ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს


ტეხასის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტი ამერიკისთვის განათლების მნიშვნელობაზე საუბრობდა

გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს განათლების სფეროს თუ ქვეყანას სურს ეკონომიკური კეთილდღეობისა და მსოფლიო ასპარეზზე სხვა სახელმწიფოებთან კონკურენტუნაირანობის შენარჩუნება.

ტეხასის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს უმაღლესი განათლების სფეროში ნეგატიური ტენდენციების უგულვებელყოფის უფლება.

„ჩვენი მაჩვენებლები დაბლა ეცემა. ახალგაზრდებს შორის უმაღლესი განათლების მიღების თვალსაზრისით ჩვენ ერთი თაობის მანძილზე პირველი ადგილიდან მეთორმეტემდე ჩამოვედით. ეს ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ეს ტენდენცია შეუქცევადი როდია. ჩვენ ლიდერობის დაბრუნება შეგვიძლია,“ განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განათლების სფეროში მიღწევები და ეკონომიკური კეთილდღეობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, განსაკუთრებით დღევანდელი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის პროცესების ფონზე. პრეზიდენტს მიზნად აქვს დასახული, რომ შეერთებულ შტატებში 2020 წლამდე დამატებით რვა მილიონმა ახალგაზრდამ მიიღოს უმაღლესი განათლება.

„განათლება ჩვენი დროის ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი იმ პირებს შორის, რომლებსაც არ მიუღიათ უმაღლესი განათლება თითქმის ორჯერ აღემატება უმაღლესი განათლების მქონე პირებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელს. განათლება ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს რადგან ამ ათწლეულის მიწურულს ყოველი 10 ახალი სამუშაო ადგილიდან 8 პროფესიულ ტრეინინგს ან უმაღლეს განათლებას მოითხოვს. განათლება ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს რადგან ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ამჟამად ჩვენ განათლების სფეროში გვისწრებენ, ხვალ მწვავე კონკურენციას გაგვიწევენ,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახალგაზრდობაში მას და მის მეუღლეს უმაღლესი განათლების მისაღებად მიღებული სესხების გასტუმრება ძალიან გაუჭირდათ. მან აღნიშნა, რომ განათლების მიღება არ უნდა იყოს დამოკიდებული ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებზე. ობამას ადმინისტრაციის ინიციატივით ფედერალურმა მთავრობამ სტუდენტებისთვის სესხების გაცემის სისტემა გარდაქმნა და გადასახადები შეამცირა იმ ოჯახებისთვის, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა უჭირს. იმავდროულად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა ღონე უნდა მოხმარდეს იმას, რომ უფრო ბევრმა პირმა უმაღლესი განათლება მიიღოს.

ბატონმა ობამამ აღიარა, რომ შეერთებულ შტატებში ეკონომიკური სიდუხჭირე სუფევს, რის შედეგადაც ზოგიერთი სტუდენტი ეჭვის ქვეშ აყენებს უმაღლესი განათლების მნიშვნელობას. მაგრამ, მისი აზრით, უფრო იმედისმომცემი ეკონომიკური მომავალი მხოლოდ განათლებული სამუშაო ძალის პირობებშია შესაძლებელი. ობამას მიაჩნია, რომ ამერიკის სამომავლო ეკონომიკური კეთილდღეობა სწორედ დღევანდელ სტუდენტებს ეყრდნობა.

ათწლეულების მანძილზე ამერიკის უმაღლესი განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უმაღლესი განათლების მქონე ამერიკელების რიცხვი მკვეთრად შემცირდა იმის გამო, რომ სწავლის საფასური როგორც საჯარო ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

XS
SM
MD
LG