ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2019 წელს ჟურნალისტთა დაპატიმრების ფაქტები 12%-ით გახშირდა


"ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად რჩება" - აცხადებს საერთაშორისო "ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გასული წლის შეფასებისას. დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით 2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 - ამჟამად ციხეშია, 57 კი - ტყვეობაში რჩება.

ჟურნალისტების შევიწროვებისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების ყოველწლიური შეფასებისას ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში 2019 წელს ყველაზე ნაკლები ჟურნალისტი მოკლეს. თუმცა ეს ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი ომში მოკლულ ჟურნალისტთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. საშუალოდ კი ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყოველ წელს 80 ჟურნალისტს კლავენ.

გასულ წელს სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას 17 ჟურნალისტი ემსხვერპლა, ავღანეთში - 5, იემენში კი - 2. წინა წელს მათი რაოდენობა 34 იყო.

თუმცა, გარდა კონფლიქტისა და საომარი ზონებისა, ორგანიზაციის წარმომადგენლები შეშფოთებით აღნიშნავენ იმას, რომ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტის განზრახ მკვლელობა ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში მათ მიერ განხორციელებული პროფესიული საქმიანობის გამო. ამავე დროს, მართალია გასულ წელს ნაკლები ჟურნალისტი მოკლეს, მაგრამ გაცილებით მეტი დააპატიმრეს.

დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, 389 ჟურნალისტი გისოსებს მიღმა, სწორედ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებებით რჩება. ეს წინა წელთან შედარებით 12%-ით მაღალი მაჩვენებელია. მათი ნახევარი კი სამ ქვეყანაშია დაკავებული: ჩინეთში - 120, ეგვიპტეში - 34, საუდის არაბეთში - 32.

დაპატიმრებულთა უმეტესობა მოქალაქე ჟურნალისტია, ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობდნენ.

დაღუპულთა და დაკავებულთა გარდა, 57 ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ტყვეობაშია. მათი უმეტესობა - 30 ჟურნალისტი სირიაში, 15 იემენში, 11 ერაყში და ერთი უკრაინაში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG