ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი ევროზონაში მიგრაციასაც ვნებს


Europa prepara-se para dificuldades económicas em 2012

27 ივნისს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

პარიზში დაფუძნებულმა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 27 ივნისს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისი ქვეყნების შიდა იმიგრაციაზეც უარყოფითად მოქმედებს. მიგრანტთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მათი დიდი ნაწილი უმუშევარი გახდა.

პერმანენტული მიგრაციის მონაცემი 2010 წლის პირველ თვეებში ძალზე დაეცა. შემდეგ მდგომარეობა გასული წლის დასაწყისიდან თანდათან გამოსწორდა. ოთხშაბათს მოწყობილ საგანგებო პრესკონფერენციაზე ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ხოსე ანხელ გურიამ აღნიშნა, რომ ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე მიგრაციის მდგომარეობაც სავარაუდოდ გაუარესდება.

ევროკავშირი საერთაშორისო ეკონომიკური მიმოქცევის მთავარი კატალიზატორია. მათ შორის - მიგრაციის საკითხშიც. თუკი მდგომარეობა ასეთივე სისწრაფით გაუარესდა, განსაკუთრებით კი უმუშევრობის მხრივ, ამას გლობალური მიგრაციის მონაცემზეც უარყოფითი გავლენა ექნება,“ - აღნიშნავს ის.

ბატონი გურიას განმარტებით, ევროკავშირის მომავალ სამიტს დიდი ოცეულის მეხიკოში გამართულ უკანასკნელ შეხვედრასთან ერთად, გლობალური მიგრაციის მიმართულების და პოლიტიკის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირის ლიდერთა შემდეგ შეხვედრაზე სწორედ ფინანსურ და საბანკო კრიზისზე ისაუბრებენ, რომელიც ევროზონაში უკვე მესამე წელია რაც გრძელდება.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის მიხედვით იმიგრანტები განვითარებული ქვეყნების მშრომელთა ძალის ერთ-ერთი კრიტიკული შემადგენელი ნაწილია. მათი წვლილი შეერთებული შტატების და ევროპის ცალკეული ქვეყნების მიერ მიღწეულ წარმატებებში ძალიან დიდია. ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს განვითარებული ეკონომიკური კრიზისი პირველ რიგში სწორედ იმიგრანტების მდგომარეობაზე იმოქმედებს და ისინი ყველაზე მეტად იზარალებენ.

„სამუშაო ადგილების შეკვეცამ იმიგრაციის პროცესი განსაკუთრებით დააზარალა. მათ შორის ყველაზე უფრო - ახალგაზრდა ასაკის მშრომელები. მდგომარეობამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ მიგრაციის საერთო მონაცემი ჩვენი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში დაეცა“ - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

ყურადღების ცენტრში ამჟამად ესპანეთია და მისი მაგალითი სიტუაციის სიმძაფრეს ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. შარშან დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო იმიგრანტებს შორის უმუშევრობა 32 პროცენტით შემცირდა. ბატონი გურიას თქმით ევროპის ეკონომიკისთვის იმიგრანტი მშრომელების აუცილებლობა ეჭვგარეშეა.

„2015 წლამდე იმიგრაციის დღევანდელი დონე თუ არ ამაღლდა, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრთა დიდი ნაწილი მოსახლეობაში მშრომელთა ასაკის დარეგულირებას ვერ შეძლებს. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირის ქვეყნებს“ - აცხადებს ის.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით იმიგრაციის მონაცემები აზიის ქვეყნებში უფრო იმედისმომცემად გამოიყურება და ზრდამ 2010 წელს 30 პროცენტი შეადგინა. თუმცა, იგივე მონაცემის მიხედვით იმ დასკვნის გამოტანაც შეიძლება, რომ განვითარებულ ქვეყნებს აზიის ქვეყნები იმიგრაციის საკითხშიც სერიოზულ კონკურენციას უწევენ, ხიბლავენ რა უმუშევრებს უფრო მიმზიდველი სამუშაოებით, თანაც სახლთან ბევრად უფრო ახლოს.
XS
SM
MD
LG