ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პაკისტანზე ზეწოლას ახდენს


აშშ პაკისტანზე ზეწოლას ახდენს

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების რეიდს, რომლის შედეგადაც ალ ყაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი დაიღუპა, პაკისტანის მთავრობის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ოფიციალურმა ისლამაბადმა განაცხადა, რომ ამიერიდან არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა იფიქროს ის, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს განუკითხავად ჩაატარებს.

სამშაბათს პაკისტანის მთავრობამ უცხოელ ჟურნალისტებს იმ სახლის ღობის დათვალიერების უფლება მისცა, სადაც შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნეულების სადესანტო რაზმის წევრებმა ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.

პაკისტანზე იზრდება ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტი დედაქალაქის მახლობლად მდებარე სამხედროების ქალაქში საგანგებოდ აგებულ სახლში წლების მანძილზე ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ პაკისტანის ელიტური სამხედრო აკადემია სწორედ ქალაქ აბოთობადში მდებარეობს. გასულ კვირას პაკისტანის სამხედრო ძალების მთავარსარდალი ხსენებულ აკადემიაში სამხედრო სწავლების დამთავრებას კადეტებს ულოცავდა. თავის გამოსვლაში პაკისტანის არმიის მთავარსარდალმა გენერალმა აშფაქ ქაიანიმ განაცხადა:

„ჩვენ, პაკისტანის არმიაში, კარგად გვესმის, რომ ჩვენ ქვეყანას როგორც შიდა ისე გარე საფრთხეები ემუქრება. ჩვენ ტერორისტების წინააღმდეგობა დავძლიეთ.“

ოსამა ბინ ლადენის სახლი გენერალ ქაიანიდან სულ რაღაც სამ კილომტრში მდებერეობდა.

პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის მთავრობა ახლა ცდილობს ახსნას ის თუ რა იცოდა ისლამაბადმა ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ და დაიცვას პაკისტანის ანტი-ტერორისტული საქმიანობა.

სამშაბათს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბატონმა ზარდარიმ უარყო მოსაზრება, რომ თითოქს პაკისტანის მთავრობა ბინ ლადენს იცავდა.

სამშაბათს პაკისტანის მთავრობამ, ადრინდელი განცხადებების საპირისპიროდ, განაცხადა, რომ პაკისტანის სადაზვერვო სამსახური აბოთობადში მდებარე სახლით წლების მანძილზე იყო დაინტერესებული და შესაბამის მონაცემებს სახლის შესახებ შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აწვდიდა.

ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პაკისტანის მთავრობასთან თანამშრომლობამ ბინ ლადენის აღმოჩენას ხელი შეუწყო.

მაგრამ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სადესანტო რაზმის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეშფოთება და უკმაყოფილება გამოთქვა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი სალმან ბაშირი სამშაბათს რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილს მარკ გროსმანსა და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გროსმანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა ვინ იცოდა წინასწარ სპეცოპერაციის შესახებ, ახლა ყურადღება მის შედეგებზე უნდა გამახვილდეს.

„იგი მკვდარია, რაც კარგია. მაგრამ ჩვენ ექსტრემიზმს კვლავინდებურად უნდა გავუმკლავდეთ. საგარეო საქმეთა მდივნის ბაშირის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ ჩვენ ‘ავღანეთში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით სამმხრივი შეხვედრა გავმართეთ,’“ აღნიშნა მარკ გროსმანმა.

დიპლომატიური მცდელობების მიუხედავად, ოსამა ბინ ლადენის თავშესაფრის აღმოჩენა პაკისტანის ტერიტორიაზე ბევრ კითხვას ბადებს და შეერთებულ შტატებში სულ უფრო ხშირად გამოძიების ჩატარების მოთხოვნები გაისმის.

XS
SM
MD
LG