ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა სამხედრო ქმედებით იმუქრება


ამერიკული და სამხრეთ კორეული საბრძოლო თვითმფრინავები ერთობლივი სამხედრო წვრთნის დროს. 1 თებერვალი, 2023 წ. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ფოტო.
ამერიკული და სამხრეთ კორეული საბრძოლო თვითმფრინავები ერთობლივი სამხედრო წვრთნის დროს. 1 თებერვალი, 2023 წ. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ფოტო.

პარასკევს, 17 თებერვალს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ფხენიანისგან "უპრეცედენტოდ მტკიცე და ძლიერი" პასუხი იქნება, თუკი სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნების თაობაზე გამოცხადებულ გეგმებს განახორციელებს. სეული ვაშინგტონთან ერთად, ერთობლივი ვარჯიშების გამართვას მომავალ კვირაში გეგმავს. შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებაა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს ბრალი დასდო მხარეებს შორის დაძაბულობის გაზრდაში და ფხენიანზე ზეწოლის ინსტრუმენტად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გამოყენებაში. რეგულარული აქტივობის გარდა, ჩრდილოეთ კორეამ წელს "თავი შეიკავა ნებისმიერი სპეციალური სამხედრო მოქმედებისგან" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მაგრამ, ფხენიანის თქმით, მოკავშირეთა მიერ დაგეგმილი წვრთნები დაძაბულობის ესკალაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.

"თუკი შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა პრაქტიკულად აღასრულებენ უკვე გამოცხადებულ გეგმას სამხედრო წვრთნების თაობაზე, რომელთაც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა აგრესიული ომისთვის სამზადისად მიიჩნევს, ისინი მტკიცე და ძლიერი კონტრქმედების წინაშე აღმოჩნდებიან" - აცხადებს ფხენიანი.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებას 2 საათით წინ უსწრებდა სამხრეთ კორეის მიერ გაკეთებული განცხადება წვრთნების თაობაზე, რომელთაც სეული შეერთებულ შტატებთან ერთად 22 თებერვალს დაიწყებს. აღნიშნული წვრთნები წინ უძღვის კიდევ უფრო მასშტაბურ, გაზაფხულის ტრადიციულ სამხედრო ვარჯიშებს "მშვიდობის ფარი". მათი მიზანი ამერიკის ბირთვული შეიარაღების საოპერაციო მზადყოფნის გაუმჯობესებაა. "მშვიდობის ფარი" მარტის შუა რიცხვებში დაიწყება და 11 დღე გაგრძელდება.

ჩრდილოეთ კორეამ გასულ წელს უპრეცედენტოდ ბევრი რაკეტა გამოსცადა. მათ შორის იყო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ წერტილზე შეეძლებათ მიწვდენა.

XS
SM
MD
LG