ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და იაპონია კავშირის გაღრმავების პირობას დებს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იაპონიის პრემიერს ფუმიო კიშიდას შეხვდა და ბრიუსელსა და ტოკიოს შორის კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მისი მზარდი სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაძაბულ ვითარებას ქმნის.

სტოლტენბერგი იაპონიაში, სამხრეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. სეულს ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა და ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის შესახებ იქაც ისაუბრა.

"მსოფლიო ისტორიულ გარდამტეხ მომენტში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე მწვავე და კომპლექსურ გარემოშია", - განაცხადეს ნატოსა და იაპონიის ლიდერებმა შხვედრის შემდეგ.

განცხადებაში ასევე ხაზგასმული იყო შეშფოთება რუსეთის ბირთვულ მუქარასთან, რუსეთ-ჩინეთის მიერ იაპონიის მახლობლად სამხედრო წვრთნებთან და ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების მცდელობასთან დააკავშირებით.

სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ჩინეთსაც გაამხნევებს, რომელიც თავის მხრივ სამხედრო შესაძლებლობებს თავადაც აძლიერებს და "ავიწროვებს მეზობლებს და ემუქრება ტაივანს".

"ეს ომი არ არის მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. პეკინი ყურადღებით აკვირდება, სწავლობს გაკვეთილებს და ამან შესაძლოა მის მომავალ გადაწყვეტილებებზეც მოახდინოს გავლენა. რაც ევროპაში დღეს ხდება, ხვალ შეიძლება აღმოსავლეთ აზიაში მოხდეს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG