ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის არმია დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამავდროულად სამხრეთ კორეას შურისძიებით ემუქრება. თუ რატომ გაამძაფრა ბოლო დღეებში ფხენიანმა რიტორიკა, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტივ ჰერმანი სამხრეთ კორეიდან არკვევდა.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მას „თანამედროვე და ძლიერი იარაღი“ გააჩნია, რომელსაც ერთი დარტყმით შეუძლია შეერთებული შტატების განადგურება. ფხენიანი ვაშინგტონს მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში სდებს ბრალს. ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა რი ჩინ ჰომ ამ იარაღის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა. მან მუქარით სავსე სიტყვა არმიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქვა. მისი გამოსვლა ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.

ვიცე-მარშალმა რიმ განაცხადა რომ ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს და მოქალაქეებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიმართ შურისძიების წყურვილი ამოძრავებთ. მან კვლავ გაიმეორა მუქარა „წმინდა ომის“ შესახებ და აღნიშნა, რომ ფხენიანი სამხრეთ კორეის პროვოკაციას აღკვეთს. ვიცე-მარშალის გვერდით ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერი კიმ ჩენ უნიც იდგა, თუმცა მას მოსახლეობისთვის არ მიუმართავს. ჩრდილოეთ კორეამ 13 აპრილს მრავალსაფეხურიანი რაკეტა გაუშვა, რომელიც გაშვებიდან ორ წუთში აფეთქდა და ყვითელ ზღვაში ჩავარდა. ფხენიანის მტკიცებით, მათ კოსმოსში თანამგზავრის გაშვება მშვიდობიანი მიზნებით სურდათ. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ფხენიანის ეს განზახვა თავიდანვე დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევად შეაფასა.

რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გაამძაფრა შიშები, რომ ფხენიანი შესაძლოა მესამე ცდისთვის ემზადებოდეს.

ეს ეჭვი ჩრდილოეთ კორეამ თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ აუცილებლად გაიმეორებს რაკეტის გაშვებას. თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე მიწისქვეშა გვირაბის გათხრაა ასახული იმ ადგილზე, სადაც ჩრდილოეთ კორეამ ორი ბირთვული საცდელი აფეთქება განახორციელა. ეს გამოცდები, რომელიც 2006 და 2009 წლებში ჩატარდა, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა.

ფხენიანი განცხადებას სამხრეთ კორეამაც უპასუხა. უნიფიკაციის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ უმჯობესია მთავარი ყურადღება მოსახლეობის გამოკვებაზე გადაიტანოს.

სამხრეთ კორეა მოუწოდებს ფხენიანს უფრო მეტად იზრუნოს საკუთარ ხალხზე და არა ბირთვული იარაღის განვითარებაზე. ფხენიანს ბირთვული ამბიციებისგან თავისშეკავებისკენ შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდა.

XS
SM
MD
LG