რომ ამ და გადაწყვეტილების მიღების სხვა სფეროებში ქალები მეტად იყვნენ ჩართულები?

ხშირად ვფიქრობ, რომ ეკონომიკაში ქალების ლიდერობა სხვა ქალებისთვის წამახალისებელი ფაქტორია, ეს აძლევს მათ ძალას საკუთარი თავი მოსინჯონ ისეთ სფეროებში, რომლებიც, მეტწილად მამაკაცების სფეროებად ითვლება.

ამ სფეროში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იდეების გასაგებად გადმოცემა, რაც, ხშირად, ქალებს კარგად გამოგვდის. ეკონომიკის ცნებებს ახსნა და გასაგებ ენაზე განმარტება ჭირდება, ჩემ თავს ამ როლში ვხედავ ხოლმე.

შენი კვლევების ერთ-ერთი სფეროა თავისუფალი ეკონომიკა. ამ თემაზე საუბრისას შენ ხაზს უსვამ სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეს. როგორ იცვლება თავისუფალი ეკონომიკის ცნება დინამიკური პოლიტიკის პირობებში, მაგალითად ისეთში როგორიც შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა?

ეს ქვეყანა უამრავ შესაძლებლობას გთავაზობს და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი მდიდარი ოჯახის შვილი იყო

თავისუფალი ეკონომიკა პირველ რიგში ნიშნავს საკუთრების უფლების დაცვას, ბიზნესის დაწყების თავისუფლებას, თანაბარ გარემოს ბიზნესებისთვის. ბევრ რამეს ამ ქვეყანაში ჩვენ თავისთავად, უბრძოლველად ვიღებთ, მაგრამ იგივე არ ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში.

როცა ეკონომიკის თავისუფლებას ვიკვლევთ ვსწავლობთ ქვეყნის კანონებს, იქ არსებულ ბარიერებს, გარემოს, რომელიც ბიზნესებს აქვთ, ვსწავლობთ მთავრობის როლს, ვაკვირდებით არსებობენ თუ არა მონოპოლიები.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება თუ რამდენად ადვილია ბაზარზე შესვლა და იქ თავის დამკვიდრება. ეს, ჩემთვის, ამერიკული ოცნების ნაწილიცაა. ამის მაგალითია ჩემი ოჯახი, რომელიც აქ წლების წინ ჩამოვიდა და ცხოვრების ხელახლა დაწყება შეძლო. დედამ მალევე მცირე ბიზნესი წამოიწყო, რაც უამრავ სხვა ქვეყანაში შეუძლებელი იქნებოდა. ამ გარემოს ეკონომიკის თავისუფლება ქმნის.

შენ ამბობ, რომ ძალიან მადლიერი ხარ ამ ქვეყნის. რა ხდის ამერიკას ასე მიმზიდველს იმ მილიონობით ადამიანისთვის, ვინც აქ მოხვედრას ცდილობს?

ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ამერიკას განსაკუთრებულს ის შესაძლებლობები ხდის, რომლებიც აქ გეძლევა. შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც მოგვიანებით ჩემი მენტორი გახდა, შევძელი მესწავლა ის, რაც მაინტერესებდა, შემექმნა საინტერესო კარიერა და მაქვს საინტერესო ცხოვრება.

ეს ქვეყანა უამრავ შესაძლებლობას გთავაზობს და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი მდიდარი ოჯახის შვილი იყო ან რამე განსაკუთრებული კავშირები გქონდეს იმისთვის, რომ შენს სასურველ ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრო.

არიან მკვლევარები, ვინც ამბობენ, რომ ეს უარესობისკენ იცვლება, რომ ახლა უფრო რთულია თავის დამკვიდრება. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის ის ფაქტი, რომ წარმატების მისაღწევად, საყვარელი საქმის საკეთებლად საკმარისია ბევრი შრომა და მონდომება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ და საიდან მოდიხარ.

შენი ინტერესის ერთ-ერთი სფეროა გარდამავალი ეკონომიკები და ამბობ, რომ მომდევნო ეტაპზე გსურს საქართველოს ეკონომიკა გამოიკვლიო. კონკრეტულად რისი გამოკვლევა გსურს?

მილენიალები ეძებენ სამსახურს და საქმიანობას, რომელიც მათ აინტერესებთ, აღელვებთ და რომელშიც რაღაცის შეცვლა სურთ

არაფორმალური ინსტიტუტების და მმართველობის ცნება. არსებობენ ფორმალური ინსტიტუტები, რომლებიც ემყარებიან კანონებს და წესებს და ეს ინსტიტუტები წარმართავენ პოლიტიკას. მაგრამ, ამავდროულად, არსებობენ არაფორმალური ჯგუფები, რომელთა ლეგიტიმაციის წყარო ზოგჯერ კულტურა, ჩვეულებები და წესებია. ძალიან მაინტერესებს როგორც ხდება ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების ურთიერთობა და როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე, განსაკუთებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.

ზოგიერთ გამოსვლაში მილენიალებზე საუბრობ, 1980-წლიდან 2000-წლამდე დაბადებულ ადამიანთა ჯგუფზე და მათ გავლენაზე ეკონომიკაზე. ზოგიერთი ეკონომიკური გათვლებით, 2020 წლისთვის სამუშაო ძალის მესამედს სწორედ მილენიალები დაიკავებენ. ორივე მილენიალები ვართ. რა გამოარჩევს ჩვენს თაობას სამუშაო გარემოში?

ყველაზე მეტად მილენიალებს ის გამოარჩევთ, რომ ისინი სამსახურებს იცვლიან, როცა მათი მშობლების თაობაში ადამიანებს ხშირად ერთი სამუდამო სამსახური ჰქონდათ.

მილენიალებს უყვართ ცვლილებები, სამუშაო გარემოს ცვლილება, მუშაობის პარალელურად მეტ დროს უთმობენ პირად ცხოვრებას, უნდათ უფრო მოქნილი განრიგი, უნდათ სახლიდან მუშაობა და არა აუცილებლად მთელი დღის ოფისში, კომპიუტერთან გატარება.

მილენიალებს ასევე გამოარჩევთ მათი ინტერესი იმ საქმეში, რასაც აკეთებენ. თუ წარსულში ადამიანები სამსახურის პოვნისას მხოლოდ ხელფასს აქცევდნენ ყურადღებას, მილენიალებს ეს არ აკმაყოფილებთ, ისინი ეძებენ სამსახურს და საქმიანობას, რომელიც მათ აინტერესებთ, აღელვებთ და რომელშიც რაღაცის შეცვლა სურთ.

შენს საკვლევ თემებს შორისაა იმიგრაცია და იმიგრანტების გავლენა ამერიკის ეკონომიკაზე. ამერიკის ისტორიაში იმიგრანტებს განსაკუთრებული როლი მიუძღვით. რას ფიქრობ პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაზე?

მე მაშინებს იმის დაშვება, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება იმიგრანტებზე უარი თქვას. იმიგრანტებს ბევრი უპირატესობა აქვთ. მე, როგორც ეკონომისტმა, ვიცი რომ საუკეთესო პროფესიონალები ერთ ქვეყანაში არ იბადებიან და ამერიკამ უნდა გააგრძელოს სხდასხვა სფეროს საუკეთესო პროფესიონალების მოზიდვა სხვადასხვა ქვეყნიდან.

მე მაშინებს იმის დაშვება, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება იმიგრანტებზე უარი თქვას

თუ ამერიკამ ასეთ განათლებულ, ცოდნით აღჭურვილ იმიგრანტებს ქვეყანაში შემოსვლის და აქ მუშაობის საშუალება არ მისცა, ამას მოყვება კომპანიების გასვლა, მაგალითად კანადაში. ამის მაგალითები უკვე არსებობს, კომპანიები ოფისებს ხსნიან კანადაში და იმიგრანტი პროფესიონალებს კანადის ოფისებში ასაქმებენ, რადგან იქ ვიზების საკითხებს უფრო ადვილად აგვარებენ.

როგორია სამომავლო გეგმები, ხომ არ გიხილავთ ფორბსის ას ყველაზე გავლენიან ქალს, ან 100 ყველაზე მდიდარ ქალს შორის?

ყველაზე მდიდარ ქალებზე ვერაფერს ვიტყვი, ალბათ ამ ჩამონათვალში ვერ მოვხვდები. მაგრამ გეტყვით რაზე ვოცნებობ. ძალიან მიყვარს წერა, ბევრს ვწერ, ბევრი აკადემიური გამოცემა აქვეყნებს ჩემს მოსაზრებებს. მაგრამ ძალიან, ძალიან მინდა ეკონომიკაზე უფრო გასაგებ ენაზე ვწერდე რომელიმე მსხვილ გაზეთში, მაგალითად უოლ სტრიტ ჯორნალში ან ნიუ იორკ თაიმში. მქონდეს სვეტი და პოპულარულ, ყველასთვის გასაგებ ენაზე ავხსნა ეკონომიკა, რეგულაციები და ეკონომიკის პოლიტიკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG