ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში საკათედრო ტაძართან მომხდარი თავდასხმის ავტორი ცნობილია


გუშინ, პარიზის პოლიციამ ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის წინ ნაჯახით შეიარარებული თავდამსხმელი მოკლა. საფრანგეთის პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მათი განმარტებით, ამის მიზეზი თავდამსხმელის მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვებია. „ეს სირიისთვის“ - დაიძახა მან მაშინ, როდესაც ნაჯახით ტაძრის შესასვლელთან მდგარ პოლიციელს დაესხა თავს.

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერის დღევანდელი განცხადებით, მოკლული თავდამსხმელი ალჟირელი სტუდენტი იყო, რომელიც პარიზში სადოქტორო თეზისზე მუშაობდა და მისი რადიკალური შეხედულებების შესახებ სამართალდამცველებისთვის მანამდე ცნობილი არ იყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარდ კოლომბის თქმით კი, პოლიციამ თავდამსხმელის ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ადასტურებს. თუმცა პოლიციელები ამბობენ, რომ ის ამჯერად მარტო მოქმედებდა. როგორც ირკვევა, მას თან სამზარეულოს დანებიც ჰქონდა, რაც ანტი-ტერორისტული სამსახურების განმარტებით, ბოლო დროინდელ ტენდენციაზე მიუთითებს, რომ ტერორისტები ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იყენებენ სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. ამის გამო ტერორიზმთან ბრძოლა კიდევ უფრო რთულდება.

დაჭრილი პოლიციელი სტაბილურ მდგომარეობაშია. კოლომბი ამბობს, რომ ევროპელი შინაგან საქმეთა მინისტრები ახლო მომავალში შეხვედრას გეგმავენ და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაუზიარონ ერთმანეთს უკეთ დაზვერვის ინფორმაცია, რათა ტერორიზმთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG