ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტის ცემა და საეჭვო ავტოსაგზაო შემთხვევა


police car accident
police car accident

ქართლი გე-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი პოლიციის მხრიდან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ის გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრილი პოლიციის მანქანის გადასაღებად მივიდა, საიდანაც პოლიციელებმა გამოაგდეს.

პოლიციის ვერსიით ამბავი ასე ვითარდებოდა: შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშობლები 10 ივნისს, ღამით, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე ატარებდნენ ოპერატიულ ღონისძიებას. ამ დროს, შსს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას, რომელიც ამავე ქუჩაზე იყო გაჩერებული, მიუახლოვდა, შსს-ის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, ჩაჯდა სალონში, მანქანა დაქოქა და გაიტაცა. მას მერე, რაც არასრულწლოვანი გორიდან გავიდა, დაადგა დასავლეთისკენ მიმავალ ავტობანს, სადაც შეემთხვა ავარია და მანქანა ამობრუნდა, რის შემდგომაც არასრულწლოვანმა დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა სახლში, სადაც პოლიციელებმა ის მეორე დღეს იპოვეს და დააკავეს. გამოძიება სსკ 178-ე მუხლის ე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სატრარნსპორტო საშუალების ძარცვას გულისხმობს.

ჟურნალისტის ცემა და საეჭვო ავტოსაგზაო შემთხვევა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

რა მოტივი ამოძრავებდა არასრულწლოვანს, როდესაც პოლიციის მანქანა გაიტაცა, უცნობია. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, არასრულწლოვანთან ერთად, მანქანის გატაცების მომენტში, ავტომანქანის სალონში ორი პოლიციელი იმყოფებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხგაუცემელი რჩება უამრავი კითხვა:

  • რატომ დატოვეს პოლიციელებმა ავტომანქანა ოპერატიული ღონისძიებების დროს უყურადღებოდ (სავარაუდოდ, ღია, ან სულაც ჩართულ მდგომარეობაში);
  • როგორ ვერ შენიშნეს ავტომანქანის გატაცება გურამიშვილის ქუჩიდან ან რატომ არავინ დაედევნა არასრულწლოვანს (გატაცების ადგილიდან იმ ადგილამდე მისასვლელად, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაახლოებით, 15 წუთია საჭირო)?
  • როგორ მოასწრო არასრულწლოვანმა ავტომანქანის მიტოვება მანამ, სანამ იქ პოლიცია მივიდოდა და რატომ ვერ შეძლეს მისი დაკავება შემთხვევის ადგილზე?

უპასუხო კითხვებისა და საეჭვო პასუხების რაოდენობა იმატებს მას შემდგომ, რაც საბა წიწიკაშვილის, თვითმხილველის მონათხრობს ვეცნობით.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, დაახლოებით, ღამის 2 საათზე შეიტყო იმის შესახებ, რომ ავტობანზე რამდენიმე პოლიციის მანქანა იყო მობილიზებული. „როდესაც ასეთ ამბავს გვატყობინებენ, სადაც პოლიციის რამდენიმე მანქანა ფიგურირებს, უკვე ვიცით, რომ რაღაც სერიოზული ხდება. ამიტომ მე მანქანით წავედი შემთხვევის ადგილზე. კამერის წაღება ვერ მოვასწარი და ვიფიქრე ტელეფონით გადავიღებ-მეთქი. ავტობანზე, დაახლოებით, ათი პოლიციის მანქანა იყო გაჩერებული, ციმციმებით, ისე, რომ რა მოხდა, არ ჩანდა. მე შორს გავჩერდი და ფეხით წამოვედი გადასაღებად. შემთხვევის ადგილამდე ვერ მივაღწიე, რამდენიმე პოლიციელი დამესხა თავს და ჩემი უკან გათრევა სცადეს, ამასობაში, ერთ-ერთმა ზურგში ჩამარტყა მუშტი. მე ვცდილობდი, ტელეფონი არ გამეშვა ხელიდან, რადგან ეს ჩემი ერთადერთი იარაღი იყო იმის დასამტკიცებლად, რაც ვნახე“, უთხრა საბა წიწიკაშვილმა "ამერიკის ხმას".

მას შემდგომ, რაც პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან გამოაგდეს, რედაქტორმა გზა განაგრძო, ლიახვის ხიდზე მეორე მხარეს გადავიდა და ინციდენტის ამსახველი კადრები გადაიღო. „თავდაპირველად მეგონა, რომ ავარია ვინმე მაღალჩინოსანს მოუვიდა, რის გახმაურებაც უწყებას არ უნდოდა და ცდილობდნენ ჩუმად, სამზარეულოში მოეგვარებინათ. ეს ვერსია გამიჩნდა იმის გამო, რომ ისეთი მანქანით, რომელიც ამობრუნდა, როგორც წესი, მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან. შემდეგ ისიც ვიფიქრე, რომ შეიძლება ეს მაღალჩინოსანი მარტო არ იყო და ვინმე დაიღუპა, ან სულაც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას. ისე მიაფარეს სხვა მანქანები, ახლოს თუ არ მიხვიდოდი, ვერც დაინახავდი, რომ ავარიაში პოლიციის მანქანა მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ იყო ცხადი: პოლიცია ცდილობდა რეალური ამბის დამალვას. დამალული ამბავი კი რა თქმა უნდა, ბევრ ეჭვს აჩენს“, ამბობს წიწიკაშვილი.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ტელეფონით მისი გადაღება სცადა, თუმცა პოლიციელები ამას იმ მოტივით უკრძალავდნენ, რომ იქ „არაფერი ხდებოდა“, მათ შორის, არც ავარია.

„ჩვენ დავადგინეთ ეს ზოგიერთი პიროვნება, ვინც იქ იმყოფებოდა ხელს მიშლიდა, ესაა ვინმე ალექსანდრე ოხანაშვილი და რამაზ გრიგალაშვილი, განყოფილების უფროსი და ადრე, როგორც ჩანს, ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მან მითხრა, აქ არაფერი ხდება, რა უნდა გადაიღოო. არ მომცეს ახლოს მისვლის უფლება. მე სხვა გზით ვცადე მიახლოვება, რის შემდგომაც მომცვივდნენ, რომ გეუბნებიან, უნდა წახვიდე, ვერ გაიგეო და ერთმა დამარტყა ზურგიდან ბეჭებზე. ერთი ხელს მიჭერდა, რომლითაც ტელეფონი მეჭირა, ზოგი მაისურზე მითრევდა... კიდევ კარგი, ვიდეო ჩართული მქონდა და ეს ყველაფერი გადავიღე“, ამბობს წიწიკაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელს ღამით, ავტობანზე მომხდარი შემთხვევა რომ არ დაეფიქსირებინა, შესაძლოა, საზოგადოებას არასდროს შეეტყო ამ ავარიის თაობაზე. პოლიციამ მეორე დღეს გაავრცელა ვერსია არასრულწლოვანის მიერ პოლიციის ავტომანქანის გატაცების თაობაზე, რასაც არასრულწლოვანის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ. მათი განცხადებით, მოზარდს სამ წლიანი პირობითი მჯავრი აქვს შეფარდებული და ახალი ბრალდებით პოლიცია საქმის დამძიმებას და განტევების ვაცის გამოძებნას ცდილობს.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, საბა წიწიკაშვილი პოლიციის წინააღმდეგ საქმის წარმოებას აპირებს. ის დღეს გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა დაკითხვაზე.

ამერიკის ხმამ წელს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მომზადებულ რეპორტაჟში რეგიონული მედია-საშუალებების წარმომადგენლები და მათი საქმიანობა აჩვენა, მათ შორის საბა წიწიკაშვილიც. წლების განმავლობაში მის მიმართ ძალადობრივი შემთხვევა მრავალჯერ დაფიქსირდა როგორც პოლიციის, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მხრიდან. 2005 წელს მას შიდა ქართლის გუბერნატორთან დაახლოებული პირები დაესხნენ თავს და ისე სცემეს, რომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. 2012 წელს მას კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ გადაღების დროს ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები... იყო რედაქციაში შევარდნისა და დაშინების ფაქტებიც. თავად გვეუბნება, რომ ვეღარ ითვლის, რამდენჯერ ცდილობდნენ მის დევნასა და შეშინებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საბა წიწიკაშვილზე სავარაუდო ზეწოლის თაობაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „ავტოსაგზაო შემთხვევა ჟურნალისტებს აქამდეც გაუშუქებიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამიტომაც, ამ კონკრეტული შემთხვევის დამალვის მცდელობა აჩენს ბევრ კითხვას და ამყარებს ეჭვს, რომ მართლაც, მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიმართავს შსს-ს, გაასაჯაროოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მასალა და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, რა მოხდა რეალურად, ვინ იყვნენ მონაწილე პირები და რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს ამ ამბის გავრცელების უფლება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG