ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს მთავრობის ზეწოლისგან კანონი იცავს


რამდენად თავისუფალია „ამერიკის ხმა“ მთავრობის, ან ოფიციალური პირების გავლენისგან? ყველაზე დიდი საერთაშორისო მაუწყებელი, რომელსაც მთლიანად ამერიკელი გადამხდელები აფინანსებენ, მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ქმნის და 100-მდე ქვეყანაში ავრცელებს. როგორ ინარჩუნებს სანდოობას 1942 წელს დაარსებული ორგანიზაცია მზარდ, გლობალურ აუდიტორიაში, ისეთ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ან საერთოდ არ არის? პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, რომელიც 3 მაისს აღინიშნება, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანუშ ავეტისიანი ორგანიზაციის დირექტორს, ამანდა ბენეტს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს.

„ამერიკის ხმის“ მისია ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის შეგროვებას და გავრცელებას ითვალისწინებს. მისი მრავალენოვანი რედაქციების ჟურნალისტებს, მთავრობის შესაძლო გავლენისგან ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა იცავს. მაგრამ, ამავე დროს, „ამერიკის ხმას“ მაუწყებლობა ისეთ ქვეყნებში უწევს, სადაც ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა აკონტროლებს. მაგალითად - რუსეთში და ბალკანეთის ქვეყნებში. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ უნდა შეძლოს „ამერიკის ხმამ“ დაარწმუნოს ასეთი ქვეყნის მაყურებელი, სადაც ადგილობრივი პროპაგანდა დომინირებს, რომ მისი ინფორმაცია მიუკერძოებელი, დაბალანსებული და სანდოა?

„ერთ-ერთი საუკეთესო გზა, დაარწმუნო ადამიანები, რომ ჩვენი ინფორმაცია სამართლიანი და დაბალანსებულია, ის არის, რომ მართლაც იყო სამართლიანი და დაბალანსებული. ჩემი აზრით, ხალხს რეალურად შესწევს უნარი, გაარჩიოს ნამდვილი ამბავი მანიპულაციისგან“ - ამბობს „ამერიკის ხმის“ დირექტორი ამანდა ბენეტი. მისი თქმით, შესაძლოა ეს ერთჯერადად არ ხდებოდეს, მაგრამ ავტორიტეტი წლების მანძილზე, დროთა განმავლობაში შენდება და ხალხი საბოლოო ჯამში ხვდება, თუ რომელი წყაროს ინფორმაცია ეფუძნება ფაქტებს და რომელი - არა.

ამას გარდა, „ამერიკის ხმა“ ხშირად გადასცემს პირდაპირი ეთერით დაუმონტაჟებელ მასალას, იქნება ეს კონგრესის საგანგებო მოსმენა, საინაუგურაციო სიტყვა, საპროტესტო გამოსვლები, თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც ამანდა ბენეტის აზრით, დამაჯერებლობისთვის ასევე მნიშვნელოვანი გზა არის.

იმ ეპოქაში, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავად უწოდებს ტრადიციულ საინფორმაციო საშუალებებს „ყალბ მედიას“, როგორ დავარწმუნოთ ჩვენი აუდიტორია, რომ „ამერიკის ხმა“ ამ ე.წ. ყალბი მედიის ნაწილი არ არის? - ეკითხება მას ჟურნალისტი.

„სიმართლე გითხრათ, ეს ტერმინი „ყალბი მედია“ მე არ მომწონს, რადგან სინამდვილეში, თუ ყალბ ახალ ამბებს გადასცემ, ეს ახალი ამბავი აღარ არის, ეს სიყალბეა“ - აღნიშნავს ამანდა ბენეტი. მისი აზრით, ტერმინს ორი მნიშვნელობა აქვს: ერთი, როცა სიცრუის ცირკულაცია და ტირაჟირება მიზანდასახულად ხდება სხვადასხვა მაქინაციებით და მეორე - როცა მთავრობას არ აწყობს კრიტიკული აზრი, ის ამბობს, რომ ეს „ყალბი ახალი ამბავია“.

ამანდა ბენეტის თქმით, „ამერიკის ხმა“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიულ კვლევით ორგანიზაციებს გამოკითხვებს უკვეთავს, რომელიც წლიდან წლამდე სამაუწყებლო ორგანიზაციის პოპულარობის და ნდობის ხარისხს სწავლობს. „მთელ მსოფლიოში ჩვენი სანდოობის მაჩვენებელი საშუალოდ 65 პროცენტს აჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მაყურებლების, მსმენელების და მკითხველების 65% პროცენტს ჩვენი სჯერა, ჩვენ გვენდობა. ეს არაჩვეულებრივი მაჩვენებელია. არ ვიცი სხვა არცერთი მაუწყებელი, შესაძლოა მხოლოდ „ბი-ბი-სი“ იყოს, რომელსაც მსგავსი ნდობა გააჩნია“ - აცხადებს „ამერიკის ხმის“ დირექტორი.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკა დარწმუნდა, რომ სოციალური მედიის პირობებში, სიმართლის ტყუილისგან გარჩევა თანდათან უფრო რთული ხდება. მკითხველებს უფრო და უფრო უჭირთ ნავიგაცია ინფორმაციის ნიაღვარში, მისი გაფილტვრა, გადამოწმება, ან სანდო წყაროების მოძიება.

ამანდა ბენეტის აზრით, რიგითი მკითხველისთვის სიმართლის მოძიება მართლაც გართულებულია. სწორედ ამიტომ, მაგალითად, რუსეთის რედაქციამ შექმნა ფაქტების გადამოწმების 24-საათიანი სამსახური, რომელიც რუსეთში გამოქვეყნებულ მასალებში პოულობს სიცრუეს და შემდეგ მას დასაბუთებულ პასუხს სცემს. ამანდა ბენეტი დარწმუნებულია, რომ ფაქტობრივი მასალის მოძიება და მოშველიება მასალას მეტ დამაჯერებლობას სძენს.

რა მოხდება, თუკი ვინმე ხელისუფლების აღმასრულებელი შტოდან, ან მთავრობის რომელიმე ოფიციალური პირი „ამერიკის ხმის“ მასალის შინაარსზე გავლენის მოხდენას შეეცდება?

„ეს საკმაოდ იოლია, რადგან ჩვენ ასეთი ინციდენტებისგან კანონი გვიცავს. ამ შემთხვევაში მას, ვინც ზეწოლას შეეცდება, ვეუბნებით: მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ მე არ ვარ ვალდებული ასე მოვიქცე... და თუ შეეცდებით, რომ მაიძულოთ, თქვენ [აშშ-ის] კანონს დაარღვევთ“ - პასუხობს ამანდა ბენეტი. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში კანონის უზენაესობა გარანტირებულია. კანონს აქ პატივს სცემს ხალხი, მთავრობის ყველა შტო, კონგრესი იქნება ეს, თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სასამართლო სისტემა, თუ სხვა რომელიმე ინსტიტუტი - ამბობს ის.

ამანდა ბენეტის აზრით, მედია-გარემო დღეს შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო დაძაბულია, ვიდრე უწინ იყო. თუმცა, „ამერიკის ხმის“ დირექტორი ამბობს, რომ მას ხშირად უწევს მოგზაურობა იმ სახელმწიფოებში, სადაც „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები მაუწყებლობენ და სადაც მათ ბევრ სერიოზულ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება. საბოლოო ჯამში, ამანდა ბენეტი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის მაინც მადლობელია იმ კანონმდებლობის, ცხოვრების წესის და იმ გამოცდილების, რომელიც ამერიკაში დამკვიდრდა და რომელსაც „ამერიკის ხმა“ საკუთარი მაუწყებლობით დანარჩენ ქვეყნებსაც უზიარებს.

„ვყოფილვარ და მინახავს ადგილები, სადაც ჟურნალისტებს გადაღების ადგილიდან ძალით მიათრევდნენ, აპატიმრებდნენ, აპარატურას ართმევდნენ. შემდეგ მათ ოჯახს და ნათესავებს ემუქრებოდნენ. მათ ბევრი საშინელება გადახდათ თავს. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ის, რაც აქ ხდება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით უმნიშვნელოდ მეჩვენება და იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენ ვმაუწყებლობთ, უსამართლობის იმ მასშტაბებს ვერც შევადარებ... ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ თავისუფლად გადავცეთ ის, რისი თქმაც გვინდა და ეს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ჟურნალისტების მოვალეობაა“ - აღნიშნავს ამანდა ბენეტი.

“ამერიკის ხმის“ დირექტორის თქმით, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, სადაც ჟურნალისტობა მართლაც რისკიან, ხიფათის შემცველ პროფესიად ითვლება. „მაოცებს და აღმაფრთოვანებს ჟურნალისტიკის ძალა და ხალხის სურვილი, ამ პროფესიას მიჰყვეს... არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი... და მაინც, რატომღაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, რომელიც ჩვენ კარგად გვესმის და ვაფასებთ, ადამიანებს ამ საქმის კეთება მაინც უნდათ. მათ უნდათ, რომ ნებისმიერ ფასად მაყურებელს ახალი ამბები მიაწოდონ და ჟურნალისტები უზარმაზარი რისკის ფასად, ხალხს სიმართლეს მაინც აწვდიან“.

P.S.

ამანდა ბენეტი პულიცერის ჯილდოს მფლობელი, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალია. ის იყო პირველი ქალი რედაქტორი შეერთებული შტატების ორ წამყვან გამოცემაში: „ფილადელფია-ინქუაიერ“ და „ბლუმბერგ-ნიუს“. ამანდა ბენეტი 6 წიგნის ავტორია. ის „ამერიკის ხმას“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG